ლანა გულოშვილი
გურჯაანში პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ შტაბის უფროსი ზვიად ყვირალაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. მას მუნიციპალიტეტის შ.პ.ს `კეთილმოწყობაში~ დირექტორის მოადგილის თანამდებობა ეკავა და შრომითი ხელშეკრულება 2012 წლის პირველ მაისამდე ჰქონდა გაფორმებული. აღნიშნულთან დაკავშირებით გასულ კვირას ზვიად ყვირალაშვილმა `ქართული ოცნების~ ადგილობრივ ოფისში პრესკონფერენცია გამართა.
მისი თქმით, ეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ზეწოლა და შანტაჟია, თუმცა მის დაშინებას და გაჩუმებას ვერ შეძლებენ.
"მე გურჯაანის "ქართული ოცნების" შტაბის წევრი ვარ და 6 მარტს ოფისის გახსნას ორგანიზება გავუკეთე. ამავდროულად ვმუშაობდი შ.პ.ს. "კეთილმოწყობაში", რომელიც საკრებულოს შ.პ.ს-ა და 2011 წლის 1 თებერვალს დაარსდა. ამ სამსახურში დირექტორის მოადგილის თანამდებობა მეკავა. ორგანიზაცია მხოლოდ და მხოლოდ თვითდაფინანსებაზეა. ამ ხნის განმავლობაში მოვახერხეთ ის, რომ ვიხდით დღგ-ს. დასაქმებული გვყავს 14 ადამიანი, ვავსებთ ადგილობრივ ბიუჯეტს. დღეს სამსახურში დამხვდა ბრძანება, რომელშიც წერია, რომ გათავისუფლებული ვარ შრომითი კოდექსის 37-ე მუხლის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, რაც ითვალისწინებს ხელშეკრულების დარღვევას. აქ არ არის მითითებული ხელშეკრულება რომელმა მხარემ და რა მიზნით დაარღვია. ეს არის პოლიტიკური ტერორი, რომელსაც ხელისუფლება განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ ახორციელებს. მინდა მივმართო მათ და კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი-ასეთი ბინძური ნაბიჯებით ვერ შეგვაშინებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ სიმართლისთვის. ბუზანკალების ხმა, ვერაფერს დააკლებს ბედაურების ჭენებას. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!" _ განაცხადა ზვიად ყვირალაშვილმა.
ბრძანება #10 2012 წლის 9 მარტით თარიღდება და მას ხელს შ.პ.ს `კეთილმოწყობის~ დირექტორი ფარნაოზ ბეროშვილი აწერს. აქვე მითითებულია, რომ 2012 წლის 1 თებერვალს შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის 37-ე მუხლის `გ~ ქვეპუნქტის საფუძველზე. იურისტ ლია ხუროშვილის თქმით კი, დამსაქმებლის მიერ დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა საქართველოს ორგანული კანონის
"საქართველოს შრომის კოდექსის~ 37-ე მუხლის `დ~ ქვეპუნქტის საფუძველზე ხდება. `დ~ პუნქტში პირდაპირ არის მითითებული -შრომითი ხელშეკრულების მოშლა, რომელსაც არ აქვს ფართო განმარტება. ასე, რომ ძალიან ადვილად იყენებენ დამსაქმებლები, თანამშრომლების სამსახურიდან დასათხოვნად," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ლია ხუროშვილმა. საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს შ.პ.ს `კეთილმოწყობის~ დირექტორი ფარნავაზ ბეროშვილი.
მასალის გამოყენების პირობები