ლანა გულოშვილი
14 მაისს გურჯაანის კულტურის ცენტრში `ქართული ოცნების~ პარტიის წევრებმა მოსახლეობასთან შეხვედრა გამართეს. გურჯაანელებს ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე, კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მოახლოებულ არჩევნებზე ესაუბრნენ. მათ ვიზიტს თვალს ადევნებდნენ მმართველი გუნდის წარმომადგენლები, რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებასაც აწარმოებდნენ. ამ ფაქტს მოსახლეობის მხრიდან გაღიზიანება მოჰყვა.
შეხვედრა, რომელიც `ქართული ოცნების~ წარმომადგენლებმა გურჯაანის მოსახლეობასთან გამართეს, თითქმის 2 საათს გაგრძელდა. ელექტორატს სიტყვით მიმართეს `რესპუბლიკელმა~ თინა ხიდაშელმა, `კონსერვატორებმა~ ზვიად ძიძიგურმა და ბიძინა გუჯაბიძემ, პარტიის პირველმა ნომერმა მანანა კობახიძემ, მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილმა და მსახიობმა ნინელი ჭანკვეტაძემ. კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, კახეთის რეგიონის, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელი იმყოფებოდა. მუქი ფერის ავტომანქანაში მყოფი უცნობი ადამიანები ფოტო-ვიდეო გადაღებას აწარმოებდნენ, რამაც საზოგადოების გაღიზიანება გამოიწვია. ისმოდა მოქალაქეთა რეპლიკებიც: `გადაგვიღეთ, გადაგვიღეთ.~
აღნიშნული ფაქტის შესახებ `ქართული ოცნების~ გურჯაანის ოფისი წარმომადგენელმა, `რესპუბლიკური~ პარტიის წევრმა ზვიად ყვირალაშვილმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:
"ჩვენ დასამალი და დასაფარი არაფერი გვაქვს, რაც უნდათ, ის გადაიღონ და კარგად დაინახონ რამდენი ადამიანი მოვიდა." `კონსერვატორი~ ბიძინა გუჯაბიძე შეხვედრაზე თანამოაზრეებთან შედარებით ადრე მოვიდა და დამსწრე საზოგადოებას ბიძინა ივანიშვილის სახელით ბოდიში მოუხადა.
"ბატონმა ბიძინამ დღეს ჩამოსვლა ვერ მოახერხა, რის გამოც ბოდიშს გიხდით. თუმცა ის ყოველთვის თქვენს გვერდით დგას და არასოდეს მიგატოვებთ." _ აღნიშნა ბიძინა გუჯაბიძემ.
მოგვიანებით შეხვედრა `ქართული ოცნების~ გურჯაანის შტაბის უფროსმა აკაკი ბეგაშვილმა გახსნა და სიტყვა მოჭადრაკე ზურაბ აზმაიფარაშვილს გადასცა. მან კახელების მისამართით თბილი სიტყვები არ დაიშურა, ხალხს თანდგომა აღუთქვა, კახელი ხალხის გონიერებას გაუსვა ხაზი და აღნიშნა:
"კახელი რასაც გვეტყვის ის დიაგნოზია, დანარჩენი ყველაფერი ფილოსოფიაა."
ერთმანეთის თანამიმდევრობით გამოვიდნენ ნინელი ჭანკვეტაძე, თინა ხიდაშელი, ბიძინა გუჯაბიძე, ზვიად ძიძიგური და მანანა კობახიძე. თითქმის ყველა პოლიტიკოსი შეეხო სოფლის მეურნეობის თემას. აქცენტი გააკეთა კახეთში ვაზის გადაშენებაზე და ამის დასტურად გურჯაანელი გლეხის ავთო ყალაბეგაშვილის ისტორია მოიშველიეს. მისი ამბავი ვენახის გაჩეხვის თაობაზე, პოლიტიკოსებმა ხელისუფლების მხრიდან კახელი გლეხის უპატრონობისა და უყურადღებობის მაგალითად მოიყვანეს. ამის შესახებ `სპექტრთან~ საუბარში ბიძინა გუჯაბიძემაც აღნიშნა.
"დღეს ჩვენ გურჯაანში ვიმყოფებით, რათა მოსახლეობის გასაჭირი მოვისმინოთ და დავეხმაროთ. ამ ქალაქში ხშირად ჩამოვდივარ, აქაურმა გლეხმა, ავთო ყალაბეგაშვილმა ვენახი რომ გაჩეხა, მაშინაც აქ ვიყავი. შევეცადე მისთვის ეს განზრახვა გადამეფიქრებინა, თუმცა ჩვენმა ხელისუფლებამ კაცი იმ ზომამდე მიიყვანა, რომ ვეღარაფერს გავხდი. ბიძინა ივანიშვილი ემზადება ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად, რათა ქვეყანა უმძიმესი მდგომარეობიდან გამოიყვანოს."
თავად ავთო ყალაბეგაშვილი შეკრებაზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. მან გვითხრა, რომ "ქართული ოცნების" აქტივისტია და იმედი აქვს, პარტია არჩევნებში გამარჯვებას მიაღწევს.
`მჯერა, ბიძინა ივანიშვილი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს და ხალხსაც ეშველება," _ გვითხრა ავთო ყალაბეგაშვილმა.
თინა ხიდაშელმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ეს არჩევნები ყველაზე რთული იქნება, რადგან რეალური კონკურენტის შემხედვარე მიხეილ სააკაშვილი შეშინებულია. პოლიტიკოსის თქმით, მოსახლეობაში არსებული განწყობა გამარჯვების იმედს აძლევთ.
"ვფიქრობ, რომ არჩევნები საკმაოდ მძიმე იქნება, ხელისუფლება უცილობო მარცხის მოლოდინშია, ამიტომ ყველაფერს აკეთებს, რომ დაგვიპირისპირდეს და პრობლემები შეგვიქმნას. მეშინია, მიშა სააკაშვილს ძალაუფლების დაკარგვის შიშმა ხელი არ ააღებინოს რაციონალურ აზროვნებაზე, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ არაფრის დათმობას, არ ვაპირებთ რომ ეს ქვეყანა დავუტოვოთ ერთმუჭა ადამიანებს მოსაპარად და გასაუბედურებლად. ამ რვა წლის განმავლობაში მათ ბევრი დააშავეს და გააფუჭეს. როდესაც წნეხის მიუხედავად, შეხვედრაზე ამდენი ადამიანი მოდის, ეს ნიშნავს, რომ გამარჯვება ახლოსაა."
თინა ხიდაშელმა კომენტარი IRI - ის კვლევაზეც გააკეთა, რომლის მიხედვითაც `ქართულ ოცნებას~ კახეთში მხარს ამ ეტაპზე მოსახლეობის 1% უჭერს.
"მე არ მაინტერესებს IRI-ის კვლევა. ჩვენ 6 წელია პრეტენზიებს გამოვთქვამთ ამ ორგანიზაციის მისამართით, რადგან როდესაც არ იცი, ვინ ატარებს გამოკვლევას, როგორ ატარებეს, წარმოდგენა არ გაქვს მის თეორიაზე, ძნელია სერიოზული დასკვნები გააკეთო."
ზვიად ძიძიგურმა შეკრების დასრულების შემდეგ, მოსახლეობასთან საუბარი უკვე დარბაზის ფოიეში გააგრძელა. ის თამაზ თამაზაშვილის თემას შეეხო და ამ პიროვნების მისამართით გავრცელებული ინფორმაცია უბრალო ფაბრიკაციად შეაფასა. `სპექტრთან~ კომენტარში კი ძიძიგურმა განაცხადა, რომ მოსახლეობას არაფრის ეშინია.
"შეხედეთ ჩვენს მხარდამჭერებს გურჯაანში. ტყუილია, თითქოს, ხალხს გული უსკდება. არავის არაფრის ეშინია! ვისაც რამის ეშინია, ის უბედურია, რადგან შეშინებული ადამიანი ბედნიერი არ მინახავს. დღეს გურჯაანის დარბაზში 1000 კაცი იყო მოსული. ასევე მინდა განვაცხადო, რომ საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია სამოქალაქო სექტორი, რომლებიც ამბობენ რომ ნებისმიერი პოლიტიკური ზეწოლის შემთხვევაში ადამიანებს მხარში ამოუდგებიან."
ამ შეხვედრასათან დაკავშირებით დამსწრე საზოგადოებას გავესაუბრეთ. უმრავლესობა დიქტოფონის და ფოტოკამერის დანახვისას თავს გვარიდებდა. თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც კომენტარი ღიად გააკეთეს. გივი გოგინაშვილი შეხვედრაზე იმიტომ მოვიდა, რომ ბიძინა ივანიშვილთან სურდა შეხვედრა.
"დღეს აქ იმიტომ მოვედი, რომ ღმერთკაცი უნდა ვნახო. მე მჯერა მისი და დარწმუნებული ვარ, ქართველებს იმედს არ გაგვიცრუებს."
მსგავსი განწყობა ჰქონდა მანანა სპარსიაშვილსაც. მისი თქმით, `ქართული ოცნებაში~ ქართული სულია ჩადებული.
"დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილი თავის თანაგუნდელებთან ერთად აუცილებლად გაიმარჯვებს და საქართველოში სიმართლე იზეიმებს. ქართული სული გაცოცხლდება," _ გვითხრა მან.
`ქართული ოცნების~ ლიდერებს შეხვდნენ ყოფილი კომუნისტებიც, რომლებიც დღეს ქვეყნის ხსნას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ.
"ჩვენ "ქართულ ოცნებას" ახლახანს შევუერთდით და მინდა გითხრათ, რომ პარტიის ლიდერების გამოსვლა მომეწონა. ძალიან გავმხიარულდი მსახიობი ქალბატონის ხუმრობაზე (ნინელი ჭანკვეტაძემ გამოსვლისას ანეგდოტი მოყვა კახელსა და იმერელზე. ავტ.). მომავალი გვიჩვენებს რა იქნება, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია. რომ უმრავლესობით, ქვეყანა `ქართულმა ოცნებამ~ მართოს," _ გვითხრა გურამ ფროდიაშვილმა.
შეხვედრა ბერა ივანიშვილის ვიდეო რგოლით დასრულდა. პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან საუბარი კულტურის ცენტრის ეზოში განაგრძეს, ცოტა ხანში კი სტუმრებმა აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. შეკრებამ ინციდენტის გარეშე ჩაიარა.
მასალის გამოყენების პირობები