მაია ყალაბეგაშვილი
ხანგრძლივი მუქარის შემდეგ, ოპოზიციურმა პარტიებმა 9 მაისს სტარტი კახეთიდან აიღეს და დღეს უკვე, როგორც დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში, ისე აჭარაში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების მომსწრენი ვართ. როგორც ჩანს, ხელისუფლებისთვის გურჯაანი ოპოზიციის მომხრეების ეპიცენტრად მოიაზრებოდა, ზეწოლაც სწორედ იმ მძღოლებზე განხორციელდა, რომლებმაც `გაბედეს~ და ყვარლის მიმართულებით აქციის მონაწილეები გადაიყვანეს. აქვე აღვნიშნავთ, რომ გასული კვირიდან გურჯაანი-თბილისის მიმართულებით მოძრაობა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. ამ თემაზე მომზადებულ სტატიაში მოყვანილი ყველა ფაქტი სიმართლეს შეესაბამება, თუმცა იმ მიზეზების გამო, რომ რესპონდენტები დაშინებული არიან და მათზე დღემდე გრძელდება ზეწოლა, ვერც ერთი მათგანის სახელსა და გვარს ვერ ვასახელებთ.
იქამდე სანამ გაჩეჩილაძე-ბურჯანაძის დემონსტრაციული გადაკოცნის მომსწრენი გავხდებოდით, თბილისი-გურჯაანის მიმართულებით მოძრავი რამდენიმე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი იძულებული გახდა `საკუთარი სურვილით~ გაეჩერებინა ავტომანქანა, რადგან 9 მაისის შემდეგ სხვადასხვა სახის ყოველდღიური `დარღვევების~ ჯარიმამ თითოეულ მათგანზე 400-500 ლარი შეადგინა. ამის რეალური მიზეზი კი, მათი თქმით, 9 მაისის აქციებზე გურჯაანიდან ყვარლის მიმართულებით დემონსტრანტების გადაყვანა გახდა: როგორც გურჯაანის ავტოსადგურში აღნიშნეს,
"თბილისის მიმართულებით დილის შვიდიდან _ თორმეტ საათამდე ყოველ ნახევარ საათში გადის სამარშრუტო ტაქსები, თუმცა 9 მაისის შემდეგ რამდენიმე მათგანს ისეთი გაურკვეველი მიზეზების გამო დაუწერეს ჯარიმები, რომ `რეისში~ გამოსვლას თავს არიდებენ~. მძღოლები ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბარში ამბობენ, რომ გასულ კვირას ბევრი მათგანი მკაცრად გააფრთხილეს: `თუკი გაბედავთ და მიტინგზე ხალხს წაიყვანთ, აღებული ფული ჯარიმებში არ გეყოფათო," _ გვითხრა ერთ-ერთმა მათგანმა.
"ოპოზიციის წარმომადგენლებმა საკმაოდ სოლიდური თანხა შემომთავაზეს. მუშაობა ახლახანს დავიწყე, საქმე ჯერ ვერ ავაწყე და ეს ჩემთვის მეტად კარგი შემოთავაზება იყო, მაგრამ სახლში მოვიდნენ და პირდაპირ მითხრეს: თუ გაბედავ და ოპოზიციას რაიმე სახის მომსახურებას გაუწევ, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანქანა საჯარიმოზე გადავიყვანოთო," _ აღნიშნა სამარშრუტო ტაქსის მძოლმა.
პრობლემის შესახებ საუბრობენ ავტოსადგურშიც.
"ყველას მკაცრად გვაკონტროლებენ. იმ პოლიციის მანქანას ხედავთ? უკვე რამდენიმე დღეა, რაც დილიდან-საღამომდე ავტოსადგურის გადასასვლელთან დგას და გვითვალთვალებს. მგზავრების რაოდენობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. გუშინწინ ერთი ქალი იდგა და ტიროდა, დედა მყავს ავად და რაღაც აუცილებელი ნივთების წასაღებად ჩამოვედი, დღესვე მინდა უკან გავბრუნდე, იქნებ ცოცხალსაც კი ვეღარ ჩავუსწრო. ვიხვეწები და არავის მივყავარ, რამეში მომეხმაროთო. ჩვენ რით დავეხმარებოდით? კერძო მანქანები ჰყავთ და შარს ერიდებიან."
ტაქსის მძღოლები თბილისის მიმართულებით რიგითი მოქალაქეების გადაყვანასაც კი ერიდებიან, უკიდურეს შემთხვევაში, ცდილობენ მხოლოდ 2 ან 3 ადამიანი წაიყვანონ.
"მე და ჩემი შვილი თბილისში ძლივს წავედით, რადგან ტრანსპორტის პრობლემა იყო. მოქალაქეების სურვილის მიუხედავად, მძღოლმა უკანა სავარძელზე 2-ზე მეტი მგზავრი არ დასვა, იმის შიშით, რომ პატრულს არ გაეჩერებინა და აქციის აქტივისტებად არ ჩაეთვალა. ხელისუფლების მხრიდან ასეთი მიდგომა არასწორია. ამ დროს მგზავრებისა და მძღოლების უფლებები ირღვევა, ეს მაშინ, როდესაც ქვეყანაში დემოკრატიულ ღირებულებებზე ვსაუბრობთ." საზოგადოება არსებული ვითარების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოვლენების განვითარებას შიშით და ინტერესით ადევნებს თვალს.
მასალის გამოყენების პირობები