ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ
მარინა პეტრიაშვილი
`ქართული ოცნების~ აქტივისტები მათ მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებზე დაუფარავად საუბრობენ. როგორც `სპექტრისთვის~ გახდა ცნობილი, რამდენიმე დღის წინ ამ პარტიის აქტივისტს გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ლეილა ქუმსიაშვილს, გამგეობის წარმომადგენლები მაშინ ეწვივნენ, როდესაც თავად სახლში არ იმყოფებოდა.
"რამდენიმე დღის წინ ჩვენს უბანში გამგეობიდან გოგებაშვილი და რამაზაშვილი მოვიდნენ და ხალხის გამოკითხვა დაიწყეს. სახლში მხოლოდ ჩემი მეუღლე იყო. უკითხვათ, მხარს ვის უჭერთ, ივანიშვილს თუ სააკაშვილსო? ჩემს მეუღლეს ასეთი პასუხი გაუცია: არც ერთს და არც მეორესო. ამ პასუხის მოსმენის შემდეგ, უთქვამთ: სააკაშვილი გასაგებია, მაგრამ ივანიშვილს რატომ არ უჭერთ მხარსო? იცოდნენ, რომ მე პარტიის აქტივისტი ვიყავი. ჩვენიდან, რომ წავიდნენ იმ გოგონებთან მისულან ოჯახებში, ვინც პარტიიდან `კარდაკარის~ კომისიაში იყვნენ ჩართულები. ერთის მამა ტაქსის მძღოლია, ხოლო მეორის ძმა საკონტრაქტო ჯარშია. პირდაპირ გაუფრთხილებიათ: იცოდეთ, რომ პრობლემები შეგექმნებათ, მამაშენს ჯარიმას ავკიდებთ, შენ ძმას კიდევ საკონტრაქტო ჯარიდან გამოვუშვებთო," _ გვითხრა ქალბატონმა ლეილამ.
როგორც კოალიცია `ქართული ოცნების~ გურჯაანის ოფისის შტაბის უფროსმა აკაკი ბეგაშვილმა აღნიშნა, მათი პარტიის მხარდამჭერებსა და აქტივისტებზე მუდმივი ზეწოლა მიმდინარეობს. "პრაქტიკულად ყველა იმ ადამიანზე ხორციელდება ზეწოლა და მუქარა, ვინც ჩვენთან რაიმე სახით არის დაკავშირებული, არა აქვს მნიშვნელობა აქტივის წევრია თუ მხარდამჭერი. ოფისში ხშირად მოდის მსგავსი შეტყობინებები, ეს არის ძირითადად მუქარა მათი ოჯახის წევრების მისამართით. ჩემს მიმართაც სხვადასხვა ფორმით იყო ზეწოლის ფაქტები. ხელისუფლებამ თავისდაუნებურად ძალიან კარგად გააკეთა ჩვენი საქმე. ბევრი აქტივისტი წავიდა პარტიიდან, რადგან ზეწოლას ვერ გაუძლო, მაგრამ ისინი, ვინც ვაჟკაცურად დახვდნენ, დარჩნენ და ახლებიც მივიღეთ. ეხლა კი მიუხედავად ამდენი მუქარისა, უკვე ვეღარავის აშინებენ. ამიტომ ეკუთვნის `მადლობა~ ხელისუფლებას, რადგან საშუალება მოგვცა დაგვეხვეწა კადრები, რომლებიც ვაჟკაცურად უმკლავდებიან მათ."
ფაქტების გადასამოწმებლად გურჯაანის მუნიციპალიტეტის აპარატის უფროსს დავით გოგებაშვილს მივმართეთ, რომელმაც მის მიმართ წაყენებული ბრალდება უარყო და აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი მოგონილია. "ამდაგვარი ფაქტი ჩვენი მხრიდან არასოდეს ყოფილა. ეს ყველაფერი ტყუილია და პირველად თქვენგან გავიგე. ამას მე სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ."
მასალის გამოყენების პირობები