გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით speqtri.ge-სთან ექსკლუზიური განცხადება გააკეთა.
"იმის ნაცვლად, რომ დეპუტატს მოსახლეობისთვის გაეცნო, რა არის სოფელში დაგეგმილი, ან რა გაკეთდა და ინფორმაციული ვაკუუმი არ შეექმნა, რაღაც აქციასავით მოგვიწყო. ზუსტად იმ უბნებში კეთდება ორი ჭაბურღილი, საიდანაც ქოჩორაშვილმა ხალხი მოიყვანა. სამუშაოები სექტემბერში არის დაგეგმილი, უბრალოდ რაღაც ეტაპები იყო გასავლელი - დღედღეზე ველოდებით თანხის გამოყოფის შესახებ მთავრობის განკარგულებას, მხოლოდ ეს დოკუმენტიღა აკლია. მინდა აღვნიშნო, რომ გუშინ მაგ უბნებს წყალი ნამდვილად მიეწოდებოდა. ეს აქცია "თავისუფალი დემოკრატების" მიერ ხელოვნურად იყო მოწყობილი, გამოიყენეს ზუსტად ის მეთოდი, რა მეთოდსაც "ნაციონალები" მიმართავდნენ. ალბათ, გახსოვთ ის დღე, როდესაც "ნაციონალები" ჩართული კამერებით შემოგვივარდნენ, ქოჩორაშვილმაც ასე მოიყვანა ჟურნალისტები და შექმნა სურათი, თითქოს ჩვენ კარდენახი მიტოვებული გვაქვს", - ამბობს გია გერგიძე.
გამგებლის თქმით: "თავისუფალი დემოკრატების" პროვოკაციული საქციელი პირველი არ არის. ჩვენ ერთი თვის წინ დაგვჭირდა სასწრაფოდ სესიის ჩატარება, რომ ბიუჯეტში ასახულიყო კიდევ ერთი პროექტი, რომელიც მოულოდნელად დაგვიმტკიცდა (ნატო ვაჩნაძის მუზეუმთან მისასველელი გზა). ამ პროექტის ბიუჯეტში ასახვას სასწრაფოდ სჭირდებოდა რიგგარეშე სესია. ეს სესია, რომ დაინიშნა, "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები "ნაციონალური მოძრაობის" პარტიის წევრებს ურეკავდნენ და სთხოვდნენ, რომ არ მოსულიყვნენ, რათა ფორუმი არ შემდგარიყო და პროექტი ჩავარდნილიყო. აი, აქამდე მივიდნენ, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამაზე არ დათანხმდნენ და უპასუხეს, რომ ეს კეთდებოდა რაიონისთვის, მოსახლეობისთვის და ამის ჩაგდება არ შეიძლებოდა. მაშინ ვერაფერი შეძლეს და ეხლა მოაწყეს კიდევ ასეთი პროვოკაცია, იმაზე, რაც უკვე გადაწყვეტილია და უნდა გაკეთდეს. ამით უნდათ, რომ ხალხს აჩვენონ, თითქოს მათი აქციის შემდეგ გავაკეთეთ ეს ჭაბურღილები, ტყუილია! ეს პროექტი წლის დასაწყისშივე იყო დაგეგმილი და სექტემბრიდან მშენებლობა დაიწყება".
შეგახსენებთ, რომ გუშინ გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში
კარდენახის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა სასმელი წყლით უზრუნველყოფის და გზების რეაბილიტაციის მოთხოვნით.
მასალის გამოყენების პირობები