მას შემდეგ, რაც ახლადარჩეული მერები უფლებამოსილების შესრულებას
შეუდგნენ, აქტუალური გახდა საკითხი, დაიწყება თუ არა რეორგანიზაცია
ადგილობრივ თვითმმართველობებში.
წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ როცა სათავეში ახალი ხელმძღვანელი
მოდის, საკადრო ცვლილებები გარდაუვალია. რა შემთხვევაში შეუძლია/არ
შეუძლია თვითმმართველობაში დასაქმებული პირების დათხოვნა სამსახურიდან
ახლადარჩეულ მერს? -ამ კითხვით საზოგადოებრივი საქმეთა ინსტიტუტის
ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ასისტენტ პროფესორს, ნინო
ლოლაძეს მივმართეთ.
- "თვითმმართველობის საკითხებს არეგულირებს ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ კოდექსი, საჯარო მოხელეთა სამსახურში
მიღების წესს კი - საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. განსაზღვრულია
რამდენიმე ტიპის საჯარო მოხელე: საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული
ხელშეკრულებითა და შრომითი ხელშეკრულებით აყვანილი პირები. მერის
წარმომადგენლები არიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით აყვანილი
თანამშრომლები. მათი უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება იმ ადამიანის
უფლებამოსილების ვადით, ვინც ის დანიშნა. ანუ, თუ მერს შეუჩერდა
უფლებამოსილება, ან გადადგა, ან ვადა ამოეწურა, ყველა წარმომადგენელს
უწყდება ხელშეკრულება. ახალ მერს შეუძლია ისევ ამ ადამიანებთან დადოს
ხელშეკრულება, ან სხვა პირებთან. ასევეა მოადგილეების შემთხვევაში,
ისინიც მერის უფლებამოსილების ვადით არიან დანიშნული,"-ამბობს ნინო
ლოლაძე.
მისივე განმარტებით, ახლადარჩეულ მერს სამსახურში კონკურსის გზით
დანიშნული საჯარო მოხელეების გათავისუფლება არ შეუძლია.
"ესენი არიან სამსახურის უფროსები, სპეციალისტები, მთავარი
სპეციალისტები, რომლებიც კონკურსის საფუძველზე მიიღეს, ანუ მუდმივი
საჯარო მოხელეები. მერს არ აქვს მათი პირდაპირ გათავისუფლების უფლება.
ამ ადამიანებს იცავს საჯარო სამსახურის შესახებ კანონი. კანონის
მიხედვით, ამ პირების გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს
დისციპლინური გადაცდომა, ორი წლის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი
შეფასება. შესაძლოა, სამსახურში გამოცხადდეს რეორგანიზაცია.
სტრუქტურის გადაწყობის შემდეგ ყველანი თავისუფლდებიან და ხელახლა
მიმდინარეობს საჯარო მოხელეების დანიშვნა.“
როგორც ნინო ლოლაძე ამბობს, ამ შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობა
გათავისუფლებულებსაც უნდა შესთავაზონ.
მასალის გამოყენების პირობები