ხორბლის აღების პროცესში სახელმწიფო კომპანიის 80-მდე კომბაინია
ჩართული. ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ კახეთში ვიზიტისას ისაუბრა.
ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრო ფეისბუქ გვერდზე ავრცელებს.
ოთარ შამუგია, აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ
მოაგილე გელა სამხარაულთან, კახეთის მხარის რწმუნებულ ირაკლი
შიოშვილსა და დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანაშვილთან ერთად,
ხორბლის აღების პროცესს დედოფლისწყაროში გაეცნო.
“კახეთის რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ხორბლისა
და ქერის მოსავლის აღებისა და დაბინავების პროცესი, რის შემდეგაც
კომბაინები შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში
გადაინაცვლებს. მოსავლის აღების პროცესში ჩართულია სახელმწიფო
კომპანიის 80-მდე კომბაინი; ასევე, კერძო სექტორის ტექნიკა. მინდა
აღვნიშნო, რომ ჩვენი მხარდაჭერით, სახელმწიფო თანადაფინანსების
პროგრამით 30-ზე მეტი ახალი კომბაინი იქნა კერძო სექტორის მიერ
შეძენილი, რომელიც ასევე ჩართულია მოსავლის აღების პროცესში, თუმცა ეს
რაოდენობა საკმარისი არ არის. ჩვენ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ
თანადაფინანსებას და ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების ტექნიკის რაოდენობას გავზრდით, რაც ფერმერებს
შესაძლებლობას მისცემს, შეუფერხებლად, აგროვადებში შეძლონ მოსავლის
აღება”, - აცხადებს ოთარ შამუგია.
მან ასევე ისაუბრა მოსავლიანობის ზრდის ტენდენციებზე და აღნიშნა, რომ
2021 წელს, 2020 წელთან შედარებით, დაახლოებით, 33%-ით გაიზარდა
ხორბლის წარმოება და მოსავალი მიმდინარე წელსაც უხვია.
“იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მოსავლის ქვეყანაში
დარჩენასა და ადგილობრივი ბაზრის მომარაგებას, ჩვენ მივიღეთ
გადაწყვეტილება- შევზღუდეთ ხორბლისა და ქერის ექსპორტი. აქვე მინდა
აღვნიშნო, რომ ქვეყანაში ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად
განსახორციელებელია კომპლექსური ღონისძიებები, რაზეც აქტიურად
ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან ერთად.
აშშ-ში ვიზიტის დროს, აღნიშნული საკითხი განვიხილეთ არაერთ
მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა მივიღოთ მათი მხარდაჭერა თესლის
წარმოების, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის, ტექნიკით უზრუნველყოფის
მიმართულებებით, შესაბამისად, გავზარდოთ თვითუზრუნველყოფა და ნაკლებად
ვიყოთ დამოკიდებულები იმპორტზე”, - აღნიშნავს მინისტრი.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით
მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღება აგროვადების დაცვით,
შეუფერხებლად მიმდინარეობს. მობილიზებულია შპს „სოფლის მეურნეობის
ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ 78 ერთეული კომბაინი.
მოსავლის აღების პროცესში ასევე ჩართულია სოფლის განვითარების
სააგენტოს „მოსავლის ამღები სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის
თანადაფინანსების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსებით
შეძენილი 32 კომბაინიც. აღნიშნული კომბაინების შესაძენად სააგენტოს
თანადაფინანსება 3 მლნ ლარს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები