„გამგებელი ამბობს, რომ ფეხებზე მკიდია და უფრო ცუდ რამეებზე მკიდია „ქართული ოცნების“ ხალხიო“
„ქართული ოცნების“ პარტიულმა ლიდერებმა კახეთის რეგიონში დახურული სხდომები გამართეს.
რაიონულ ორგანიზაციებში დასუსტებული მმართველი პარტიისა და თვითმმართველობაში არსებული ნეპოტიზმის შესახებ საუბრობენ.
გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ბიუროს წევრი ხათუნა ბეციაშვილი speqtri.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ დახურული სხდომა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის გარკვევას მიეძღვნა. „რაიონში პარტიული რგოლების გაძლიერება სურთ. საუბარი იყო ასევე თვითმმართველობაში გამოცხადებულ კონკურსთან და გამოცდებთან დაკავშირებით. პარტიის ლიდერები (ნუკრი ქანთარია, ალექსანდრე თამაზაშვილი) დაინტერესდნენ „ქართული ოცნების“ რამდენმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში. როდესაც გაიგეს, რა მცირე ნაკადი გავიდა გამოცდაზე, გაუკვირდათ და უმაყოფილება გამოხატეს“.
მისი თქმით, თავადაც და პარტიის სხვა წევრებიც იმიტომ არ არიან დასაქმებულები, რომ თანამდებობის პირები უპირატესობას „ნაციონალებს“ ანიჭებენ. „სამსახურებში ახლობლები, ძმაკაცები, დაქალები, ნათესავები და ბიძაშვილები დაასაქმეს. მე პირდაპირ გერგიძეს ვადებ ხელს, რომ მაგისი გავლენაა. „ქართულ ოცნებას“ არაფრად აგდებს. გია გერგიძე არ არის პარტიის წევრი, არც მისი მოადგილეები და სამსახურის უფროსების უმრავლესობა არ არიან ჩვენი პარტიის წევრები. სულ რამდენიმე სოფელია, სადაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენელია რწმუნებულად“.
მმართველი პარტიის წევრების დასაქმება, როგორც ქალბატონი ხათუნა ამბობს, ბიუროს ძირითადი მიზანია. თუმცა, გია გერგიძე განგებ ცდილობს, გურჯაანის თვითმმარველობაში „ქართული ოცნების“ ძალის შემცირებას. „გამგებელი ამბობს, რომ ფეხებზე მკიდია და უფრო ცუდ რამეებზე მკიდია „ქართული ოცნების“ ხალხიო. ამბობს, რომ დაასაქმებს ყველას, თუმცა პრაქტიკულად „ქართული ოცნების“ წევრების გარდა ყველას ასაქმებს. ჩვენს მუნიციპალიტეტს ისევ ყოფილი „ნაციონალები“ მართავენ, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ მმართველობის უმნიშვნელო და პატარ-პატარა გაგრძელებები ვართ. ჩვენი პარტიის უბედურება ის არის, რომ ყველა რაიონში მსგავსი სიტუაციაა. გურჯაანში პარტიული მუშაობა თითქმის არ არსებობს“.
ხათუნა ბეციაშვილი აქვე იმ მიზეზებზეც საუბრობს, თუ რატომ იყო კონკურსზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების ასეთი დაბალი აქტივობა. როგორც თავად განმარტავს, კონკურსში მონაწილეობა იმიტომ არ მიიღო, რომ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებს უნდობლობას უცხადებს. „კონკურსზე იმიტომ არ გავედი, რომ კომისიის არც ერთ წევრს არ ვენდობი. კომისიაშია უპარტიო გერგიძე, რომელსაც გარშემო ყოფილი „ნაციონალები“ ჰყავს შემოკრებილი, მისი საძმაკაცო: გიორგაძე, ყვირალაშვილი და ა.შ. კიდევ ისინი „ვითომ ჩვენები რომ არიან“: ბექა მაისურაძე, ზაქრო ქაჩლიშვილი და ლევან ხაზიური“.
აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელს გია გერგიძეს მივმართეთ. „ხათუნა ბეციაშვილს შევთავაზეთ სამსახური, მაგრამ უარი განაცხადა და განყოფილების გამგედ ან სამსახურის უფროსად დანიშვნა მოითხოვა, რომლის ბაგაჟიც მაგას არ აქვს, ნულია. არავითარი განათლება არ გააჩნია. სამსახურის უფროსი რომ იყო, ამისთვის შესაბამისი ცოდნაც უნდა გქონდეს. პარტია იმას კი არ ამბობს, ვინც წევრია ყველა დირექტორი და სამსახურის უფროსი უნდა იყოსო. მე არ მაინტერესებს ხათუნა ბეციაშვილი და მაგისნაირები რას იტყვიან. ჩვენი პარტიის წევრებიდან 99% ჩამოყალიბებული და ნორმალური ხალხია: ვისაც შეგნებაც აქვს, განათლებაც და თან დასაქმებულიცაა. მან განა იმიტომ არ მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომ ჩვენ არ გვენდობა, არამედ იმიტომ, რომ თავის თავის იმედი არ აქვს, ვერ ისწავლიდა და ვერ ჩააბარებდა“.
რაც შეეხება ნეპოტიზმს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა პიროვნებების დაკონკრეტება მოითხოვა და ოპონენტები ცილისწამებაში დაადანაშაულა. „ვიცი მაგას ვისზეც აქვს გართულება. დიმა კალატოზიშვილს თუ მოიაზრებს, ის თავისი საქმის ბრწყინვალე სპეციალისტია და გურჯაანში მისნაირი არავინ მეგულება. ვინ არის ისეთი, რომელმაც კარგი მუშაობით თავი ვერ გამოიჩინა? რაც შეეხება „ნაციონალებს“, თუ ის ხალხი ჰყავს მხედველობაში, ვინც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა, მინდა ვთქვა, რომ ეს ის კატეგორიაა, რომელიც დუბინკებით არ დარბოდა, ხალხს არ არბევდა და ახლაც თავის მოვალეობას გადასარევად ასრულებს. ისინი უბრალოდ იმ დროში ცხოვრობდნენ. „კომუნისტების“ დროს ხალხი იმ პარტიის წევრი იყო, სხვა გზა არ ჰქონდათ. ამიტომ ეს ხალხი გავყაროთ?“
როგორც გამგებელი განმარტავს, წარსულში არც ერთ პარტიაში არ ყოფილა, თუმცა ახლა „ქართული ოცნების“ წევრია და მის იდეებს სრულად იზიარებს. „ქალბატონი ბეციაშვილი და კიდევ რამდენიმე ადამიანი ხელმოცარული პიროვნებები არიან, რომლებმაც ვერსად ივარგეს და უნდათ თავშესაფარი პარტიის სახით იპოვონ, მაგრამ პარტია ასეთ ხალხს თავშესაფარს არ მისცემს.“
გია გერგიძე ამბობს, რომ ხათუნა ბეციაშვილი „ქართული ოცნებიდან“ უნდა გაირიცხოს.
მასალის გამოყენების პირობები