ვალერ შოშიაშვილმა მისთვის "ქონების დაყადაღების" და "ნაციონალების" მიერ იძულებით ნაყიდი ნანგრევების ფაქტი გააპროტესტა.
ბიზნესმენი და ამავდროულად, ნინო ბურჯანაძის პარტიის "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს" კახეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დღეს, ყვარელში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი სახლის დაკავებას აპირებდა.
როგორც თავად აღნიშნა, ამ გზით მან "ნაციონალური მოძრაობის" დროს დაზარალებული ბიზნესმენების საქმეების იგნორირება გააპროტესტა. ვალერ შოშიაშვილი ყვარელში ოჯახის წევრებთან ერთად იყო ჩასული.
„ის ნანგრევები, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მაღალჩინოსნებმა 700 ათასად ძალით მაყიდინეს, სააკაშვილის საცხოვრებელი სახლიდან დაახლოებით 100 მეტრითაა დაშორებული. თუ სამართლიანობის აღდგენა მეც არ შემეხება, პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი არ დაინტერესდებიან ჩემი საქმით, ვაპირებ, სამართლიანობა საკუთარი ძალებით აღვასრულო და ჩემს მიერ ნანგრევებში გადახდილი თანხის სანაცვლოდ სააკაშვილის კუთვნილ სახლს დავეპატრონო."
შოშიაშვილი საქართველოს მთავრობას რეაგირებისთვის ორდღიან ვადას აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმ საწარმოების თანამშრომლებთან ერთად, რომელიც „ნაციონალებმა“ დაუყადაღეს, სააკავშილის კუთვნილ სახლში შეიჭრება.
გავრცელებული ინფორმაციით, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ბექა ბასილაიამ და ზაზა მალუძემ 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, შოშიაშვილი აიძულეს, ყვარლის რაიონის სოფელ გრემის კულტურის სახლის დანგრეულ შენობაში, რომელიც აუდიტის მიერ 8 ათას ლარად შეფასდა, 700 ათასი ლარი გადაეხადა. მას აუქციონში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, ისე გამოაცხადეს გამარჯვებულად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვალერ შიოშიაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დაპატიმრებით ემუქრებოდნენ.
მასალის გამოყენების პირობები