ანაზღაურების გარეშე დარჩენილი პოლიტიკური პარტიების აგიტატორები და დამკვირვებლები
ლანა გულოშვილი
"სპექტრის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად ირკვევა, რომ კახეთში პოლიტიკური პარტიების აგიტატორების, აქტივისტებისა და საარჩევნო უბანზე მყოფი დამკვირვებლების უმრავლესობას, რომლებიც წინასაარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები კუთვნილი გასამრჯელო ჯერაც არ მიუღია. ამის შესახებ ისინი თავად საუბრობენ, თუმცა ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებენ იმ მოტივით, რომ პარტიის ხელმძღვანელობა არ გაანაწყენონ და თანხის გადახდაზე საბოლოოდ არ უთხრან უარი.
"თვეების განმავლობაში ჩალაუბანში აგიტატორი ვიყავი. ასევე ვაკვირდებოდი არჩევნებს ამავე სოფელში. გვითხრეს, არჩევნები რომ დამთავრდება, ხელფასს მაშინ მოგცემთო, მაგრამ ჯერ კიდევ მოლოდინის რეჟიმში ვართ," _ ამბობს კოალიცია `ქართული ოცნების~ აქტივისტი ი.კ. იგივე პრობლემაზე საუბრობს `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ მხარდამჭერი ა.ბ
"ვიცოდით, რომ გასამრჯელოს არჩევნების დასრულების შემდეგ ავიღებდით, მაგრამ ასე არ მოხდა. როდესაც ჩვენს კოორდინატორს ვთხოვეთ აეხსნა, რატომ გაჩნდა პრობლემა, გვიპასუხა: `თუკი პარტია 5%-იან ბარიერს გადალახავდა და პარლამენტში შევიდოდა, 100 ლარს მიიღებდით, 15%-ის მოგროვების შემთხვევაში, ჰონორარი 150 ლარი იქნებოდა, ბარიერს თუ ვერ გადავლახავდით, 50 ლარი.~ მაგრამ პრობლემა ის არის, რომ თავდაპირველად ჩვენთვის ასე დეტალურად არავის არაფერი უთქვამს. ადრევე რომ მცოდნოდა, მაშინვე მივიღებდი გადაწყვეტილებას, მიღირდა თუ არა, ამ პირობებით მუშაობა.Dჩვენთან შედეგებზე არავის უსაუბრია, დაპირება ასეთი იყო, რომ ას ლარს მივიღებდით.Bუამრავი მცდელობის შემდეგ, როგორც იქნა, 50-50 ლარი დაგვირიგეს. თურმე სხვა მუნიციპალიტეტებში ესეც არ აუღიათ," _ გვითხრა `ქდმ~-ს აგიტატორმა.
წინასაარჩევნო კამპანიისას გაწეული შრომის დაუფასებლობაზე ლაპარაკობენ `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ აქტივისტებიც. "თვენახევარზე მეტია, რაც არჩევნები დამთავრდა, მაგრამ ზოგიერთ ჩვენგანს ხელფასი ჯერაც არ აუღია. როგორც გავიგე, არც დამკვირვებლებისთვის აუნაზღაურებიათ თანხა. ახლა გვეუბნებიან, ხელფასებს ვერ მიიღებთ, რადგან `ნაციონალურმა მოძრაობამ~ საკმარისი მანდატები ვერ მოაგროვაო. ვისაც თანხის ჩარიცხვა ევალებოდა, პირობას ცვლის."
`სპექტრი~ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარების მისაღებად ზემოთ ხსენებული პარტიების წარმომადგენლებს დაუკავშირდა. კოალიცია `ქართული ოცნების~ გურჯაანის შტაბის წევრი და აქტივის კოორდინატორი გია ჩეკურიშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები ხელფასებს უახლოეს მომავალში აიღებენ. "ანაზღაურება ჯერ არც თბილისსა და სხვა რეგიონებში გაცემულა, შესაბამისად, გამონაკლისი გურჯაანი ვერ იქნებოდა. გადაგზავნილი მაქვს კოორდინატორებისა და ქვეკოორდინატორების სია და პასუხს ჩვენც ველოდებით.Yალბათ, თანხის გაცემა ყველგან ერთნაირად დაიწყება. ზუსტად ვერ გეტყვით ეს როდის მოხდება, რადგან გადაწყვეტილებას ცენტრალური ოფისის საფინანსო განყოფილება იღებს. ამ დროისთვის ხელფასები მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო კომისიის წევრებს და წარმომადგენლებს აქვთ მიღებული. ვიმეორებ, სიები გადაცემულია და ანაზღაურების გარეშე არავინ დარჩება," _ განაცხადა გია ჩეკურიშვილმა. გურჯაანის მუნიცპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ზაქარია იაგანაშვილი ამბობს, რომ ხელფასები თითქმის ყველამ მიიღო. "ამ ადამიანების ძირითადმა ნაწილმა ჰონორარი უკვე აიღო. თუკი ვინმე დარჩა, ვისაც ანაზაღაურება არ მიუღია, აუცილებლად გავარკვევ. ამ ეტაპზე დანარჩენს ვერაფერს გეტყვით." გურჯაანში `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ პარტიის თავმჯდომარე და არჩევნებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო მურაკაშვილი კი განმარტავს, რომ ბარიერის მიღმა დარჩენის მიუხედავად, მათმა წარმომადგენლებმა გურჯაანში 50-50 ლარი მაინც მიიღეს. "იმ ფონზე, როდესაც პარტია საერთოდ ვერ შევიდა პარლამენტში, რაც ზოგ შემთხვევაში აგიტატორების მუშაობის ხარისხმაც გამოიწვია, `ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას~ პასუხისმგებლობისთვის თავი არ აურიდებია და ჩვენმა აგიტატორებმა 50 ლარი მაინც მიიღეს. მაშინ, როდესაც ჩვენი ინფორმაციით, ეს პრობლემა ჯერ კიდევ დგას საპარლამენტო პარტიების აქტივისტებთან მიმართებაში," _ განაცხადა ნინო მურაკაშვილმა. "სპექტრის" რესპონდენტები კი იმედს იტოვებენ, რომ მათი შრომა დაუფასებელი არ დარჩება და პოლიტიკური პარტიები საკუთარ ვალდებულებებს არ გაექცევიან.
მასალის გამოყენების პირობები