„საარჩევნო განვითარების სკოლა 2015“ - ცენტრალური საარჩევნო კომისია საპილოტე პროექტს იწყებს.
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 13 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ გაიარონ სასწავლო კურსი და მიიღონ საჭირო ცოდნა საარჩევნო თემებზე.
როგორც ცესკოში აცხადებენ, საარჩევნო განვითარების სკოლებში მსურველებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ცოდნა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა და ა.შ.
„საარჩევნო განვითარების სკოლა“ მიზნად ისახავს გაფართოვდეს და მოიცვას მთელი საქართველო, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას მისცემს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.
საარჩევნო განვითარების სკოლები 10 საარჩევნო ოლქში – თელავში, სიღნაღში, ახალციხეში, მარნეულში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, ოზურგეთში და ბათუმში გაიხსნება. ტრენინგებს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გაუძღვებიან.
კურსის გავლისთვის, საჭიროა შეავსოთ აპლიკაცია 30319 და წარადგინოთ ნებისმიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში, 1-დან 8 ივლისის ჩათვლით. აპლიკაციის წარდგენისას თან უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საარჩევნო განვითარების სკოლების საპილოტე პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან (საია) და საარჩევნო სისტემების საერთაშრისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით, ევროპის საბჭოსა (CoE) და აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით, ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს 1 ივლისს, 12 საათზე, თესაუ-ს სააქტო დარბაზში (პირველი კორპუსი, მეორე სართული).
მასალის გამოყენების პირობები