საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში საქართველოში სემინარი - „ეთიკა და კეთილსინდისიერება“ იმართება.
სამინისტროს ინფორმაციით, სემინარზე განიხილება ისეთი საკითხები, როგორიცაა ომის დანაშაული, დამოკიდებულება ომის ტყვეების მიმართ. სემინარის მიზანი მხარეების მიერ ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარებაა.
ღონისძიების ფარგლებში თავდაცვის სამინისტრომ სტუმრებს კახეთის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერებინა. ალავერდის ტაძრის მონახულების შემდეგ სემინარის მონაწილეებმა ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში, რთველში მიიღეს მონაწილეობა, ტურისტულ კომპლექსში კი სპეციალურ ღვინის საცავში ათეული წლების განმავლობაში შეგროვილი კოლექცია დაათვალიერეს. სემინარის მონაწილეებმა ვენახებში საკუთარი ხელით დაკრეფილი ყურძენი დაწურეს და ჩურჩხელებიც ამოავლეს.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა დოლიძის განცხადებით, სამინისტროს სურვილია, გააღრმავოს ურთიერთობები კანადის თავდაცვის სამინისტროსთან.
„სემინარი, რომელიც საქართველოში იმართება კანადის მხარის მიერ არის უზრუნველყოფილი და ორგანიზებული. ეს პირველი დიდი ინვესტირებაა კანადის სახელმწიფოს მხრიდან საქართველოს თავდაცვის განათლების სფეროში. შესაბამისად, ჩვენ, ქართული ტრადიციისამებრ, სურვილი გვაქვს, სათანდოდ ვუმასპინძლოთ კანადის მხარეს, ჩამოსულ სტუმრებს ვაჩვენოთ საქართველო და ეს იყოს ორ ქვეყანას შორის ღრმა და შინაარსიანი სამხედრო თანამშრომლობის საწინდარი“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ქართველი მეგობრებისთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე გაამახვილა ყურადღება კანადის დელეგაციის წევრმა მარკ ემვუმ.
„გვინდა ვიცოდეთ, რას ფიქრობენ ჩვენი კოლეგები საქართველოში ეთიკურ საკითხებზე. გვსურს გამოცდილება, იდეები, ხედვა ეთიკური ფილოსოფიის შესახებ, გავუზიაროთ ყველას, მსოფლიოს მასშტაბით. ვფიქრობ, ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი საქართველოსთან მეგობრობაა“,- აღნიშნა მარკ ემვუმ.
კანადელების გარდა სემინარში მონაწილეობენ როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირები - მაკედონიდან, უკრაინიდან და ბოსნიიდან.
საქართველოსა და კანადის თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამის მიმდინარე სემინარი - „ეთიკა და კეთილსინდისიერება“ 7 ოქტომბერს გაიხსნა და 16 ოქტომბრამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები