ზვიად ბიაშვილი
საქართველოს პარლამენტის დეპუტატთა რაოდენობის გაზრდაზე ბოლო პერიოდში აქტიურად დაიწყო საუბარი. ამ საკითხზე 2003 წელს რეფერენდუმი ჩატარდა, რის საფუძველზეც გადაწყდა, რომ დეპუტატთა რაოდენობა 150 კაცამდე შემცირებულიყო. თუმცა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მათი რაოდენობის 190-მდე გაზრდა იგეგმება. ამ საკითხზე ცხარე დებატები დაიწყო, რის გამოც პარლამენტარებისგან შემდგარმა ჯგუფმა, მოსახლეობის აზრის მოსასმენად რეგიონებში შეხვედრები გამართა.
საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ანდრო ალავიძის განმარტებით, საკითხის ამ სიბრტყეში დაყენება ოპოზიციასთან შეთანხმებამ განაპირობა. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს ოპოზიციას პარლამენტში უფრო მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს:
"როდესაც საუბარია დამატებით ხარჯებზე, ეს საკითხი ყველაზე მეტად ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას გვაწუხებს, მაგრამ ამ კანონპროექტს ქვეყნის პოლიტიკური უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ვუჭერთ მხარს. საკითხის გადაწყვეტის დროს მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული საზოგადოებაც და პოლიტიკური სპექტრიც," _ განმარტა ანდრო ალავიძემ გურჯაანში ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით მაქსიმალურად მოხდა მაჟორიტარულ ოლქებში პროპორციულობის პრინციპის დაცვა. ეს თავის მხრივ მოქალაქეებს თანაბარ პირობებში ჩააყენებს:
"პირველი ასეთი გაყოფა ჩვენ ქუთაისში მოვახდინეთ და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებში ეს ქალაქი ორ მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს. ჩვენ ოლქების გამსხვილების გზით ვერ წავალთ, რადგან ამას მრავალი ფაქტორი უშლის ხელს. არსებობს ისტორიული, რელიეფური, გეოგრაფიული და სხვა ფაქტორები, რომლებიც საკითხის ასეთ გადაწყვეტას შეუძლებელს ხდის. პროპორციული სია 75-დან 107 კაცამდე გაიზარდა, მაჟორიტარული ოლქები კი _ 8 ერთეულით." ანდრო ალავიძის განმარტებით, `ნაციონალური მოძრაობა~ 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებულ რეფერენდუმს არასწორად მიიჩნევს, რადგან ის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ გამართულა, რაც საქართველოს მტრებმა შეიძლება კომპრომატად გამოიყენონ. ამიტომ განმეორებითი რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეუწონელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის სრულ აღდგენამდე. `ქრისტიან-დემოკრატიული~ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკოლოზ ლალიაშვილის განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ იზრდება პროპორციული მანდატები და სხვადასხვა პარტიებს საშუალება ეძლევათ პარლამენტში მეტი დეპუტატი შეიყვანონ:
"ხელისუფლებას აქვს ბევრად მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინოს მაჟორიტარ კანდიდატებზე და მათ მხარდამჭერებზე. ეს ბერკეტები მცირდება, როდესაც ლაპარაკია პროპორციულ კანდიდატებზე. თუკი გაიზრდება მათი რაოდენობა, ეს პარალელურად გაზრდის ოპოზიციის შანსებსაც, რომ მათი წარმომადგენლობა იყოს უფრო ვრცელი და ძლიერი საქართველოს პარლამენტში. მომავალი საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი, ამიტომ ხელისუფლება მაქსიმალურად ეცდება, რომ მაჟორიტარულ ოლქებში თავისი წარმომადგენლები გაიყვანოს, მას ამისთვის აქვს ადმინისტრაციული, სასამართლო და მედიარესურსიც, ამიტომ ამ საკანონმდებლო ინიციატივას ძალიან დიდი მნიშვნელობა გააჩნია," _ თქვა `სპექტრთან~ საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილმა.
`სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების~ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ორგანიზაცია საქართველოს ყველა დიდ მუნიციპალიტეტში ატარებს საჯარო შეხვედრას, რომლის მიზანიცაა განხილულ იქნას პარლამენტში ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილებების პაკეტი, რომელიც პარლამენტის დეპუტატების რაოდენობის 150 კაციდან 190-მდე გაზრდას ითვალისწინებს:
"მსჯელობის დროს განვიხილეთ, თუ რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას არსებულ საარჩევნო სისტემაზე, რამდენად გააუმჯობესებს საარჩევნო სიტუაციას, ასევე ეწინააღმდეგება თუ არა ინიციატივა 2003 წლის 2 ნოემბერს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს, რომლის მიხედვითაც მოსახლეობამ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობა 150 კაცით განისაზღვროს," _ ამბობს ნინო ლომჯარია.
მისივე თქმით, საზოგადოება ძირითადად სვამს შეკითხვას რეფერენდუმის საკითხთან დაკავშირებით, თუ რამდენად სამართლიანია მისი შედეგების გადახედვა, საქართველოს პირობებში რამდენად მიზანშეწონილია პარლამენტის დეპუტატების რიცხოვნობის გაზრდა. ასევე აინტერესებთ ამ ყველაფრის ფინანსური ეფექტი. `სპექტრის~ შეკითხვაზე `სამართლიანი არჩევნები~ როგორ უყურებს ამ საკანონმდებლო ინიციატივას, ნინო ლომჯარიამ უპასუხა, რომ ეს ინიციატივა ეწინააღმდეგება რეფერენდუმის შედეგებს და მისი შეცვლა შესაძლებელია, მხოლოდ ახალი რეფერენდუმის ჩატარებით და არა საკანონმდებლო ცვლილებების გზით:
"ის არგუმენტი, რომ რეფერნედუმი, როდესაც დარღვეულია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა გარკვეულ რისკებს შეიცავს, საინტერესოა, მაგრამ მაშინ სერიოზულად უნდა დაისვას საკითხი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას რამდენად აქვს ამ პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება. ანუ ამ არგუმენტით კითხვის ნიშნის ქვეშ დგება კონსტიტუციით გარანტირებული მოქალაქეთა უფლება. რაც შეეხება კანონს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, აქ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი განხილული საერთოდ არ არის," _ განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ექსპერტ ირაკლი სესიაშვილის თქმით, როდესაც საკითხის გადაწყვეტა რეფერენდუმის გზით ხდება, გადაწყვეტილებას ხალხი იღებს და შესაბამისად, ამას აღიარებს სახელმწიფო, მისი შეცვლის უფლება პარლამენტს არ აქვს: `ფაქტობრივად, ჩვენ პარლამენტში გვყავს ერთი პოლიტიკური ძალა _
"ნაციონალური მოძრაობა,~ რომელსაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა, რის გამოც საკითხის გადაწყვეტაზე სხვა პარტიები რეალურ ზემოქმედებას ვერ ახდენენ. ვფიქრობ, ეს არალეგიტიმურია. ჩემი აზრით, დეპუტატთა რიცხვის განსაზღვრა ისევ რეფერენდუმის გზით უნდა მოხდეს. არგუმენტი, რომელიც `ნაციონალურმა მოძრაობამ~ წამოაყენა, უსაფუძვლოა, რადგან 2003 წელს, როდესაც რეფერენდუმი ჩატარდა, როგორც ახლა, ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა," _ თქვა `სპექტრთან~ საუბარში ირაკლი სესიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები