თვითმმართველობა
"დღეის შემდეგ მართლა მრცხვენია, რომ ქართველი ვარ"
მარინა პეტრიაშვილი
31 ივლისს ქალაქ გურჯაანში დიდების მემორიალზე `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ წევრებმა კახეთის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. წინასაარჩევნო დაპირებების შემდეგ პარტიის ლიდერებმა დამსწრე საზოგადოება იქვე გაშლილ გრანდიოზულ სუფრასთან მიიწვიეს. ამ ნაბიჯს საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
`ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ (ქდმ) მიერ გურჯაანში გამართულ შეხვედრაზე ხალხი თითქმის ყველა რაიონიდან დაქირავებული სამარშრუტო ტაქსებით ჩამოვიდა (ზოგიც თავად ჩამოიყვანეს). მათი რიცხვი ადგილობრივ მოსახლეობას ბევრად აღემატებოდა. სცენაზე სიტყვით პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძე გამოვიდა და შეკრებილ მოსახლეობას ერთიანობისა და მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. `დღეს აქ მოვიდა მთელი კახეთი. აქედან წასული ადამიანი შეუძლებელია დიდი სითბოთი და სიყვარულით გამთბარი არ დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახს, თავის კუთხეს. დღეს კახეთი ყველაზე მეტად არის დაზარალებული, მაგრამ მას საქართველოსთვის არაერთხელ მიუცია შეუდრეკლობის მაგალითი. ჩვენ გამარჯვების ძალიან დიდი იმედი გვაქვს და რაც უფრო მეტად ახლოვდება საარჩევნო თარიღი და დღე, მით უფრო მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ `ქრისტიან-დემოკრატიული~ მოძრაობა ძალიან დიდ გამარჯვებას მიაღწევს. ჩვენ უკვე ძალიან ბევრნი და ძალიან ძლიერები ვართ," _ განაცხადა გიორგი თარგამაძემ.
მიკროფონთან ერთმანეთს ენაცვლებოდნენ მაგდა ანიკაშვილი, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და სხვა ლიდერები. "ჩვენი პარტია ყოველთვის ხალხის გვერდით იდგა და დგას კიდეც. ამ დღეებში როცა ყველაზე მეტად უჭირდა კახეთს, თუ ვინმე იყო აქ მოსული, თუ ვინმე თქვენს ოჯახებში შემოდიოდა და მუშაობდა, ეს იყო სწორედ `ქრისტიან-დემოკრატიული~ პარტია. არასოდეს გაუწყვეტიათ ჩვენს წევრებს ურთიერთობა საკუთარ ხალხთან და სხვებივით არ დაუწყიათ მაღალი ტრიბუნებიდან საუბარი. დაგვიდექით მხარში, თუ გინდათ ისეთ საქართველოში ცხოვრება, სადაც ჩვენს შვილებს ექნებათ განათლება, სადაც მათ მშობლებს ექნებათ დასაქმება, ხოლო ჩვენს პენსიონერებს ექნებათ ღირსეული პენსია და დაფასება. ვეღარ გადაარჩენს სააკაშვილს მითიური დაპირებები, ვეღარ გადაარჩენს ვერც მერაბიშვილს ათასლარიანი ვაუჩერები, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, არც ერთ თქვენგანს აღარ სჯერა მათი. ამ მთავრობის სირცხვილია, როცა ხალხი სამუშაოს საძებნელად უცხოეთში გარბის. მინდა მოვუწოდო საქართველოს პრეზიდენტს, ნუ იყენებს ბოროტად საკუთარ თანამდებობას წინასაარჩევნოდ, ნუ ეწევა საკუთარი პოლიტიკური გუნდის საარჩევნო კამპანიას, ერთხელ მაინც უნდა ჩატარდეს ამ ქვეყანაში ისეთი არჩევნები, სადაც პრეზიდენტები გაემიჯნებიან თავიანთ პოლიტიკურ გუნდებს! დღეს ბოროტად იყენებს სააკაშვილიც და მისი გუნდიც სახელისუფლებო რესურსებს, ფულს, ძალაუფლებას. გადადგეს სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან და არც ერთი კაცი საქართველოში ხმას აღარ მისცემს მას! მე და ჩემი პარტიის წევრები არასოდეს არ დავდგებით იმის მიღმა, რაც ქვეყანაში მოხდება,"_ განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
ამის შემდეგ პარტიის ლიდერების წინამძღოლობით ხალხი `მარადიული ცეცხლის~ ირგვლივ გაშლილი მაგიდებისკენ გაემართა, სადაც `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ მესვეურების ინიციატივით სუფრა იყო გაშლილი. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის თქმით, ეს ყველაფერი აქტივისტების მიერ იყო ორგანიზებული და არა პარტიის ხარჯებით. "გამომდინარე იქიდან, რომ აქ ვაპირებდით ჩამოსვლას და შეხვედრას ღია ცის ქვეშ ვგეგმავდით, ჩვენმა მხარდამჭერებმა გამოთქვეს სურვილი, სახლებიდან საგზალი წამოეღოთ და ამ შეხვედრისთვის რაღაც თავისებური ფორმა მიეცათ, რადგან გამორიცხულია ადამიანი კახეთში ჩამოვიდეს და ერთი ჭიქით არ დაილოცოს. როდესაც თავისი აზრი გაგვიზიარეს, ვურჩიეთ, რომ სხვა პროდუქტის წამოღებას, სჯობდა თითო ულუფა ხორცი ეყიდათ, რომელსაც მერე ყველანი ერთად შევწვავდით და ასეც მოიქცნენ," _ გვითხრა გიორგი ახვლედიანმა. როგორც `სპექტრს~ სანდო წყარომ განუცხადა, `ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ~ გურჯაანის აგრარულ ბაზარს 300 კილოგრამი ხორცი შეუკვეთა, საბოლოო ჯამში კი სულ 500 კილოგრამი ხორცი შეწვეს."დღეს ყველა საქმემ ჩემს კისერზე გადაიარა. 500 კილო ხორცს მოტანა არ უნდოდა? ეხლა კიდევ შეწვაც ეზარებათ," _ აღნიშნა შეხვედრის დღეს `სპექტრთან~ პირად საუბარში `ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის~ გურჯაანის ოფისის წარმომადგენელმა ნინო მურაკაშვილმა.
`ქრისტიან-დემოკრატების~ ამ ინიციატივას, მოსახლეობის ერთი ნაწილი დადებითად, ხოლო მეორე უარყოფითად შეხვდა. "არასდროს გამიგია და არ ვყოფილვარ მსგავს ღონისძიებაზე. დღევანდელი აქცია ნამდვილად არ მომწონს, ამდენი პური და ხორცი ერთად არც მინახავს. ძალიან კი სპეკულირებენ იმით, რომ კახეთი დაზარალდა და უკიდურესად გაჭირვებულია, სწორედ ამ მიზეზით, სჯობდა, რაც აქ დაიხარჯა, იმ გაჭირვებული ხალხისთვის მიეცათ, ეს უფრო უკეთესი იქნებოდა. მე რუსთავიდან ვარ, დამაინტერესა და აქ იმიტომ მოვედი. მართალი გითხრათ, უფრო სხვა რამეს ველოდი და არა ასეთ ღრეობას," _ გვითხრა ციალა გელაშვილმა.
ლაგოდეხელმა სოფიკო ელაშვილმა და მარი დრუგოვამ აქ მოსვლამდე არ იცოდნენ, სად და რისთვის მოდიოდნენ. `ლაგოდეხიდან მარშრუტკით ჩამოვედით. არაფერი არ ვიცით რა ხდება და რისთვის მოგვიყვანეს, აქ შემთხვევით მოვხვდით. ჩამოსვლა დაგეგმილი ნამდვილად არ გვქონდა. ჯერ ეხლა მოვედით და გადავხედავთ, აბა, რა ხდება," _ აღნიშნეს გოგონებმა. მოხუცმა მამაკაცებმა, რომლებმაც სახელისა და გვარის დასახელებისგან თავი შეიკავეს, ჩვენს კითხვაზე _ იცოდნენ თუ არა აქ რისთვის იყვნენ მოსულები, ასეთი პასუხი გაგვცეს: "საგარეჯოელი მგზავრები ვართ და წამოვედით. გვითხრეს, რომ მწვადები უნდა შევწვათო. ეს აქცია ნამდვილად მოგვწონს." შეხვედრის მიმდინარეობით კმაყოფილები იყვნენ თვით `ქრისტიან-დემოკრატების~ აქტივისტები. "ძალიან მომწონს. პარტიის ლიდერებს თავისი პატივისცემა აქვთ ჩადებული, უყვართ გლეხი ხალხი და ამით თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. ცდილობენ მათ დაეხმარონ. ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია," _ გვითხრა აქტივისტმა ქეთინო ხელაშვილმა.
საპირისპირო აზრს გამოხატავს თბილისელი ქალბატონი ჟანა ჩოჩუა. მისი თქმით, ის რაც მან ნახა, ამაზრზენია. "მე თბილისიდან სტუმრად ვარ ჩამოსული. საღამოობით სუფთა ჰაერზე გამოვდივართ ხოლმე მემორიალზე და ამ სიტუაციას შემთხვევით შევესწარი. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი და ამაზრზენია. რაც დღეს მოვიხილე, ასეთი რამ არსად მინახავს, ხალხი დამშეული მიესია სუფრას. თასებით მიარბენინებდა ხორცს და მანქანებში ყრიდა. გულწრფელად ვამბობ, დღევანდელი ამბის შემდეგ, მართლა მრცხვენია, რომ ქართველი ვარ."
მაგიდასთან ხალხი ერთმანეთს ეცილებოდა, ადგილი რომ არ ჰყოფნიდათ, გარკვეულმა ჯგუფმა სუფრა მემორიალის კედელზე მოიწყო. ჩამოსულმა მხარდამჭერებმა შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დამთავრებასაც არ დაუცადეს და ჭამა-სმა დაიწყეს. მოგვიანებით კი, სუფრას ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე და ლიდერებიც შეუერთდნენ. თამადობის მისია თვით პარტიის თავმჯდომარე გიორგი თარგამაძემ იკისრა. ნადიმი დაღამებამდე გაგრძელდა. მეორე დილით კი, დიდების მემორიალი `ნაომარს~ ჰგავდა, სადაც წალმის კონებთან ერთად, ხორცის, საჭმლისა და ქაღალდის ნარჩენები ეყარა. ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან ამ ფაქტს მწვავე რეაქცია მოჰყვა. "ქრისტიან-დემოკრატებმა ამ ნაბიჯით არამარტო კახელ მოსახლეობას მიაყენეს შეურაცხყოფა, საკუთარი თავიც გაიმასხარავეს. არ შეიძლება ხალხი მხოლოდ ჭამის გამო შეკრიბო, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ არანაირი წონა და ავტორიტეტი არ აქვთ საზოგადოებაში. მით უმეტეს, ეს ტერიტორია გურჯაანელებისთვის საამაყო ადგილია. პირდაპირ სამამულო ომის გმირების გვარ-სახელებთან დაანთეს ცეცხლი მწვადებისთვის, ეს ამაზრზენია," _ ამბობს გულნაზ უტიაშვილი.
"როდესაც პოლიტიკურ პარტიას არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს და ამომრჩევლების მხარდაჭერას ამ გზით ცდილობს, სხვა არაფერია, თუ არა მარაზმი. განსაკუთრებით გულსატკენია, როდესაც ამას `ქრისტიან დემოკრატიული~ პარტია აკეთებს, მაშინ როდესაც ქრისტიანობას ასეთ ღრეობასთან საერთო არაფერი აქვს. მათ ქმედებაში ნამდვილად არ იგრძნობა არც ილია ჭავჭავაძის იდეოლოგიის გაგრძელება, რასაც გიორგი თარგამაძე და მისი გუნდი გვიკიჟინებს," _ გვითხრა ვ. ბერიძიშვილმა.
გურჯაანელი მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ სხვა პარტიები მაინც ჯეროვნად დააფასებენ და მათთან შეხვედრისას პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად მსგავს მეთოდს არ გამოიყენებენ. აქვე შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ქდმ-ს მიერ გურჯაანში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: `სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2012 წლის 31 ივნისს, პოლიტიკური გაერთიანება „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ორგანიზებით გურჯაანში, დიდების მემორიალზე, კახეთის მოსახლეობასთან გამართული შეხვედრისას ჩატარებული ღონისძიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლის მიზნით". აღნიშნული განცხადება ამ უწყებამ 2 აგვისტოს გაავრცელა.
მასალის გამოყენების პირობები