საჯარო სამსახურებში ხელფასების ოდენობა ყოველწლიურად, დაახლოებით,
10%-ით გაიზრდება. ამის შესახებ, დღეს, 18 ივლისს მთავრობის სხდომის
შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა
ისაუბრა.
ხუციშვილმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს „ბიუჯეტის შესახებ
კანონით“ განისაზღვრა გარკვეული პრინციპები, როგორ უნდა
მოწესრიგებულიყო საჯარო სამსახურებში შრომის ანაზღაურება. ამისთვის,
საქართველოს მთავრობას დაევალა, რომ კანონპროექტი პარლამენტისთვის
წარედგინა.
„დღეს განისაზღვრა ის ძირითადი პრინციპები, თუ როგორ უნდა მოხდეს
აღნიშნული საკითხის მოწესრიგება გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად,
ჩამოყალიბდა გარკვეული მიმართულებები, თუ რას უნდა ეფუძნებოდეს საჯარო
სამსახურში შრომის ანაზღაურების ნაწილი და ეს მიმართულებები არის
შემდეგი: კერძოდ, 2026 წლის 1-ლი იანვრიდან საბაზისო თანამდებობრივი
სარგო უნდა განისაზღვროს იმ პროცენტული მაჩვენებლით, რომლითაც ბოლო
ოთხი კვარტლის განმავლობაში არასახელმწიფო სექტორში გაიზრდება საშუალო
ხელფასი. ასევე, 2026 წლიდან საბაზო თანამდებობრივი სარგო უნდა
განისაზღვროს ისე, რომ საშუალო ხელფასი სახელმწიფო სექტორში არ იყოს
არასახელმწიფო სექტორში არსებული საშუალო ხელფასის 80%-ზე ნაკლები და
90%-ზე მეტი - ანუ განისაზღვრა ის დიაპაზონი, რა დიაპაზონშიც უნდა
იყოს საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო დონე, კერძო სექტორთან
მიმართებით.
დღევანდელი მოცემულობით საჯარო სამსახურში ხელფასების საშუალო
დონე, კერძო სექტორთან მიმართებით, დაახლოებით, 74%-ს შეადგენს, რაც
ისტორიულად ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. წლების
განმავლობაში ეს მაჩვენებელი იცვლებოდა და იყო 93-94 პროცენტიც, თუმცა
2021 წლისთვის ეს მაჩვენებელი შემცირებულია 74%-მდე. კრიტერიუმები,
რომლებიც განსაზღვრულია მთავრობის დადგენილებით, ნიშნავს იმას, რომ
მომდევნო წლების განმავლობაში 2026-წლამდე, ყოველწლიურად, საჯარო
სამსახურში ხელფასების ოდენობა, დაახლოებით, 10%-ით გაიზრდება
იმისთვის, რომ მიღწეული იქნას ის პარამეტრები, რომელზეც ჩვენ საუბარი
გვქონდა“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები