დააწინაურეს თუ არა კახეთის თვითმმართველობებმა თანამშრომლები კანონდარღვევით
თელავის მერიაში, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში თანამშრომელთა დაწინაურებით "საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი დაირღვა.
ამის შესახებ ინფორმაციას "სამოქალაქო აქტივობების ცენტრი" ავრცელებს.
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი გადაიყვანეს იმავე განყოფილების უფროსის თანამდებობაზე;
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში - ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი იმავე განყოფილების უფროს სპეციალისტად დაინიშნა;
ქალაქ თელავის მერიაში - კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი დღეს იმავე განყოფილების უფროსია.
"მოხელის დაწინაურებისათვის მხოლოდ საჯარო დაწესებულების ადმინისტრაციის ცალმხრივი ნება არ არის საკმარისი საფუძველი. საამისოდ აუცილებელია თვით დასაწინაურებლად წარდგენილი მოხელის წერილობითი თანხმობა და აგრეთვე ერთდრულად სამი დამატებითი წინაპირობის არსებობა:
-მოხელე სამსახურში მიღებული უნდა იყოს კონკურსის წესით (ანუ დროებით მოვალეობის შემსრულებლად სამსახურის პერიოდი მხედველობაში არ მიიღება);
კონკურსის წესით დანიშნული მოხელე დაკავებულ თანამდებობაზე უნდა მსახურობდეს სულ ცოტა 1 წელი მაინც;
მოხელის სამსახურებრივად დაწინაურება დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში (ანუ დისციპლინური სახდელის გამოყენებიდან 1 წლის განმავლობაში, თუკი ეს კონკრეტული სახდელი ვადამდე არ იყო მოხსნილი მისი დამდები პირის მიერ)"
როგორც speqtri.ge-მ გაარკვია, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო, ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის კოორდინაციის განყოფილების უფროსი არ ჰყავს. უფროსის მოვალეობას კი ნინო ხუციშვილი ასრულებს, რომელიც ამავე სამსახურის სპეციალისტი იყო. მისი თქმით, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას კანონი არ დაურღვევია.
- "ვაკანსია გამოცხადდა ამ განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციაზე. უფროსად არ დავნიშნულვარ. ახლა კი კონკურსია გამოცხადებული, რომელშიც ვმონაწილეობ. კანონდარღვევა იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მე დავინიშნებოდი უფროსად. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ეს არის დეზინფორმაცია."
თელავის მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ელენე ღარიბაშვილის დაწინაურებით, კანონი არ დარღვეულა.
-"ელენე ღარიბაშვილი კულტურისა და განათლების მთავარ სპეციალისტად მუშაობდა. მან გაიარა ატესტაცია, ანუ არ მომხდარა მისი დაწინაურება. ატესტაციის შედეგად დაინიშნა განყოფილების უფროსად. დაწინაურების შემთხვევაში საჭიროა ერთწლიანი სტაჟი, მაგრამ როდესაც ატესტაციის შედეგად ინიშნები თანამდებობაზე, ეს აღარ არის აუცილებელი.“ - აღნიშნა speqtri.ge-სთან საუბარში მურად ფანცქალაშვილმა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ კანონი არც მათ დაურღვევიათ.
- "საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის" 77-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის თანახმად, მოხელის უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაყვანა შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში მიღებულია კონკურსის წესით და დაკავებულ თანამდებობას მსახურობს ერთი წელი მაინც. გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალისტი ფიქრია მოდებაძე გადაყვანილ იქნა განყოფილების უფროს სპეციალიტად, აღნიშნულ შემთხვევაში არ დარღვეულა კანონი. დაწინაურებული მოხელე ადმინისტრაციული სამსახურის სპეციალიტად კონკურსის წესით დაინიშნა 2015 წლის 10 თებერვალს, ხოლო მაისის თვეში მოხდა მისი უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე გადაყვანა დაწინაურების წესით. იმის გათვალისწიბნებით, რომ კონკურსით დანიშვნამდე იგი იმავე სამსახურის სპეციალიტად მუშაობდა 2011 წლიდან."- აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის, პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.
"სამოქალაქო აქტივობების ცენტრის" ინფორმაციითვე, 2015 წლის 1 იანვრიდან მოხელეთა დაწინაურება საერთოდ არ მომხდარა ახმეტის, დედოფლისწყაროს, თელავის (თემის), ლაგოდეხის, საგარეჯოსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების გამგეობებში.
მასალის გამოყენების პირობები