ზვიად ბიაშვილი
თელავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. მისი ჩატარება რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის გია არსენიშვილის გარდაცვალების შემდეგ გადაწყდა. ოქტომბრში დაგეგმილ არჩევნებში სამი კანდიდატი იღებს მონაწილეობას. ვასილ არაბული `მრეწველების~ პარტიიდან, ვასილ დავითაშვილი (თელავის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი) `ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან~ და ნიკოლოზ ლაშხი `ქრისტიან-დემოკრატიული~ პარტიიდან.
`საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ თელავის ოფისის ხელმძღვანელის მარეხ მგალობლიშვილის თქმით, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის პერიოდში სერიოზული დარღვევა ამ დრომდე არ დაფიქსირებულა, რასაც არ ადასტურებენ დეპუტატობის ოპოზიციური კანდიდატები. როგორც ისინი განმარტავენ, არსებობს მოსახლეობაზე ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები. `ქრისტიან-დემოკრატიული~ მოძრაობის კანდიდატის ნიკოლოზ ლაშხის თქმით, მათი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და ჯანდაცვის სფეროს გაუმჯობესებაა:
"ჩემი მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობასთან აქტიური ურთიერთობების აწყობა. გამარჯვების შემთხვევაში ყველა სოფელში გავხსნი მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, სადაც მოსახლეობასთან სისტემატიურ შეხვედრებს გავმართავ. პარლამენტში გავაჟღერებ მათ ყველა პრობლემას. რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებას, სიმართლე გითხრათ, ჩვენი აგიტაციისთვის ხელი არავის შეუშლია, მაგრამ მოსახლეობაზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა. ამასთან ერთად, მთელი ადმინიტრაციული რესურსი `ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატის მხარესაა. ამ კუთხით ჩვენ, რა თქმა უნდა, არათანაბარ მდგომარეობაში ვიმყოფებით," _ აღნიშნა `სპექტრთან~ საუბარში ნიკოლოზ ლაშხმა.
`ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ კანდიდატის ვასილ დავითაშვილის თქმით, მათი მთავარი დაპირება უმუშევრობის პრობლემის მოგვარებაა:
"ჩვენი ძირითადი დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ინფრასტრუქტურისა და წყალმომარაგების გაუმჯობესებაა. ჩემი აზრით, დღეს თელავისთვის ყველაზე დიდი პრობლემა, წყალმომარაგებაა და პირველ რიგში სწორედ ამ საკითხის მოგვარებას შევუწყობ ხელს. ყურადღებას მივაქცევ საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას," _ გვითხრა ვასილ დავითაშვილმა.
`მრეწველების~ მაჟორიტარი კანდიდატის ვასილ არაბულისთვის კი მთავარი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობაა:
"ჩვენი პრიორიტეტია სოფლის მეურნეობის ტრადიციულ დარგებზე დაყრდნობით წარმოების განვითარება; ეკოლოგიური და სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ბრძოლა გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან, რომლითაც გაჯერებულია ჩვენი ბაზრები; მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება და ტურიზმის განვითარება. ჩემი აზრით, დღეს თელავს ყველაზე მეტად სოფლის მეურნეობის განვითარება ესაჭიროება, ამისთვის სახელმწიფომ ფერმერებს იაფი კრედიტები უნდა მისცეს. ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი," _ გვითხრა ვასილ არაბულმა.
თელაველი დალი ესიტაშვილის თქმით, მაჟორიტარი დეპუტატი ხალხის ინტერესების გამტარებელი და მათი დაკვეთების შემსრულებელი უნდა იყოს:
"დეპუტატმა ხალხის სურვილები უნდა შეასრულოს, მათი პოზიციებიდან უნდა იყოს გამოსული. ყურადღებას აქცევდეს პენსიონერებს, რომლებიც ძალიან დაჩაგრულები არიან. თელავი სატახტო ქალაქია და მას მეტი განვითარება სჭირდება, სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს ჩვენი რჩეული."
სოფელ კურდღელაურის მკვიდრის ინგა აივაზაშვილის თქმით, მთავარი პრობლემა, რაც თელავს აწუხებს, უმუშევრობაა. დეპუტატმა კი სწორედ ამ პრობლემას უნდა მიაქციოს ყურადღება:
"ახალი დეპუტატი ხალხს უნდა დაეხმაროს და რაიონს მიხედოს. თელავი ყველაზე მიგდებულია და ყურადღება არ ექცევა. არც ერთი საწარმო არ მუშაობს. აღარ არსებობს უფასო ტრანსპორტი, რომელიც ადრე თელავიდან კურდღელაურის მიმართულებით დადიოდა. ახლადარჩეულმა დეპუტატმა სწორედ ამ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება."
ნინო ყაველაშვილის თქმით კი, თელავის შუალედური საპარლამენტო არჩევნები 2012 წლის არჩევნებისთვის ერთგვარი ტესტია:
"კარგი იქნებოდა ეს არჩევნები ბატონი გიორგი არსენიშვილის გარდაცვალებიდან ერთ ან ორ თვეში ჩაეტრებინათ. თელავს ნამდვილად სჭირდება დეპუტატი საქართველოს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს არჩევნები არის ტესტი 2012 წლის არჩევნებისთვის," _ გვითხრა ნინო ყაველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები