გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2023 წლის ბიუჯეტი,
წინა წელთან შედარებით, 95 მლნ ლარით იზრდება. ამის შესახებ გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა.
„პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, პარლამენტისთვის წარდგენილი
ბიუჯეტით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
დაფინანსება 95 მლნ ლარით იზრდება მიმდინარე წლის დამტკიცებულ
ბიუჯეტთან შედარებით. ჩვენ ზრდა გვაქვს, ფაქტობრივად, ყველა
მიმართულებით, ყველა პროგრამაში: „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „დანერგე
მომავალი“, ასევე, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების
თანადაფინანსება და, რა თქმა უნდა, აგროსასურსათო პროდუციის
პოპულარიზაციის მიმართულება, რაც, დამეთანხმებით, ძალიან
მნიშვნელოვანია. ბიუჯეტის ზრდა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ ყველა
ამ პროექტში, დაფინანსების ყველა მექანიზმში, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ
ფერმერებს და მეწარმეებს, არის მოთხოვნის მნიშვნელოვანი ზრდა.
ყოველწლიურად, მნიშვნელოვნად იზრდება მოთხოვნა ბაღების გაშენებაზე,
შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაზე. აგროკრედიტის
პორტფელი 1 300 000 000 ლარის ფარგლებშია. ბიუჯეტი იზრდება ყველა
მიმართულებით“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
ცვლილებები სოფლის მეურნეობის მიმართულებით შემდეგია:
• გაიზრდება სახელმწიფო პროგრამების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“,
„დანერგე მომავალი“, შემნახველი და გადამმუშავებელი საწარმოების
თანადაფინანსების პროგრამა ბიუჯეტი;
• მეტი ფინანსური რესურსი მოხმარდება ადგილობრივ და საერთაშორისო
ბაზრებზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას;
• გაგრძელდება მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
თანადაფინანსების პროგრამა;
•
United
Nations Development Programme - UNDP-ის მხარდაჭერით, დაიწყება
ახალი პროგრამა, რომელიც სოფლის განვითარებისთვის ევროპული
დაფინანსების პრინციპის დანერგვას ითვალისწინებს.
რაც შეეხება გარემოსდაცვით მიმართულებას, ბიუჯეტი, 2022 წელთან
შედარებით, 18%-ით იზრდება. გაზრდილი ბიუჯეტით კი გათვალისწინებულია
ეკოტურიზმის განვითარება, დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის
მოწესრიგება/მოწყობა და ახალი ვიზიტორების მოზიდვა.
მასალის გამოყენების პირობები