საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი დელიმიტაციის პროცესშია
დავით გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები ორ ქვეყანას შორის
სადავო გახდა. ხელისუფლება იქ მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებზე არ
საუბრობს, ექსპერტების თქმით კი, სიტუაცია საგანგაშოა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში ძირითადად აჭარიდან
ჩამოსახლებული ეკომიგრანტები ცხოვროებენ, თუმცა მათ გვერდით ქისტებსა
და ქიზიყის სხვადასხვა სოფლებიდან ჩასახლებულ ოჯახებსაც შეხვდებით.
სოფელი რაიონული ცენტრიდან დაახლოებით 40 კილომეტრითაა მოშორებული და
სასაზღვრო ზოლის გასწვრივაა გაშენებული. მისი ერთი უბანი, რომელსაც
ერისიმედელები სიკოხტავის გამო ხუმრობით `სიყვარულის უბანსაც~
უწოდებენ საზღვრიდან ოთხ-ხუთ მეტრში მდებარეობს. სწორედ ამ უბანში
20-25 წლის წინ აშენებული ბინების მეპატრონეებს საკარმიდამო
ნაკვეთებსა და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზაციაზე
გაურკვეველი მიზეზების გამო უარს ეუბნებიან.
"აჭარიდან 1989 წელს ჩამოვედით და უკვე 22 წელია აქ
ვცხოვრობთ. შარშანწლიდან საკარმიდამო ნაკვეთებისა და სახლების
პრივატიზაცია დაიწყო, მაგრამ ამ ორ ქუჩაზე მაცხოვრებლებს არც მიწები
დაგვიმტკიცეს და არც მასზე არსებული შენობა-ნაგებობები. გვითხრეს, ეს
საკითხი ჯერ განიხილება, თუ დაგვთანხმდნენ და დადებითად გადაიჭრა, ხომ
კარგიო. ამბობენ, რომ ამჟამად არსებული საზღვრის გამყოფი
მავრთულხლართი, არასწორადაა გავლებული და ეს ორი ქუჩა აზერბაიჯანის
მხარეს ეკუთვნის, სატელიტით გადაღებულ ფოტოზე ასე ჩანსო. მთავრობას
რამდენჯერმე მივმართეთ, მაგრამ გვითხრეს ჯერჯერობით ეს პროცესი
შეჩერებულიაო, მიზეზად იმას ასახელებდნენ, რომ ეს სასაზღვრო
ზოლია!" _ ამბობს იური ხოზრევანიძე. ერისიმედელებისთვის
გაურკვეველია, სად უნდა გადაასახლონ ისინი, თუკი საქართველოს
ხელისუფლება ამ ტერიტორიებს აზერბაიჯანს ნამდვილად დაუთმობს. ზოგიერთი
მათგანი კი ამ გადაწყვეტილების კატეგორიული წინააღმდეგია."მე
არსად წამსვლელი არ ვარ. ჩემი 25 წლის შვილი ამ მიწაზე მარხია, რაც არ
უნდა მიყონ, იმის სასაფლაოს არ დავტოვებ!" _ გვითხრა ჟუჟუნა
ბერიძემ.
სოფლის მკვიდრი მოსახლეობა აღნიშნავს, რომ გაურკვეველი პასუხის
შემდეგ, მათ საკუთარი ძალებით სახლისა და ნაკვეთის ოფიციალურად
დამტკიცება რამდენჯერმე სცადეს, მაგრამ უშედეგოდ. იმედის გადაწურვის
შედეგად, ზოგიერთი კომპენსაციაზეც აქტიურად საუბრობს და გაუსაძლის
პირობებში ყოფნას, გადასახლებას ამჯობინებენ."გაუსაძლის
პირობებში ვართ: არა წყალი, გაზი, აფთიაქი, რა ვიცი რაღა ჩამოვთვალო?!
სეზონზე გახშირებული წვიმების გამო, სახლები ისე იტბორება, წყალი
სარდაფის ზემოთაა ამოსული და ყველაფერს ანადგურებს. ახლა ეს პრობლემაც
დაგვემატა. ჩვენი აზრით, საკითხი მთავრობამ დროულად უნდა გადაწყვიტოს,
მოგვხედოს და გვიპატრონოს. აბა ჩვენ რას ვიზამთ? სადმე თუ
გადავსახლდებით, თორემ სხვა რას გავაკეთებთ?! იმასაც ამბობენ,
კომპენსაციას გადაგიხდიანო, ალბათ ასე თუ იქნება..." _
ამბობს მარინე ზედელაშვილი.
მისივე თქმით, სოფლის პირველი უბნის მკვიდრი მოსახლეობა ადრევე
ცდილობდა საკუთრების პრივატიზებას, დააიმედეს კიდეც, მაგრამ ბოლოს
გადაიფიქრეს და კონკრეტულ მიზეზებსაც არ ეუბნებიან, არც კომპეტენტური
პირისგან მიუღიათ არანაირი ახსნა-განმარტება. "ჩემი
მეუღლე ამ სოფელში ცისტერნაზე მუშაობდა, თავდაპირველად რძეს,
მოგვიანებით კი წყალს ეზიდებოდა. იმ პერიოდში სოფელს წყალი არ ჰქონდა.
ამის მერე შემოვრჩით აქ. 1986 წელს, სოფელი რომ დაარსდა, დაახლოებით
15 ბინა ააშენეს, ეს პირველი დასახლება იყო. საკარმიდამო ნაკვეთისა და
სახლ-კარის მოწმობა გვჭირდებოდა და რამდენჯერმე თხოვნითაც მივმართეთ.
შარშან პასპორტები (პირადობის მოწმობა) და რაღაც საბუთებიც მოაგროვეს,
დაგვაიმედეს, რომ ამ ბინებს დაგვიმტკიცებდნენ, მაგრამ სოფლის
შემოსასვლელში მხოლოდ 25 მეასედი მიწის ნაკვეთები დაგვიკანონეს.
შარშანწინ აზერბაიჯანის საზღვარზე ჰექტარნახევარი შემოვღობეთ, რომ
გაჭირვების გამო სიმინდი ან სხვა მარცვლეული მოგვეყანა, მაგრამ გასულ
წელს ეგეც აგვაშლევინეს, იმ მიზეზით, რომ საძოვრები აღარაა, საქონელი
ტყეში გადის და ნადირი ჭამსო. სოფლის შემოსასვლელში სტადიონია
შემოღობილი და როგორც ამბობენ, სკოლა უნდა ააშენონ, თუ ასე მოხდა,
ალბათ გვეშველება. ამიტომ მშენებლობის დაწყებას ყველა იმედის თვალით
შევყურებთ," _ გვითხრა მარინე ზედელაშვილმა.
არასწორადაც რომ იყოს გავლებული მავრთულხლართი, რომელიც საქართველოსა
და აზერბაიჯანს ერთმანეთისგან ჰყოფს, სოფლის მოსახლეობის მტკიცებით,
საქართველოს კუთვნილი 70-80 ჰექტარი აზერბაიჯანის მხარეზეა დარჩენილი.
საქართველოს ხელისუფლება კი ამის შესახებ არ
საუბრობს. "ამბობენ სატელიტიდან ასეა დაფიქსირებული და
ეს ორი ქუჩა აზერბაიჯანის მხარესააო. არადა, ჩვენი კუთვნილი
დაახლოებით 70-80 ჰა. მათ მხარეზეა დარჩენილი. ე.წ. მრგვალ ტბასთან
არსებულ ამ ტერიტორიებს ჩვენ ვერ ვიყენებთ, რადგან აქედან მისასვლელზე
წყალია, ისინი კი საქონელს ამ მიწაზე აძოვებენ, მაგრამ ამაზე არავინ
ლაპარაკობს," _ ამბობს "სპექტრან" საუბარში ა.
ფოლადაშვილი.
აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, რადიკალურად განსხვავებულ
მოსაზრებას გამოთქვამს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი ნოდარ
კოჭლამაზაშვილი. "სოფელ ერისიმედის მოსახლეობის ბინებისა და
საკარმიდამო ნაკვეთების პრივატიზებასთან დაკავშირებით 2010 წელს
ფაქტობრივად, ჩვენი გამგეობის დახმარებით, 97 ოჯახს მოვუმზადეთ
სათანადო დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც საშუალება ექნებათ
დაუკანონდეთ საკუთრება. გამგეობამ გაიღო ყველა ხარჯი საკადასტრო
ნახაზებისა და სხვა საჭირო დოკუმენტის მოსამზადებლად. ეხლა უკვე
თითოეული მოსახლე, მესაკუთრე, ვისაც სურვილი აქვს დაიმტკიცოს მიწა და
სახლი, უნდა მივიდეს შესაბამის სამსახურში, საჯარო რეესტრში,
გადაიხადოს მხოლოდ რეგისტრაციის ოფიციალური გადასახადი და
დაარეგისტრიროს კუთვნილი ქონება. მე მაქვს ინფორმაცია, რომ სამოცამდე
მესაკუთრემ ეს უკვე გააკეთა. ჩვენ ხელთარსებული ინფორმაციით,
დღევანდლამდე არც ერთ ოჯახს პრობლემა არ შექმნია. თუ რაიმე
გაურკვევლობა და შეუთავსებლობაა, არსებობს შესაბამისი კომპეტენტური
ორგანოები, სადაც გასცემენ პასუხს. მოგვაკითხონ, ჩააყენონ ადგილობრივი
თვითმმართველობა საქმის კურსში და შევეცდებით აღნიშნული საკითხი
გავარკვიოთ," _ ამბობს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელი
ნოდარ კოჭლამაზაშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა
ერისიმედში არსებულ პრობლემებს უარყოფს 2010 წლის 6 დეკემბერს,
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ
ბრიფინგზე განაცხადა, რომ "სოფელი ერისიმედი სადავო ტერიტორიაზეა."
"ეს სოფელი იმყოფება იმ ტერიტორიაზე, რომელიც დელიმიტაციის
პროცესშია და სადავო ობიექტს წარმოადგენს," _ აღნიშნა
კალანდაძემ.
ხელისუფლების მხრიდან მსუბუქი შეფასებები, რომელიც, ალბათ,
მოსახლეობის დამშვიდებას ემსახურება, დიდი იმედის მომცემი არ უნდა
იყოს, რადგან ექსპერტების აზრით სიტუაცია საგანგაშოა. ექსპერტი
კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე აღნიშნავს: "სამწუხაროდ
ეს არის ფაქტი, სოფელ ერისიმედის სკოლის მიმდებარე ორი ქუჩა, გარდა
ამისა, სათიბების, სახნავ-სათესისა და საძოვრების ნაწილი არის
სადავოა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, საზღვრების დემარკაციის
საკითხი ამ მონაკვეთში მოგვარებული არ არის, ამდენად ეს თემა მწვავედ
დგას. ხალხი გაურკვეველ მდგომარეობაშია და რაც არ უნდა
განაცხადოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, ეს საკითხი ჯერჯერობით
განხილვის რეჟიმშია. მოსახლეობას სიმართლეს არ ეუბნებიან, თუმცა
ირიბად მიანიშნებენ ამის შესახებ, მაგრამ რა მოჰყვება ამ პრობლემას
არავინ აკონკრეტებს." მამუკა არეშიძის განცხადებით, ყველა ის
ფაქტი, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა საუბრობს სიმართლეს შეესაბამება,
ამას აზერბაიჯანის მხარეც აღნიშნავს: "რადგან ქართული მხრიდან
ვერ მოვიპოვეთ კონკრეტული ინფორმაცია, დავუკავშირდით ჩვენს
აზერბაიჯანელ კოლეგებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ეს ნამდვილად
ასეა," _ ამბობს მამუკა არეშიძე.
ექსპერტის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეძლოს და
პრინციპულად დაიცვას ის ტერიტორიები, რომლებიც თავის დროზე
კომუნისტებმა შეინარჩუნეს: "ოთხმოციან წლებში მდინარე
ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა, საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ
სწორი ნაბიჯი გადადგა და იმის გამო, რომ ეს ტერიტორიები
შეენარჩუნებინა, იქ შექმნა სოფელი ერისიმედი. დაასახლა ეკომიგრანტები,
ქისტები და სხვა. სხვათა შორის, უნდა გითხრათ მნიშვნელოვანი რამ,
აზერბაიჯანის ჩრდილოეთში მდინარე სამურმა, რომელიც აზერბაიჯანს
დაღესტნისგან ჰყოფდა, ანალოგიურად შეიცვალა კალაპოტი და თავისთავად
საზღვარიც, ოღონდ ამჯერად რუსეთის სასარგებლოდ. აზერბაიჯანის
ხელისუფლებამ ბაქოში მედვედევის ვიზიტის დროს რუსეთის ხელისუფლებასთან
მიაღწია შეთანხმებას და ეს ტერიტორია აზერბაიჯანს დარჩა, თანაც არა
მარტო მიწების ეს ნაწილი, არამედ აზერბაიჯანის შემადგენლობაში ორი
ლეკური სოფელი აღმოჩნდა. ეს მოხდა ფაქტობრივად გასულ წელს და თუკი
აზერბაიჯანს შეუძლია იყოს ასეთი პრინციპული, რატომ არ შეიძლება
საქართველოც იყოს ასეთივე პრინციპული ერისიმედისა და დავითგარეჯის
საკითხთან მიმართებაში?" რამდენიმეწლიანი დავა, რომელსაც
დასასრული ჯერ კიდევ არ უჩანს, რადგან საქართველოს ოფიციალური
მთავრობა ამ პრობლემის სიმწვავეს არ აღიარებს და საკუთარი
მოქალაქეების ფუჭი იმედებით დამშვიდებას ცდილობს, ქართველი
მოსახლეობის სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე მძიმედ აისახება.
სოფელი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ქვეყნის საიმედოდ
შეიქმნა და სახელიც შესაბამისი _ ერისიმედი დაერქვა, შესაძლოა, მალე
საქართველოს კუთვნილებას აღარ წარმოადგენდეს.
მასალის გამოყენების პირობები