საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი ბექა მაისურაძე speqtri.ge-სთან იმის შესახებ საუბრობს, თუ რატომ გაჭიანურდა
საბოლოო შედეგების გამოცხადება.
მისი თქმით, თითოეული კონკურსანტის შესაძლებლობები გულდასმით და ობიექტურად განიხილება, რასაც თავისთავად დრო სჭირდება.
„ზოგ შემთხვევაში ერთ ვაკანსიაზე 5 განაცხადია შემოსული. გვინდა თუ არა, ყველა უნდა განიხილოთ. 152 ვაკანსია ნამდვილად ბევრია. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცაზე უკვე შევჯერდით, ყველა კონკურსანტის პასუხს ერთნაირად გამოვაქვეყნებთ. ნაწილ-ნაწილ შედეგების გამოცხადება და კადრების დანიშვნა უფრო მეტ კითხვას გამოიწვევს“.
როგორც საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი განმარტავს, გასაუბრება ამ
კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია.
„აპლიკანტმა ტესტირებაზე შესაძლოა 80 ქულა აიღოს, მაგრამ იმ კონკრეტულ სამსახურთან მიმართებაში გაგებაში არ იყოს. საკმაოდ ბევრი შეგვხვდა ასეთი. ქულები მაღალი ჰქონდა, მაგრამ ხედვა არ გააჩნდა, ვერ აყალიბებდა როგორ წარმოუდგენია თავისი საქმიანობა. უბრალო საყოფაცხოვრებო შეკითხვის დროს კი, ბრინჯივით იბნეოდა. დასაქმებულს უნდა ჰქონდეს გრძელვადიანი ხედვა, იმიტომ, რომ მას ერთი თვით არ ნიშნავენ თანამდებობაზე. საქმეს, რომ დაავალებ, ყოველწუთს აღარ უნდა აკონტროლებდე, უნდა ენდობოდე. ამიტომ გვირჩევნია, შესარჩევი ეტაპი რამდენიმე დღით გაიწელოს, მაგრამ ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ საქმესაც წაადგეს და ქვეყანასაც. დღეს დანიშნული თანამშრომელი ხვალ შესაცვლელი არ უნდა გაგვიხდეს“.
მიუხედავად იმისა, რომ ტესტირების შემდეგ ყველა გამოცხადებულ ვაკანსიაზე არის ერთი ან რამდენიმე პრეტენდენტი, ბექა მაისურაძე არ გამორიცხავს, რომ გასაუბრების შემდეგ ზოგიერთი ადგილი ისევ ვაკანტური დარჩეს.
კონკურსანტების ნაწილი, ბრალს უყენებს თვითმმართველობას. მათი თქმით, საბოლოო შედეგების გამოქვეყნება იმის გამო ჭიანურდება, რომ „ქართული ოცნებისთვის“ სასურველმა კადრმა ბარიერი ვერ გადალახა. ბექა მაისურაზე კი თვლის, რომ, გურჯაანში ხალხი იმას ლაპარაკობს რაც თვითონ აწყობს და ამის თავადაც სჯერა.
მასალის გამოყენების პირობები