დღეს, 12 ივნისს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე
სხდომა გაიმართა, სადაც „მუნიციპალიტეტის მერის პირადი განცხადებით
უფლებამოსილების მოხსნის ცნობად მიღების შესახებ“ ისაუბრეს. სხდომას
25 დეპუტატი ესწრებოდა. ზურაბ უტიაშვილი სესიას არ დასწრებია. ის
საკრებულოს თანამშრომლებს დაემშვიდობა და დარბაზი საკითხის
წარდგენამდე დატოვა.
სხდომაზე საკითხი ვლადიმერ მუსალბიშვილმა წარადგინა. მისი თქმით,
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა
პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსის თანახმად, მას უფლებამოსილება, განცხადების რეგისტრაციის
მეორე დღიდან შეუწყდა. ამ ეტაპზე მოვალეობას მერის პირველი მოადგილე,
ლერი გელენავა შეასრულებს.
სხდომის დასასრულს, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
თავმჯდომარე თემურ ბუწაშვილმა დეპუტატებს კითხვით მიმართა, თუ როგორ
შეაფასებდნენ ისინი ზურაბ უტიაშვილის მერობის განვლილ ორ წელიწადს.
თემურ ბუწაშვილის შეკითხვას დეპუტატებიდან არავინ უპასუხა და არც
შეფასება გააკეთა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მეტი ინფორმაციის მისაღებად და
თემურ ბაწაშვილის პოზიციის უკეთ გასაგებად, მას თავად დავუკავშირდით.
მისი აზრით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა ზეწოლის
შედეგად დატოვა.
„საზოგადოებისთვის სხვადასხვა დროს ცნობილი იყო, რომ გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერებს ე.წ კლანთან, ფეოდალებთან ჰქონდათ
დაპირისპირება სხვადასხვა საკითხებზე. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია,
ეს ურთიერთობა იქამდე გამწვავდა, რომ მას [ზურაბ უტიაშვილს] მოუწია,
ზეწოლის შედეგად, განცხადების დაწერა და თანამდებობიდან წასვლა.
შესაბამისად, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ გვექნება
რეალური თვითმმართველობა. მერებს მოუწევთ ე.წ. მარიონეტების როლის
მორგება და იმ გადაწყვეტილების უპირობოდ შესრულება, რომელსაც მათ
უბრალოდ დაავალებენ. რეალურად არჩეულ თანამდებობის პირებს გურჯაანში
არაფერი აქვთ საერთო სახალხო ინტერესებთან. ისინი ემსახურებიან კლანს,
რომელიც არის გადაწყვეტილების მიმღები უკვე ლამის 11 წელია.
შესაბამისად, ხალხის მიერ გაკეთებული არჩევანი არის აბსოლუტური
აბსურდი იმიტომ, რომ რეალურად გადაწყვეტილებებს ხალხის მიერ არჩეული
თანამდებობის პირი არ იღებს. შესაბამისად, თანამდებობის პირს, რომელიც
4 წლით აირჩიეს, უწევს წელიწადნახევარში წასვლა და ძალიან ბევრი
დაპირება რჩება შეუსრულებელი. არჩეული მერი ყველას მერი უნდა ყოფილიყო
- ოპოზიციის, პოზიციის, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების და
ა.შ. შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტი კიდევ ერთხელ დააყენეს
სერიოზული დარტყმის ქვეშ. ეს ყველაფერი სერიოზული პოლიტიკური
კრიზისიდან გამომდინარეობს და ვფიქრობთ, რომ მანამ, სანამ ქართული
ოცნება იქნება ხელისუფლებაში, ჩვენ არ გვეღირსება რეალური
თვითმმართველობა. შესაბამისად, არ გვეყოლება დამოუკიდებელი,
სუვერენული გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირი, რომელიც
გაატარებს ხალხის ინტერესებს და არა - კერძო პირების,“ -ამბობს თემურ
ბუწაშვილი.
მისივე თქმით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ვერ განახორციელა
საკუთარი დაპირებები, რის გამოც, გადადგა.
„ბუნებრივია, როცა კლანი მართავს მუნიციპალიტეტს, შეუძლებელია, რომ
მერმა მიიღოს ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და რეალიზება მოახდინოს
იმ სურვილების, რომელიც მას გააჩნია. ჯერ ერთი, უამრავი დაპირება
გაიცა დივიდენდის სახით და, შესაბამისად, მივიღეთ ის, რომ დღეს გვყავს
გადამდგარი მერი. ვფიქრობ, რომ წინა მერისგან [არჩილ ხანდამაშვილი]
განსხვავებით, ზურაბ უტიაშვილს მეტი თავმოყვარეობა აღმოაჩნდა და დროზე
ადრე შეიწყვიტა უფლებამოსილება იმიტომ, რომ მიხვდა, რეალურად იყო
სათამაშო მმართველი კლანის ხელში,“ - ამბობს ჩვენთან საუბართში თემურ
ბუწაშვილი.
მისი თქმით, მერის ამ ფორმით წასვლა, არის გურჯაანელი ამომრჩევლის
შეურაცხყოფა, რადგან მის განცხადებაში წასვლის მიზეზიც კი არ იყო
განმარტებული.
„შეუძლებელია, ფიქრობდე ერთს და გავალებდნენ ან გაიძულებდნენ მეორის
გაკეთებას. ეს არის 16 ათასი გურჯაანელის შეურაცხყოფა, რომლებმაც
„ქართული ოცნების“ კანდიდატი შემოხაზეს. საერთოდ არ იყო განმარტებული
მერის განცხადებაში, რომელიც საკრებულოში შემოვიდა, რა მიზეზით წავიდა
- პირადი მიზეზის გამო, კონფლიქტის გამო თუ სხვა მიზეზის გამო.
მესმის, რომ მას არ ეყო გამბედაობა, ელაპარაკა ამ პრობლემაზე, მაგრამ,
ფაქტია, რომ სრულიად შეურაცხმყოფელია ეს გადაწყვეტილება. საკრებულოს
სხდომაზეც საკრებულოს ვერც ერთმა ქართული ოცნების აქტიურმა წევრმა,
ვერც სამადლობელი და ვერც აუგი სიტყვა ვერ თქვა. როგორ შეიძლება, რომ
თანამდებობის პირზე, რომელიც მართავს 75 ათასიან რაიონს, ერთ ადამიანს
არ გააჩნდეს საკუთარი სუბიექტური აზრი, რომ შეაფასოს მერის საქმიანობა
წელიწადნახევრიანი იქნება ის თუ ოთხ წლიანი, არ აქვს ამას
მნიშვნელობა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მყოფი
ხელისფლების არცერთი წევრი არ არის დამოუკიდებელი არა მარტო
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, არამედ ვერც გამოხატავენ
დამოუკიდებლად საკუთარ სუბიექტურ მოსაზრებას,“ - ამბობს
ბუწაშვილი.
საინფორმაციო სააგენტო Speqtri.ge ზურაბ უტიაშვილს დაუკავშირდა.
პირველი კითხვა, რაც მას დავუსვით იყო ის, თუ რა გახდა მიზეზი, რომ
ვადაზე ადრე დაეტოვებინა თანამდებობა.
„ხო ნახეთ ჩემი განცხადება, რაც მაგ განცხადებაში წერია, იმაზე მეტი
სათქმელი არაფერი მაქვს. ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს,“ - გვიპასუხა
მან.
ჩვენ შევეცადეთ კვლავ დაგვესვა კითხვა: არის თუ არა მისი ნაბიჯი
ამომრჩევლის შეურაცხყოფა და იმედგაცრუება, იყო თუ არა მასზე ზეწოლა,
ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში? - მაგრამ მან ტელეფონი
გაგვითიშა და ჩვენი შეკითხვები ბოლომდე არც მოისმინა.
ზურაბ უტიაშვილის განცხადება გადადგომის შესახებ იხილეთ
ლინკზე.
მასალის გამოყენების პირობები