მინისტრები უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ
საქართველოს მთავრობის მინისტრები იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის „თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის" რეკომენდაციას არ ითვალისწინებენ.
20 ოქტომბერს, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ხიდაშელის საარჩევნო შტაბს ეწვია საგარეჯოში. კახა კალაძე შეხვდა თამარ ხიდაშელს და სახელისუფლებო კანდიდატს მხარდაჭერა გამოუცხადა. შტაბში შეხვედრის შემდეგ კოალიცია "ქართული ოცნების" საგარეჯოს მაჟორტარი დეპუტატობის კანდიდატი ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებთან ერთად საგარეჯოს ქუჩებში გამვლელებს შეხვდა.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აცხადებს, რომ აკისრია პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს 2015 წლის შუალედური არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან გარემოში ჩატარებას, მნიშვნელოვან სახელმძღვანელო პრინციპებად თვლის 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მის მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყველა კანდიდატისათვის თანაბარი კონკურენტული გარემოს არსებობა არის მნიშვნელოვანი, და რეკომენდაციით მიმართავს: მინისტრებს და საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს - „მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსი მათ არ უკრძალავთ კამპანიაში მონაწილეობას, წინასაარჩევნო პერიოდში თავი შეიკავონ იმგვარი ქმედებების, მათ შორის მოწოდებებისგან, რომელიც ოპოზიციურ პარტიებში გააჩენს განცდას, რომ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ადმინისტრაციული რესურსი საარჩევნო მიზნებისათვის".
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის სახელისუფლებო კანდიდატი თამარ ხიდაშელი ამომრჩეველს, ასევე შეხვდა საქართველოს თავდაცვის მინისტრ თინათინ ხიდაშელთან, განათლებისა და მეცნიერების მინისტრ თამარ სანიკიძესთან და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად.
მასალის გამოყენების პირობები