ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მეუღლე ხათუნა თურმანაული 2012 წელს მიწების არასწორად დარეგისტრირებას შპს ქორსიარდს აბრალებს.
მისი ინფორმაციით, სწორედ აღნიშნული „შპს“ არეგისტრირებდა მიწებს ახმეტაში მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. „ახმეტის მუნიციპალიტეტის 70 პროცენტი რეგისტრირდებოდა ასე. მე, როგორც მოქალაქემ, ვიცოდი, რომ მიწების რეგისტრაცია პირადობის მოწმობის საფუძველზე ხდებოდა. ჩემთან ერთად უამრავი სხვა ადამიანი ირეგისტრირებდა მიწებს. შესაბამისად, მსგავსი სახით მიწების დარეგისტრირება ჩვენთვის მარტივი იყო და უარი არ გვითქვამს. შპს „ქორსიარდს“ არც საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები მოუთხოვია და არც სხვა სახის საბუთი“.
მისი თქმით, იგი ამ მიწებს კერძო მფლობელებისგან ყიდულობდა, შესაბამისად, საკუთრების და ნასყიდობის დამადასტურებელი საბუთებიც აქვს. „2000 წლიდან მოყოლებული ნელ-ნელა ვყიდულობდი ამ პატარა მიწის ნაკვეთებს. გლეხებს ხან ას (100) ლარს, ხან ორასს (200) და ხან ოთხას (400) ლარს ვუხდიდი, მაშინ ასე ღირდა. იმ კომპანიას ჩემთვის ეს დოკუმენტაცია რომ მოეთხოვა, რა თქმა უნდა, წარვადგენდი“.
რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ აისახა ახმეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის ქონებრივ დეკლარაციაში მისი მეუღლის ხათუნა თურმანაულის მიერ 2012 წელს დარეგისტრირებული მიწები, ვანო ნასყიდაშვილმა გვიპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის და მეუღლესთან გადაგვამისამართა. ხათუნა თურმანაულის განმარტებით, დეკლარაციაში ამ მიწების ასახვა გარკვეული პრობლემების გამო დაგვიანდა.
Speqtri.ge შპს „ქორსიარდის“ დამფუძნებელს ჯამბულ ელბაქიძეს დაუკავშირდა, რომელმაც დაგვიდასტურა, რომ მისი კომპანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მართლაც ახდენდა ახმეტაში მიწების აღწერას, თუმცა ეს არ ყოფილა სრული რეგისტრაცია.
„რაღაც უფასო რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტი იყო და იქ მივიღე მონაწილეობა. საკომლო წიგნის ჩანაწერების, საკომლო სიის მიხედვით მიწის ნაკვეთები უნდა აღწერილიყო. ახმეტაში მიწების აზომვა - დარეგისტრირება არ მომხდარა. სრუყოფილი რეგისტრაცია არ იყო, უბრალოდ, საჯარო რეესტრში აისახა, რომ ეს პიროვნება ფლობს აქ რეალურად ნაკვეთს და უფლების დამდგენი დოკუმენტი მხოლოდ საკომლო წიგნის ჩანაწერია. აღნიშნული ამონაწერით ამ მიწების ბანკში ჩადება და გაყიდვა ჯერჯერობით არ შეუძლიათ, ხოლო თუ ეს ტრანზაქცია დასჭირდებოდა ვინმეს, უნდა წარედგინა უფლების დამდგენი დოკუმენტი, რასაც მოითხოვს კანონმდებლობა“, - განმარტავს ელბაქიძე.
ცნობისთვის შპს „ქორსიარდი“ 2012 წლის 23 აგვისტოს დარეგისტრირდა.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ გამოაქვეყნა
კვლევა, რომლის თანახმადაც ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის ვანო ნასყიდაშვილის მეუღლეს, ხათუნა თურმანაულს ახმეტის რაიონში სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის 20 ნაკვეთი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების გარეშე აქვს რეგისტრირებული.
მასალის გამოყენების პირობები