სამწლიანი სასამართლო დავა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და
შპს ,,თემას“ შორის დასრულდა. უზენაესმა სასამართლომ გამგეობას
კომპანიისთვის 350 ათასი ლარის ანაზღაურება დააკისრა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსმა ნანა
ჭაბუკაძემ განმარტა, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა. გასაჩივრების
უფლება, მხოლოდ მაშინ ექნებათ, თუ ექსპერტიზა დაადგენს, რომ აუზი,
რომელიც ამ დრომდე არ მუშაობს, უხარისხოდაა გაკეთებული.
„საქმეს სასამართლო შპს „თემას“ სარჩელის გამო განიხილავდა. ის
სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებიდან
გამომდინარე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობისთვის მილიონ ექვსასი
ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა. თავის დროზე შპს „თემამ“
გამგეობასთან შეუთანხმებლად შეცვალა პროექტი. ეს დადგენილია სამივე
ინსტანციის სასამართლოს მიერ. სწორედ ამიტომ ჩვენ არ გვეკისრებოდა
გადაჭარბებით შესრულებული სამუშაოების ჩაბარება. გარდა ამისა,
გამგეობამ უარი უთხრა საბოლოოდ ხელშეკრულებიდან მორჩენილი თანხის
ანაზღაურებაზე, იქიდან გამომდინარე, რომ შესრულდა განსხვავებული
სამუშაოები.“
პირველი ინსტანციის სასამართლომ გურჯაანის გამგეობის სასარგებლოდ
მიიღო გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა კი ორივე
მხარემ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. „საბოლოოდ უზენაესმა
სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გამგეობას
მილიონ ექვსასი ათასიდან დაახლოებით 350 ათასი ლარის გადახდა
დაეკისრა.“- გვითხრა ნანა ჭაბუკაძემ.
ამ საკითხმა „თავისუფალი დემოკრატების“ უკმაყოფილება გამოიწვია.
„კერძო კომპანიამ დავა რომ მოგვიგო, ეს ჩვენი არაორგანიზებულობის
ბრალია. საკითხს უფრო მეტი ყურადღება უნდა მიქცეოდა და აქამდე არ
მივიდოდით. საცურაო აუზი დღემდე არ ფუნქციონირებს და ჯარიმის გადახდა
ისევ ჩვენ დაგვეკისრა.“- აღნიშნა „თავისუფალი დემოკრატების“ წევრმა,
საკრებულოს დეპუტატმა სიმონ ქოჩორაშვილმა.
ნანა ჭაბუკაძე დეპუტატების ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ ისინი
საკითხში უკეთესად უნდა გარკვეულიყვნენ.
„უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
ჩვენ ვალდებულები ვართ ეს თანხა გადავიხადოთ. რატო გახდა ეს თემა
სალაპარაკო, არ ვიცი. დეპუტატებს, რომლებმაც ეჭვი გამოთქვეს, ვურჩევ,
საკითხში უფრო მეტად გაერკვნენ, რადგან ეს ძალიან რთული კატეგორიის
საქმე იყო. თუ ეს თემა აინტერესებდათ, ნებისმიერ დროს შეეძლოთ
განმარტება მიეღოთ. რაც შეეხება სპორტკომპლექსს, შენობა
ფუნქციონირებს, მხოლოდ აუზია დაზიანებული. ექსპერტიზა დაადგენს ვისი
ბრალია და იმასაც დროთა განმავლობაში მივხედავთ“.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას ობიექტი ამ
დრომდე არ ჩაუბარებია. სასამართლო დავა მუნიციპალიტეტსა და
სპორტკომპლექსში სამუშაოების მწარმოებელ შპს ,,თემას,, შორის
სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა.
მასალის გამოყენების პირობები