„ელექტრონული მმართველობის დანერგვა" ახმეტისა და ყვარლის თვითმმართველობებში
პროექტის, „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, ელექტრონული სისტემების რეალურ რეჟიმში გასაშვებად საჭირო მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს ხუთ საპილოტე მუნიციპალიტეტში:
ახმეტაში, ყვარელში, ხაშურში, ქარელსა და ხობში.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, 10 სექტემბერს, ყვარლისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებს კომპიუტერული ტექნიკა გადასცა. უწყების ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთი პირველია საქართველოში, სადაც ელექტრონული მმართველობა დაინერგა და ამ დრომდე თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს.
მათივე ცნობით, პირველ ეტაპზე, 5 მუნიციპალიტეტისთვის ჯამში 70 კომპიუტერის შესყიდვა განხორციელდა. კომპიუტერები საჭიროებების მიხედვით მუნიციპალიტეტების გამგეობისა და საკრებულოს შესაბამის სამსახურებში გადანაწილდება.
გარდა საპილოტე მუნიციპალიტეტებისა, პროექტი კიდევ 4 რეგიონში განხორციელდება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან, ფინანსთა სამინისტროს საფინანსო ანალიტიკურ სამსახურთან და პროექტისთვის შერჩეულ 4 მუნიციპალიტეტთან, თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერა ხელი.
სახელმწიფო სერვისების განვითრების სააგენტოს ინფორმაციით, მემორანდუმის თანახმად, პროექტი ამჯერად კიდევ 4 მუნიციპალიტეტში: მცხეთაში, ქალაქი გორში, ჩხოროწყუსა და ზუგდიდში განხორციელდება: "განახლდება მუნიციპალიტეტების კომპიუტერული ინფრასტრუქტურა, მოხდება თანამშრომლების გადამზადება IT საბაზისო უნარებში, დოკუმენტბრუნვის ელექრონულ სისტემასა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემაში. ასევე განხორციელდება იმ საკანონმდებლო ბაზის განახლება, რომელიც მუნიციპალიტეტების ელექრონულ მმართველობაზე გადასვლასთანაა დაკავშირებული. საბოლოო ეტაპზე მოხდება დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემისა და მუნიციპალიტეტების მართვის სისტემების დანერგვა. აღნიშნული სისტემების საშუალებით გაუმჯობესდება კონტროლი გაწეულ მომსახურებაზე, შემცირდება მომსახურების მიღების ვადები და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი საოპერაციო და ადამიანური ხარვეზები, გადაწყვეტილების მიღების პროცესი გახდება გამჭვირვალე", - განაცხადა სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ შიო ხეცურიანმა.
მასალის გამოყენების პირობები