რეგიონების დახმარება თბილისს - "ტრაგედიამ უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიწვია"
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განცხადებით,
დედაქალაქში დატრიალებულმა უბედურებამ თითქმის უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიწვია არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში.
გიორგი ამაშუკელის ინფორმაციით, რეგიონების მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოლიდარობას უცხადებენ თბილისელებს და სტიქიით დაზარალებულთათვის ჰუმანიტარულ დახმარებას უკვე მეორე დღეა აგროვებენ.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა ღრმა მწუხარება გამოვთქვა დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს. დედაქალაქში დატრიალებულმა უბედურებამ თითქმის უპრეცედენტო სოლიდარობა გამოიწვია არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში", - განაცხადა გიორგი ამაშუკელმა.
დახმარების მსურველთა დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, სპეციალური შტაბები შეიქმნა რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაციებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სადაც მოსახლეობას პირველადი მოხმარების საგნები, საყოფაცხოვრებო ნივთები და პროდუქტები სისტემატურად მიაქვს.
რეგიონებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა საჯარო მოხელეები აგროვებენ ფინანსურ შემოწირულობებს თბილისში სტიქიით დაზარალებულთათვის და შეგროვებულ თანხას სპეციალურ ანგარიშზე რიცხავენ.
დღეს დედაქალაქში ჰუმანიტარული ტვირთი ჩამოვიდა სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებიდან. დაზარალებულ თბილისელებს დახმარება გუშინ გამოუგზავნეს კახეთიდან, ქვემო ქართლიდან და იმერეთიდან. ხოლო უახლოეს დღეებში ადგილობრივი მოსახლეობისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შემოწირულობები გამოიგზავნება გურიიდან, მცხეთა-მთიანეთიდან და აჭარიდან.
„აღსანიშნავია, რომ აჭარის მთავრობა სტიქიით დაზარალებული ოჯახების ბავშვებს სთავაზობს აჭარის კურორტებზე განთავსებას და რეაბილიტაციის შესაძლებლობას, რათა მათ შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქდეთ მომხდარი ტრაგედიის დროს მიღებული სტრესი", - აღნიშნა გიორგი ამაშუკელმა.
მასალის გამოყენების პირობები