გადამიღე გენაცვალე, მე ნასვამი ვარ? - ინციდენტი გურჯაანის ადმინისტრაციულ სამსახურში [Video]
გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციულ ერთეულში დიმიტრი არევაძემ „სპექტრის“ ჟურნალისტები სამუშაო ოთახიდან გამოყარა.
დაახლოებით 15:00 საათზე ჟურნალისტი დიმიტრი არევაძესთან კომენტარისთვის მივიდა. ოფისს კარი გასაღებით იყო დაკეტილი. შიგნით მყოფმა თანამშრომლებმა გვიპასუხეს, რომ არევაძე გამგებლის დავალების შესასრულებლად იყო წასული. აღნიშნული ინფორმაცია გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემაც დაგვიდასტურა.
„დიმა არევაძე კულტურისა და დასვენების პარკის მოსანახულებლად გავაგზავნე“, - გვითხრა მან.
ტელეფონით დიმა არევაძესაც დავუკავშირდით. მან კომენტარზე მეორე დღისთვის დაგვიბარა.
რადგან ადმინისტრაციული სამსახურის ცენტრალური შესასვლელი კარი სამუშაო საათებში გასაღებით იყო ჩაკეტილი და შიგნიდან ხმაური ისმოდა, თანაც შევნიშნეთ, რომ თანამშრომლები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, სიტუაციის გარკვევა კიდევ ერთხელ ვცადეთ. ერთ-ერთი მათგანი, ვიდეოკამერის დანახვაზე კარის დახურვას შეეცადა, თუმცა ჟურნალისტმა ამის საშუალება არ მისცა. ხანგრძლივი ჭიდილის შემდეგ, თავად დიმიტრი არევაძე გამოვიდა, რომელმა განაცხადა, რომ ეხლახანს მოვიდა. კარის ჩაკეტვის მიზეზი კი, იმით ახსნა, რომ „პერერივიაო“. ჟურნალისტმა იმ ოთახში შესვლა მოისურვა, სადაც სავარაუდოდ ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ, თუმცა არევაძე და მისი თანამშრომელი კარს „მედგრად“ იცავდნენ.
ოთახში იმ არგუმენტით არ გვიშვებდნენ, რომ ვეტერანების მნიშვნელოვანი საბუთები ინახებოდა, რომელიც ჩვენ არ უნდა გვენახა. ქალაქ გურჯაანში გამგებლის წარმომადგენელმა ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ხელისკვრით ოთახი დაატოვებინა.
ინციდენტის შემდეგ, ისევ გამგებელს დავურეკეთ და ვკითხეთ იცოდა თუ არა, რომ ქალაქ გურჯაანის ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები სამუშაო საათებში ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ. რაზეც გვიპასუხა, რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს და თავადაც გურჯაანში არ იმყოფება.
p.s. მიუხედავად იმისა, რომ მსალა თითქმის 9 წუთიანია, მაინც არ დავამონტაჟეთ, რათა არ ყოფილიყო განცდა, რომ კადრები მიზანმიმართულად ამოვჭერით.
https://youtu.be/-8-PKb_i-ps
მასალის გამოყენების პირობები