ლანა გულოშვილი
6 მარტს ხალხმრავლობა იყო ქალაქ გურჯაანში, რუსთაველის ქუჩა #4-ში, `საყოფაცხოვრებო~ სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ამის მიზეზი, პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ დაფუძნება და პრეზენტაცია გახდა.
რაიონის მოსახლეობას, პოლიტიკური გაერთიანების ჩამოყალიბების და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრნენ, როგორც `ქართული ოცნების~ ადგილობრივი წარმომადგენლები: საარჩევნო შტაბის უფროსი-აკაკი ბეგაშვილი და `რესპუბლიკური~ პარტიის ლიდერი ზვიად ყვირალაშვილი, ასევე დედაქალაქიდან ჩამოსული პოლიტიკოსები: "რესპუბლიკელი" დავით ბერძენიშვილი და `კონსერვატორი~ ბიძინა გუჯაბიძე. სტუმართა შორის იყო ყველასთვის საყვარელი და პატივსაცემი მსახიობი გივი ბერიკაშვილიც. მოსახლეობასთან შეხვედრა რუსთაველის ქუჩაზე დაიწყო და `ქართული ოცნების~ ოფისში გაგრძელდა. პოლიტიკოსები ძირითადად აქცენტს სოფლის მეურნეობაზე, განათლების სფეროსა და სოციალურ საკითხებზე აკეთებდნენ. თავად საზოგადოებიდან წამოსული კითხვების უმრავლესობა მევენახეობას და ამ დარგში არსებულ პრობლემებს ეხებოდა. ხალხს განსაკუთრებით აინტერესებდა არჩევნებში გამარჯვების შემთხევაში რა მიმართულებით იმუშავებს `ქართული ოცნება~ და რა პრინციპით დაეხმარება კახელ გლეხებს ყურძნის მოყვანასა თუ რეალიზაციაში.
ბიძინა გუჯაბიძე:
"გლეხის ოცნებაა, როგორმე ამოვიდეს არსებული გაჭირვებიდან, სოფელმა სული მოითქვას, ყურძნის ჩაბარებაზე არ შეექმნას პრობლემა. ჩვენი გამარჯვების შემდეგ დარეგულირდება ფასები და პროდუქტს თქვენთვის მისაღები ღირებულება ექნება. რომ ამბობენ ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები, მევენახეობასთან დაკავშირებით კახეთში პრობლემა მოვხსენითო, ეს ხომ სიმართლე არ არის. ყურძენი 2 ლარზე ნაკლები არ უნდა ღირდეს," _ განაცხადა ხალხთან საუბრისას `კონსერვატიული~ პარტიის წევრმა, ბიძინა გუჯაბიძემ.
დავით ბერძენიშვილმა ყურადღება საარსებო კალათის მინიმუმზე გაამახვილა.
"ოთხსულიან ოჯახზე საარსებო მინიმუმი სამასი ლარია. ამაზე ნაკლები შემოსავლის შემთხვევაში, ოჯახი სიღატაკის ზღვარს ქვევითაა. როცა ოჯახს აქვს პენსია, თუ ხელფასი, რაც აკლდება სამას ლარამდე, ის სახელმწიფოს მიერ უნდა იყოს სუფსიდირებული. ამ პროგრამით გამოვალთ ჩვენ არჩევნებზე და ამ ვალდებუილებებს ავიღებთ გამარჯვების შემდეგ."
ბერძენიშვილმა `ქართული ოცნების~ ძირითად პრიორიტეტად სამუშაო ადგილების შექმნა დაასახელა და განმარტა, რომ მთავარი მაინც დასაქმებაა. შეხვედრაზე `რესპუბლიკური~ პარტიის ლიდერმა ის პარტიები დაასახელა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანდნენ და ვისთან ერთადაც აპირებენ ხელისუფლებაში მოსვლას:
"კონსერვატიული პარტია", "ეროვნული ფორუმი" "რესპუბლიკური პარტია~, ირაკლი ალასანია - "თავისუფალი დემოკრატები". რესპუბლიკელების ლიდერის თქმით, საქართველოში არსებობს ალტერნატიული ძალა, პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების~ სახით, რომელსაც შეგვწევს უნარი, ჩაანაცვლოთ `ერთიანი ნაციონალური მოძრაობა~. `ბევრად უკეთესი იქნება ახალი ხელისუფლება, იმიტომ, რომ-ივანიშვილი არ მოიპარავს სახელმწიფო ბიუჯეტს. პოლიტიკაში შემოსულ ბიძინას აქვს დიდი სურვილი იყოს წარმატებული, რადგან მან ეს ნაბიჯი გადადგა ოჯახისა და ქვეყნის წინაშე."
გურჯაანის პოლიტიკური კოალიცია `ქართული ოცნების~ საარჩევნო შტაბის უფროსმა, აკაკი ბეგაშვილმა, სტუმართა შეხედულებებს დაეთანხმა და კოალიციის გეგმებზე გვესაუბრა:
"კოალიციის გაწერილი პროგრამა და ცალკეული პუნქტები უახლოეს მომავალში დაიდება. მზად ვართ ვითანამშრომლოთ მოსახლეობასთან და ერთად მივიღოთ გადაწყვეტილებები, ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრისას. ჩვენ მოვდივართ გამარჯვებისთვის."
`სპექტრთან~ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პოპულარულმა მსახიობმა გივი ბერიკაშვილმა.
"მთელი ჩემი ცხოვრება ქართველი კაცის ჭკუის იმედი მაქვს. გადახედეთ რას გაუძლო საქართველომ. როგორი ერები გადაშენდა, თუმცა დღემდე მოვედით, ჩვენში ჩადებული კოდის-კეთილგონიერების წყალობით. მიმაჩნია, რომ ეს ხალხი, ვინც ეხლა `ქართულ ოცნებაშია,~ გონიერები არიან და შეძლებენ ქვეყნის ფეხზე დაყენებას. მინდა რომ არჩევნებში გაიმარჯვონ.~ `ქართული ოცნების~ პრეზენტაციაზე მისული ადამიანები, რომელთაც აინტერესებდათ კოალიციის გეგმები, `სპექტრთან~ არც კომენტარს ეკეთებდნენ და არც ვინაობას გვიმხელდნენ. `სააკაშვილს სჭირდება იაფი ჯარისკაცი, იაფი დიასახლისი და მონები. მე აქ იმიტომ მოვედი, რომ მონობა არ მინდა. ეშინია ხალხს და დღეს ზოგი აქ იმიტომ არ მოვიდა. მამულებში წასვლა მოიმიზეზეს. მეც მქონდა საქმე, თუმცა გადავდე, იმიტომ რომ დღეს აქ მოვსულიყავი," _ გვითხრა ქალბატონმა, რომელმაც ასეთი უშიშარი კომენტარის მიუხედავად, ვინაობა არ გაგვიმხილა.
დასასრულს პოლიტიკოსებმა პირობა დადეს, რომ მოსახლეობას ხშირად შეხვდებიან და უახლოეს მომავალში, ელექტორატს უკვე კომპეტენტური ექსპერტების მიერ გაწერილ პროგრამას წარუდგენენ, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, სხვადასხვა სოციალური თემებისა თუ საგარეო ურთიერთობის მოგვარების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები