„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” ინფორმაციით, სახელმწიფო
რწმუნებულის ცხრა ადმინისტრაციის მიერ 2021 წელს გაწეულმა ხარჯებმა
5,567,583 ლარი შეადგინა.
ორგანიზაციის ინფორმაციით, კვლევაში თავმოყრილია მონაცემები
გაცემული შრომის ანაზღაურების, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო
დანამატის, ასევე ადმინისტრაციების მიერ ტელეკომუნიკაციაზე,
მივლინებებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე
გაწეული და წარმომადგენლობითი ხარჯების შესახებ.
ორგანიზაციის მიერ გამოიკვეთა ძირითადი მიგნებები.
„2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციებში გაცემულმა შრომის
ანაზღაურებამ 4,397,668 ლარი შეადგინა, რაც საერთო ხარჯების 80
პროცენტია, ამავე დროს 100,517 ლარით მეტია 2020 წლის ანალოგიურ
მაჩვენებელზე(4,297,151 ლარი);
ამავე პერიოდში დანამატის, ჯილდოსა და პრემიის სახით ჯამში 211,210
ლარი გაიცა, რაც 145,290 ლარით მეტია 2020 წელს გაცემული
პრემია/დანამატის (65,290 ლარი) ოდენობაზე;
სატელეკომუნიკაციო ხარჯებმა 2021 წელს 48,437 ლარი შეადგინა,
მივლინებებზე კი 4,951 ლარი დაიხარჯა;
წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის (კვებისა და რესტორნის მომსახურება,
სასმელი პროდუქტების შეძენა და ა.შ.) სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციებმა 2021 წელს 29,948 ლარი გაიღეს, რომლის ძირითადი
ნაწილი - 18,889 ლარი იმერეთის ადმინისტრაციაზე მოდის.
ადმინისტრაციებს ჯამში ჰყავთ 98 ავტომობილი, (მათ შორის 13
გაუმართავი/ამორტიზებული), რომელთა შეკეთება/დიაგნოსტიკაზე 273,432
ლარი დაიხარჯა;
2021 წელს სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებმა 230,692 ლიტრი
საწვავი გახარჯეს, რომლის 32 პროცენტი - 74,482 ლიტრი უშუალოდ
სახელმწიფო რწმუნებულებზე მოდის;
გახარჯული საწვავის ჯამური ღირებულება 602,937 ლარია;
სახელმწიფო რწმუნებულების ადმინისტრაციებს შორის ყველაზე მეტი
საწვავი, წინა წლების მსგავსად, სამეგრელო-ზემო სვანეთის
ადმინისტრაციამ მოიხმარა - 45,066 ლიტრი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ
113,883 ლარი შეადგინა.
სახელმწიფო რწმუნებულები ყოველთვიურად 400-დან 1200 ლიტრამდე საწვავს
მოიხმარენ. 2021 წელს თანამდებობის პირებს შორის ყველაზე დიდი
ოდენობით საწვავი (10,663 ლიტრი) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო
რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა გახარჯა.“ - აღნიშნულია
კვლევაში.
რაც შეეხება კონკრეტულად კახეთს, სახელმწიფო რწმუნებულის
ადმინისტრაციამ გასულ წელს 68, 087 ლარის ღირებულების 27 416 ლიტრი
საწვავი გახარჯა. უშუალოდ რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა,
ირაკლი შიოშვილმა 6624 ლიტრი საწვავი მოიხმარა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განმარტებით,
საწვავის შეძენასა და ავტომობილების შეკეთებაზე გაწეული ხარჯები
იმდენად მაღალია, რომ მნიშვნელოვანია გასაჯაროვდეს, თუ რა კონკრეტული
უფლებამოსილებების განხორციელებისა და მიზნებისთვის იქნა ეს თანხა
გახარჯული.
აუცილებელია, საწვავისა თუ ავტომობილების არასამსახურებრივი
მიზნებისთვის გამოყენების რისკების შესამცირებლად შემუშავდეს წესები,
რომლითაც მკაცრად დარეგულირდება, თუ როდის და რა სახის
უფლებამოსილების განხორციელებისთვის გამოიყენებენ ავტომობილებსა და
შესყიდულ საწვავს.
მასალის გამოყენების პირობები