„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ა(ა)იპ-ის რეგისტრაციას მხარი არ დაუჭირა
დღეს გურჯაანის თვითმმართველობაში საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა,
რომელსაც 30 დეპუტატი ესწრებოდა.
11-პუნქტიანი დღის წესრიგიდან აზრთა სხვადასხვაობა და კამათი
გამოიწვია „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის -
„გურჯაანის გარე განათების სამსახურის“ დაფუძნების საკითხმა, რომელიც
ნანა ჭაბუკაძემ წარადგინა.
მის ინიციატივას არ დაეთანხმა საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ნაციონალური
მოძრაობის“ თავმჯდომარე, თემურ ბუწაშვილი.
„ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ ა(ა)იპ-ები შევამციროთ და
შესაბამისად, შევამციროთ ხარჯი. თუკი ამ გზით მივიდვართ, რა საჭიროება
მოითხოვს ახალი ა(ა)იპ-ის რეგისტრაციას?“- მიმართა მან გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერს, ზურაბ უტიაშვილს.
მერის განცხადებით, ა(ა)იპ-ების შემცირება ეტაპობრივად
განხორციელდება.
„თუ ა(ა)იპ-ების რაოდენობაზე ვისაუბრებთ, ამ შემთხვევაში, კი არ
გაიზრდება, არამედ ცოტა ხანში ვნახავთ, რომ შემცირდება. დღეს კიდევ
მოისმენთ ა(ა)პ-ების შემცირების, ოპტიმიზაციის შემოთავაზებას -
იგეგმება სამი მათგანის შემცირება. ეს ეტაპობრივი პროცესია,“ -
განაცხადა ზურაბ უტიაშვილმა.
საკრებულოზე აღნიშნეს, რომ ამ წინადადების ინიციატორი იყო ზვიადი
ყვირლაშვილი, რომელიც ააიპ გურჯაანის მუნიციპალური სერვისის
თანამშრომელია და აღნიშნულ მიმართულებას კურირებს. ის მიიჩნევს, რომ
გურჯაანის გარე განათების სამსახურის ფუნქცია უნდა გაემიჯნოს არსებულ
სამსახურს.
მისი განცხადებით, ეს საჭიროა იმისთვის, რომ სამსახურმა შეძლოს
სხვადასხვა საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მიღება თუ დაფინანსების
სხვა წყაროების მოძიება, რათა ამ სექტორმა შეძლოს დარგობრივი
განვითარება.
„მინდა აღვნიშნო, რომ ამ ა(ა)იპ-ს (გურჯაანის მუნიციპალურ სერვისს)
გააჩნია ორი ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაფინანსების საჭიროება
აღარ იქნება. ეს წინადადება რეალურად გულისხმობს ბიუჯეტიდან 700-800
ათასი ლარის დაზოგვას. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე შევამცირეთ ზედმეტი
დანაკარგები,“ - განაცხადა ყვირალაშვილმა.
თემურ ბუწაშვილი კი მიიჩნევს, რომ „ერთი ქოლგის ქვეშ“ ყოფნა არ
გამორიცხავს ახალი ა(ა)იპ-ისთვის იმ ბენეფიტების მიღებას, რომელიც
მისკენაა მიმართული. ამ არგუმენტების გათვალისწინებით ფრაქცია
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალი ა(ა)იპ-ის ჩამოყალიბებას მხარი არ
დაუჭირა.
აზრთა სხვადასხვაობისა და ცხარე კამათის მიუხედავად, აღნიშნული
საკითხი საკრებულომ მაინც დაამტკიცა.
ცნობისთვის, ამავე საკრებულოს სხდომაზე, მომდევნო საკითხად განიხილეს
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების - „გურჯაანის
მუნიციპალური კულტურის ცენტრი„-სა და „მრავალჟამიერი-1“-ის
რეორგანიზაციის დაწყება.
მასალის გამოყენების პირობები