გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა არაკონკურენტულ გარემოში აირჩიეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სესიაზე თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხოლოდ თითო კანდიდატურა დასახელდა. ასევე ერთი კანდიდატურა იყო წარდგენილი გამგებლის ვაკანტურ ადგილზეც. ამიტომაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დეპუტატების ხმათა უმრავლესობით (გარდა ოპოზიციური პარტიების ორი დეპუტატისა), არაკონკურენტულ გარემოში აირჩიეს.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სესიაზე თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მხოლოდ თითო კანდიდატურა დასახელდა. ასევე ერთი კანდიდატურა იყო წარდგენილი გამგებლის ვაკანტურ ადგილზეც. ამიტომაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა დეპუტატების ხმათა უმრავლესობით (გარდა ოპოზიციური პარტიების ორი დეპუტატისა), არაკონკურენტულ გარემოში აირჩიეს. მას შემდეგ, რაც გურჯაანის ყოფილმა გამგებელმა გიორგი ჩივიაშვილმა პარლამენტის დეპუტატად იყარა კენჭი, მუნიციპალიტეტი ხელმძღვანელი პირის გარეშე დარჩა. მის მოვალეობას პირველი მოადგილე გოგა პეტრუზაშვილი ასრულებდა, რომელიც მომავალ გამგებლად მოიაზრებოდა, მის კონკურენტად ასევე გამგებლის მოადგილე შოთა უტიაშვილს ასახელებდნენ. კულუარებში იმაზეც საუბრობდნენ, რომ ორივე მათგანი `ცენტრში აწყობდა საქმეს~ და საბოლოოდ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი ის გახდებოდა, ვინც უფრო გავლენიან მფარველს მოძებნიდა. ასეა თუ ისე, პროგნოზი ნაწილობრივ გამართლდა. საკრებულოს პირველივე სესიაზე, ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ ზაქარია იაგანაშვილმა შოთა უტიაშვილის კანდიდატურა დაასახელა. მან კენჭისყრისას ხმათა უმრავლება მოიპოვა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლად კონკურენციის გარეშე გავიდა. თუმცა სესიამდე ერთი დღით ადრე შოთა უტიაშვილმა `სპექტრთან~ საუბრისას განაცხადა, რომ გამგებლის ვინაობაზე საუბარი ნაადრევი იყო. `ჯერ სესიაც არ ყოფილა და გადაწყვეტილება არ მიუღია, ამიტომ გამგებლის ვინაობაზე საუბარი ნაადრევია. ვინ რას ამბობს და რაზე საუბრობს, ვერ გეტყვით, ეს რეალობასთან, შესაძლოა, ძალზე დაშორებული იყოს,~ _ აღნიშნა მან. ხოლო კონკრეტული შეკითხვის დასმის შემდეგ შეფარვით, მაგრამ მაინც აღიარა, რომ გამგებლის თანამდებობის დაკავება სურდა."ქალაქის და რაიონის კეთილდღეობისთვის ზრუნვასა და საქმეში დაღლის სურვილი ყველა ადამინს ექნება, მაგრამ ეს რამდენად რეალურია, ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი მიჭირს," _ განმარტა შოთა უტიაშვილმა. მან არც თავის კონკურენტზე, გოგა პეტრუზაშვილზე ისურვა საუბარი და `სპექტრის~ შეკითხვაზე: "ამბობენ, რომ გამგებლობა გოგა პეტრუზაშვილსაც სურს და აჟამად თბილისში სწორედ ამ საკითხის მოსაგვარებლად არის წასული," _ ასევე ორაზროვნად უპასუხა:"ესეც, ალბათ, ჭორის დონეზეა. როდის არის წასული თბილისში? დღეს?~ სესიის წინა დღეს გამგებლის სავარაუდო კანდიდატურაზე საუბარი არც გურჯაანის ყოფილმა გამგებელმა და ამჟამად უკვე პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი ჩივიაშვილმა ისურვა, რომელიც იმ დროს ყოფილ მოადგილეს, შოთა უტიაშვილს და საკუთარ კაბინეტს სტუმრობდა. `არ ვიცი, ამის თაობაზე ჯერ ვერაფერს გეტყვით," _ განმარტა მან. მეორე დღეს უკვე გამგებლად არჩეულ შოთა უტიაშვილს კი წარმატებები და დაწყებული საქმეების ღირსეულად გაგრძელება უსურვა. "ახლადარჩეულ ხელმძღვანელობას მინდა ვუსურვო, რომ იყოს ძალიან წარმატებული, მიიყვანოს ბოლომდე ის საქმე, რაც დაწყებულია და აგრეთვე ჰქონდეს სხვა ინიციატივებიც, რაც, პირველ რიგში, გურჯაანის მუნიციპალიტეტს და აქ მაცხოვრებლებს წაადგებათ," _ აღნიშნა გიორგი ჩივიაშვილმა ხელმძღვანელი პირების არჩევის შემდეგ და იქვე `ნაციონალების~ ცნობილი ფრაზაც დასძინა, "რა გავაკეთეთ? _ ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე. თუმცა ამით კმაყოფილი არ ვარ, გასაკეთებელი კიდევ ბევრია: დაწყებულია გზების რეაბილიტაცია, ელექტროენერგიის ინდივიდუალური გამრიცხველიანება სოფლებში, გაზიფიცირება, დასაქმება და სხვა, რაც ჩვენი წინაასარჩევნო დაპირებები იყო. ყველა ამ საქმის მოგვარებას ისეთი ენერგიული ადამიანები სჭირდება, როგორებიც ახლა ავირჩიეთ. შოთას კიდევ ერთხელ ვუსურვებ, იყოს იმაზე უფრო მეტად წარმატებული, ვიდრე (თუ ვინმეს ჰგონია, რომ) მე ვიყავი. ეს ბიჭი ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს." თვითონ შოთა უტიაშვილმა კი თავის კომენტარში აღნიშნა, რომ მისი გამგებლად მოსვლის შემდეგ მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვნად არაფერი შეიცვლება და უპირველეს მოსაგვარებელ პრობლემადაც გადაჭრით ვერც ერთი ვერ დაასახელა. "ჩემი პირველი ნაბიჯი იქნება იმ დიდი საქმის გაგრძელება, რაც დაწყებულია. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ის ვალდებულება, რაც საკრებულომ დამაკისრა, ვეცდები პირნათლად შევასრულო. რაც შეეხება უპირველეს პრობლემას, საქმეს გავეცნობი და შემდეგში ვნახოთ," _ აღნიშნა გამგებლის ყოფილმა მოადგილემ ინფრასტრუქტურის საკითხებში. საინტერესო იყო ის ფაქტიც, რომ არც საკრებულოს თავმჯდომარეს და არც მის მოადგილეს კონკურენტები არ ჰყოლიათ. ორივე მათგანი _ ზაქარია იაგანაშვილი და ალექსანდრე სირბილაშვილი თანამდებობებზე მეორე ვადით აირჩიეს. მართალია, საკრებულოს ოპოზიციური პარტიების ორმა წარმომადგენელმა კენჭისყრის დროს წარდგენილ კანდიდატურებს ხმა არ მისცა, მაგრამ არც საკუთარი კანდიდატურები დაუსახელებიათ. "კარგი იქნებოდა, თუ საკრებულოში ფრაქციით შემოვიდოდით, მუშაობა და საკუთარი აზრის დაცვა უფრო გამიადვილდებოდა. საკრებულოც გაცილებით დემოკრატიული იქნებოდა. ჩვენ ყველაფერს გავაკონტროლებთ. რაც შეეხება კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებას, აზრი არ აქვს, რადგან 31 დეპუტატის ორი ხმით შეწინააღმდეგებას შედეგი არ ექნება. ჩვენი ინიციატივები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, იმდენად მისაღები და დამაჯერებელი უნდა იყოს, რომ დეპუტატებმა საკითხი კენჭისყრამდე არ მიიტანონ და მანამდე მოეწონოთ," _ აღნიშნა `ქრისტიან დემოკრატების~ წარმომადგენელმა საკრებულოში ნინო მურაკაშვილმა. საკრებულოს თავმჯდომარის, ზაქარია იაგანაშვილის აზრით, მუშაობის განმავლობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიკვეთება, რომელიც მისი ვარაუდით, გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის სასარგებლო შედეგით დასრულდება. "იმედი მაქვს, საკრებულოს ახალი წევრები, პირველ რიგში დაინტერესებულები იქნებიან მუნიციპალიტეტის კეთილდღეობით და არა წმინდა პარტიული ინტერესით. გვექნება განსხვავებულ აზრთა ჭიდილი და საბოლოოდ ხალხის სასიკეთო აზრზე შევჯერდებით. შესაძლოა, საკრებულოსა და გამგეობას შორის მთლად ჰარმონიული ურთიერთობა არ იყოს, რადგან თვითმმართველობის ორგანო გამგეობის მაკონტროლებელია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმ განწყობას, რაც ერთმენეთის მიმართ გვექნება," _ აღნიშნა ზაქარია იაგანაშვილმა. გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქციებსა და კომისიებს მომავალ კვირას აირჩევენ. ჯერჯერობით ცნობილი არ არის, დატოვებს თუ არა ახალი გამგებელი ყოფილ კონკურენტს, გოგა პეტრუზაშვილს, მოადგილის თანამდებობაზე, ან ვინ იქნება გამგებლის მეორე მოადგილე, ანდა განხორციელდება თუ არა გამგეობაში საკადრო ცვლილებები.
მასალის გამოყენების პირობები