პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ქვეყნის მასშტაბით რაიონულ ორგანიზაციებს ქმნის. ამ პროცესს ხმაური და დაპირისპირება რამდენიმე დიდ ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოჰყვა. რაიონული ორგანიზაცია ჯერ არ დაფუძნებულა გურჯაანშიც. უცნობია როდის ჩატარდება ყრილობა და ვინ მიიღებს მანდატს.
პარტია "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზაციის დაფუძნებას დაპირისპირება სხვა რაიონების მსგავსად გურჯაანშიც მოჰყვა. პარტიაში გაწევრიანების მსურველებს ერთ შემთხვევაში ბლანკის (აპლიკაციის) შევსება კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისში შეეძლოთ, სადაც ამ პროცედურებს ორგანიზებას ხათუნა მაზანიშვილი უწევდა. თავის მხრივ მანდატის მსურველებს გაწევრიანებისკენ ცალკე მიხეილ ფურცელაძეც მოუწოდებდა. ამის გამო გურჯაანელებში დაბნეულობა შეიმჩნეოდა. უჭირდათ გარკვევა, სად უნდა გაევლოთ რეგისტრაცია.
"სპექტრთან~ კომენტარში ხათუნა მაზანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეების გაწევრიანება შეჩერებულია, თუმცა პოლიტსაბჭოს 150 ბლანკი უკვე გადაუგზავნა.
-"გურჯაანიდან, პარტია "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს~" ერთადერთი წევრი ბაზაში აღმოვჩნდი მე. ამიტომ პოლიტსაბჭომ დამავალა რაიონული პარტიის შექმნის ორაგნიზება: დელეგატების შერჩევა, რეკომენდაციების დაწერა, კონფერნციის საკითხების მოგვარება. საერთოდ 150 ბლანკი ჩამოვიტანე, შესაბამისად, ამდენივე მოქლაქე გავაწევრიანე, თუმცა რა თქმა უნდა, ყველა ვერ მიიღებს მანდატს. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ჯერჯერობით გურჯაანის რაიონული პარტიის შექმნის პროცესი შეჩერებულია. ყრილობაზე გადაწყდება რა როგორ იქნება. პარტიების დაფუძნებამ სხვადსხვა რაიონში ხმაური გამოიწვია, მათ შორის გურჯაანშიც. თქვენ იცით, ვის წისქვილზე ასხამს ეს წყალს და ვის აწყობს ქვეყნის შიგნით არეულობა. გურჯაანში მიხეილ ფურცელაძეც აწევრიანებდა პარტიაში მოქალაქეებს, თუმცა მის ამ საქმიანობას ლეგიტიმაცია არ აქვს," _ აღნიშნა ხათუნა მაზანიშვილმა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის აკაკი (ჯონი) ოსიაშვილის მეუღლეა.
რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას მიხეილ ფურცელაძეც აცხადებს. მისი თქმით, გურჯაანში, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეობის კანდიდატად დავით საგანელიძემ წარადგინა.
-"თავიდან გურჯაანში პარტიის თავმჯდომარედ გაგა ღამბაშიძე მოიაზრებოდა. თუმცა ის იგივე პოზიციაზე ლაგოდეხში დაინიშნა. ამის შემდეგ დავით საგანელიძემ გურჯაანში კანდიდატად მე წარმადგინა. მერე აქედან თბილისში ჩავიდნენ და პოლიტსაბჭოში ჩემზე მოგონილი რაღაცები თქვეს. ჯერჯერობით სამი დღე თავს ვიკავებ ამ ადამიანების დასახელებისგან. ახლო მომავალში ამას ყველა გაიგებს. ამ საკითხზე ქალბატონ მანანა კობახიძესაც შევხვდი. ჩემი ინფორმაციით, გურჯაანი ერთადერთი რაიონია, სადაც ამბობენ, რომ ყრილობა არ ჩატარდებაო. ვიმეორებ, პოლიტსაბჭომ გაგა ღამბაშიძის შემდეგ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ წარმადგინა მე, მიხეილ ფურცელაძე. ჩამოვიტანე 150 ანკეტა და გავაწევრიანე მოქალაქეები. მესამე დღეს ხათუნა მაზანიშვილმაც დაიწყო პარტიის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა. ხათუნა მაზანიშვილს თავმჯდომარის მოადგილეობა უნდა, მაგრამ თავმჯდომარედ ისეთი კადრის შერჩევა სურს, რომელსაც თავად მართავს. თუმცა კანდიდატი ვინ არის, არ ვიცი. მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ უსამართლობას არ დავუშვებ. სიმართლეს ყველა მალე გაიგებს," _ აღნიშნა მიხეილ ფურცელაძემ და მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა.
-"მუქარის ზარი იყო ჩემთან შემოსული თბილისიდან, მითხრეს ამ პოზიციაზე პრეტენზია არ უნდა გქონდესო. მინდა განვაცხადო, რომ მე არავისი მეშინია, მისამართი ეშლებათ."
სიტუაციაში უკეთ გასარკვევად "სპექტრი" პოლიტსაბჭოს წარმომადგენლობას დაუკავშირდა. ჯერ არ შექმნილი "ქართული ოცნების" პარტიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თეონა სეფიაშვილმა სატელეფონო საუბარში განგვიცხადა, რომ გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის დაფუძნების საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება, ამ ეტაპზე კი კომენტარს ვერავინ გააკეთებს. კახეთში რაიონული ორგანიზაცია უკვე ჩამოყალიბდა ლაგოდეხის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში.
ლანა გულოშვილი
მასალის გამოყენების პირობები