...მოვა, მაგრამ როდის?!
კომბინირებული სასოფლო-სამეურნეო ბარათები სოფელ ველისციხისა და ახაშნის მოსახლეობის დიდ ნაწილს ჯერ კიდევ არ მიუღია. ადგილობრივები აგროვადების დარღვევაზე აქტიურად საუბრობენ და აცხადებენ, რომ ნაკვეთების მოხვნას აზრი აღარ აქვს. თვითმმართველობის წარმომადგენლები იმ მიზეზებს ასახელებენ, რის გამოც
ბარათების გაცემა
გვიანდება. დროში გაწელილი პროცესის გამო კი საბოლოოდ, გლეხები ზარალდებიან.
ველისციხეში მცხოვრები ზაქარია ქევხიშვილი ამბობს, რომ სოფლის ტერიტორიული ორგანოს შენობაში სიების სანახავად ყოველ კვირა დადის, თუმცა, თავისი გვარი ამ დრომდე ვერ ამოიკითხა. მისი თქმით, ნაკვეთის დამუშავება ძალიან გვიანდება და ეს მოსავლის ხარისხზეც აისახება.
-"2 ჰექტარი ცარიელი ადგილი გასუფთავებული მაქვს, რომელიც ვაუჩერის ლოდინში დასამუშავებული დამრჩა. სოფლის საბჭოს ყოველ კვირას ვაკითხავ, მაგრამ სიაში ჯერ არ ვარ. მოსახლეობის ნაწილმა ბარათებით უკვე ისარგებლა, უმეტესობას კი არ აგვიღია. არადა, ნაკვეთს ჯერ მოხვნა, შემდეგ დადისკვა სჭირდება. სიმინდი მინდა დავთესო, მაგრამ როდისღა? ვენახისთვის ნომინალური ბარათიც არ ამიღია, მაგრამ წამლვა იმდენად არ გვიანდება, როგორც მოხვნა," _ გვითხრა ზაქარია ქევხიშვილმა.
როგორც ჩვენთან საუბარში ამავე სოფლის მკვიდრმა ნოდარ მდივნიშვილმა აღნიშნა, ის არც ძირითად და არც დამატებით სიაშია.
-"ცარიელი ადგილიც მაქვს, ვენახიც და ხეხილიც. როდესაც მიწების აღწერა მიმდინარეობდა, ყველა ნაკვეთი არ მოინიშნეს. სიებშიც არ ვიყავი. მითხრეს, განცხადება ხელმეორედ დაწერეო, მაგრამ არც დამატებით სიაში ვარ. არ ვიცი ვიღას უნდა მივმართო."
ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ახაშენშიც. როგორც ჩვენთან საუბარში ამავე სოფლის მკვიდრმა აჟდარ ვარდოსანიძემ აღნიშნა, მან მხოლოდ ნომინალური ბარათი მიიღო, კომბინირებულს კი დღემდე უშედეგოდ ელოდება.
-"1 ჰექტარი და 25 მეასედი ცარიელი ადგილი მაქვს. ყველაფერს პირუკუ აკეთებენ, შხამქიმიკატების ვაუჩერი უკვე ავიღეთ, მაგრამ რად მინდა? ადგილი ჯერ დასამუშავებელია. ატმის ნამყენი ვიყიდე და მინდა ჩავყარო. თუ მიწა არ დამუშავდა, როგორ გადავრგო? სამუშაოები უკვე გვიანდება, თუ დროულად არ გადავიტანე, ნერგი გაფუჭდება.ამაშიც ხომ ფული მაქვს გადახდილი. კვირაში რამდენჯერმე ვაკითხავ ტერიტორიულ ორგანოს, მაგრამ სიაში არ ვარ. ერთი პერიოდი გვითხრეს, რომ მოხვნის ვაუჩერების დარიგება შეჩერებულია და შემოდგომისთვის გადაიდოო. არ ვიცით რეალურად რა ხდება, კონკრეტულ პასუხს ვითხოვთ," _ გვითხრა მან.
ახაშენში მცხოვრები გოდერძი მღებრიშვილის თქმით, სოფლის მაცხოვრებლებს ვაუჩერებთან დაკავშირებით სხვა ინფორმაციაც აქვთ.
-"სოფელში თქვეს, რომ ბარათები სამინისტრომ უკვე დიდი ხანია გამოგზავნა, მაგრამ აქ ადგილობრივები არ არიგებენო. რატომ არ მოვიდა ჩვენამდე ეს ვაუჩერები, არ ვიცით. ამაზე სოფლის მაცხოვრებლებმა უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვეს.ამის შემდეგ საბჭოში გვითხრეს, რომ ოღონდ დაწყნარდით, ეს ამბავი სამინისტრომდე არ მიიტანოთ და ცოტა ხანში ვაუჩერი ყველას დაურიგდებაო. კიდევ ცოტა ხანს მოვიცდით და მერე სხვანაირად მივხედავთ ამ საქმეს. კი ამბობენ, ვაუჩერები მოვაო, მაგრამ როდისღა?!"
ამ პრეტენზიებზე კონკრეტული პასუხი არ აქვს ახაშნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულს გიორგი მელექსიშვილს, რადგან მისი განმარტებით, აღნიშნულ თანამდებობაზე სამი კვირის წინ დაინიშნა.
-"მანამდე რა ხდებოდა, არ ვიცი, მაგრამ ჩემი მოსვლის შემდეგ სასოფლო-სამეურნეო ბარათებთან დაკავშირებით არანაირი დარღვევები არ ყოფილა. სამინისტროდან რასაც გვაწვდიან, ჩვენც მაშინვე ვარიგებთ. კომბინირებული ბარათების გაცემა ჩემს მოსვლამდე დაიწყო, რაც შეეხება ნომინალურ ბარათებს, მათი დარიგება მიმდინარეობს. თუ არის შემთხვევა და პიროვნებას არ შეუძლია მოსვლა, სახლში მიგვაქვს. ვიცი, რომ გარკვეულ ნაწილს არ აუღია, მაგრამ ცოტა ხანში კუთვნილ ბარათს ყველა აუცილებლად მიიღებს. არ ვიცი, მოსახლეობა რითია უკმაყოფილო. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, ზოგს მოხნული ჰქონდა და მაინც აიღო კომბინირებული ბარათები, ზოგმა კი ნომინალური გაყიდა კიდეც," _ გვითხრა გიორგი მელექსიშვილმა.
ანალოგიური კომენტარი გააკეთა ველისციხის რწმუნებულმა ნუკრი ბახლიშვილმაც. მისი თქმით, ადგილზე ჩამოსული ბარათები დაუყოვნებლივ რიგდება.
"სპექტრი" იმ საკითხითაც დაინტერესდა, თუ რა მდგომარეობაა ამ კუთხით ქალაქ გურჯაანში. როგორც ჩვენთან საუბარში ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულმა დიმა არევაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის 393 კომბინირებული ბარათია გაცემული.
-"სამინისტროსგან 396 ცალი კომბინირებული ბარათი ჩამოვიდა და მხოლოდ სამი დაბრუნდა უკან, დანარჩენი უკვე დარიგებულია. რაც შეეხება ნომინალურს, 1054 ცალი ჩამოვიდა და ყველა დარიგდა. ყოველ წუთს ველოდებით კიდევ ახალი პარტიის ჩამოსვლას, დანარჩენს დაახლოებით ათი დღის ვადაში მოგვაწვდიან. მოსახლეობა მოდის და კითხულობს. ჩვენც მოლოდინის რეჟიმში ვართ. როგორც ჩამოვა, მაშინვე დაიწყება გაცემა," _ განმარტა მან.
გურჯაანის გამგებლის მოადგილის გიორგი ჩეკურიშვილის თქმით, რაიონის მასშტაბით ამჟამად ბარათების ნახევარზე მეტი გაცემულია და პროცესი კიდევ მიმდინარეობს.
-"მთლიანობაში კომბინირებულიც და ნომინალურიც 12 ათასი ბარათი გვაქვს დასარიგებელი, რომლებიც იბეჭდება და ამ კვირაში ველოდებით მათ ჩამოსვლას. სიები ჯერ რეესტრში მიდის, იშიფრება, რომ არ იყოს გაორება, პიროვნება არ იმყოფებოდეს საზღვარგარეთ ან არ იყოს გარდაცვლილი. ზოგი შესასწორებლად უკან დაგვიბრუნდა. ამიტომ არის, რომ დარიგების პროცესი დაგვიანდა. ეხლაც არის მოსული გაორებული სიები, ოღონდ ძალიან ცოტა, რომელიც დღეს უნდა გადავცეთ (10.04.2013). ბარათებს პირველ აგვისტომდე აქვს ვადა. წინა ეტაპზე ჩამოვიდა 26 კომბინირებული ბარათი, სადაც მითითებული არ იყო პირადი ნომრები, ეტყობა სტამბას მოუვიდა შეცდომა. ამიტომ უკან გადავაგზავნეთ და ხელახლა დაბეჭდეს. გეთანხმებით, რომ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები გვიანდება, მაგრამ მოსახლეობა აუცილებლად მიიღებს კუთვნილ ბარათებს და შეძლებს ნაკვეთების დამუშავებას. ისე არავინ დარჩება," _ აღნიშნა გიორგი ჩეკურიშვილმა.
აღნიშნულ საკითხზე "სპექტრი" სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში განმარტეს:
-"ვინაიდან მიწის 80% არ იყო რეგისტრირებული, ამიტომ საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა მიწათმესაკუთრეთა აღწერა კარდაკარის პრინციპით. ეს აღწერა ჩაატარეს სოფლის რწმუნებულებმა.
მათ ეს სიები მიაწოდეს გამგეობებს და ამის შემდგომ სიები გადმოეცა სოფლის მეურნეობის სამინისტროს. შეიქმნა საინფორმაციო ბაზა და მოხდა ადგილებზე მონაცემთა მეორადი გადამოწმება, იანვარ-თებერვალში სოფლის რწმუნებულებს მიეცათ შესაძლებლობა გამოესწორებინათ აღწერის დროს აღწერილი უზუსტობები და ხარვეზები და შეედგინათ დამატებითი სიები, რომლის მიხედვითაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბეჭდავს სასოფლო-სამეურნეო ბარათებს. დაბეჭდილი ბარათები ეგზავნებათ სოფლის რწმუნებულებს, რომლებიც უშუალოდ ურიგებენ გლეხებს.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება გურჯაანში 21 თებერვალს დაიწყო.პარალელურად, მუშაობა მიმდინარეობდა გამოტოვებულ სოფლებთან დაკავშირებით. სააგენტომ 6 აპრილს გურჯაანის რაიონის ორ გამოტოვებულ სოფელში ბარათები უკვე დაარიგა. სოფელ ჩუმლაყში კომბინირებული 23, ხოლო ნომინალური კი 562 დარიგდა. სოფელ ჯიმითში კი სოფლის მკვიდრთ 436 ნომინალური და 279 კომბინირებული ბარათი გადაეცათ.
დამატებითი სიების მიხედვით სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება შაბათს (13.04.2013, ავტ.) დაიწყება.
სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების და გამოყენების პროცესს მონიტორინგს პროექტების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფი უწევს. სულ შექმნილია ათი ორკაციანი ჯგუფი, რომელიც პროგრამის მიმდინარეობას თითქმის ყველა რაიონში აკვირდება." (სტილი დაცულია).
უცნობია, რამდენად შესრულდება სამინისტროსა და ადგილობრივი ხელმძღვანელობის დაპირება ბარათების გაცემასთან დაკავშირებით, მაგრამ ფაქტია, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების დამუშავება გვიანდება. ამ ფაქტს გლეხებთან ერთად სპეციალისტებიც ადასტურებენ. იმოქმედებს თუ არა აგროვადების დარღვევა მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე, ამას მომავალი გვიჩვენებს.
"სპექტრი" ამ საკითხს თანმიმდევრულად გააშუქებს. ყველა დაინტერესებულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა ჩვენი გაზეთის საშუალებით მიიღოს კითხვაზე პასუხი კომპეტენტური პირისგან. შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: 0(353) 223938.
მარინა პეტრიაშვილი
მასალის გამოყენების პირობები