გურჯაანში ატმის კრეფა, დაახლოებით ორ კვრაში, აქტიურად დაიწყება.
ფერმერების ნაწილი შიშობს, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო,
ექსპორტზე ხილი ვეღარ გავა, რაც რეალიზაციის პრობლემას შექმნის და
შესაბამისდ, ფასზეც აისახება.
„წელს ატმისა და ვაშლატამის მოსავალს არ ვუჩივი, კარგი და ხარისხიანი
ნაყოფი ასხია, თუმცა, რეალიზაციასთან დაკავშირებით რა იქნება, ჯერ არ
ვიცი. გასულ წელსაც კარგი მოსავალი გვქონდა და ფასიც არ იყო ცუდი.
მოგეხსენებათ, გასაღების ერთ-ერთი მსხვილი ბაზარი რუსეთი იყო. წელს,
ამ პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რა იქნება, ძნელი სათქმელია.
იმედია, საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნების სამინისტრომ
გასაღების ალტერნატიულ ბაზრებზე უკვე იფიქრა. წელს საკმაოდ
გაძვირებულია შხამ-ქიმიკატები, საწვავი, შესაბამისად - საწამლი
ტრაქტორის მომსახურება და მუშახელიც, რაც ჩვენს ხარჯებს კიდევ უფრო
ზრდის. იმედი გვაქვს, მოსავალს ისეთ ფასში გავყიდით, რომ ჩვენი შრომა
დაფასდება,“ - ამბობს გურჯაანში მცხოვრები ლევან ბარბაქაძე.
შეექმნება თუ არა მართლაც ატმის ექსპორტსა და რეალიზაციას პრობლემა,
ამ კითხვით speqtri.ge-მ სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს
მიმართა. გურჯაანის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის უფრსის,
ალექსანდრე თათრიშვილის განცხადებით, ხილის ექსპორტზე გასატანად
სამაცივრე მეურნეობებმა და ექსპორტიორებმა მზაობა უკვე გამოთქვეს.
„წინა წლების მაგალითზე, უკრაინის პროცენტული წილი ძალიან მცირე იყო
საექსპორტო ნაწილში. დღესდღეობით, ამ კუთხით, პრობლემას არ
წარმოადგენს ის, რომ უკრაინაში ამ წუთას ომი მინდინარეობს, ეს ხელს არ
შეუშლის ექპსპორტის განხორციელებას. რამდენადაც გვქონდა კომუნიკაცია
სამაცივრეებთან და ექსპორტიორებთან, აცხადებენ, რომ საკმაოდ დიდი
მოთხოვნები უფიქსირდებათ არსებულ საექსპორტო ბაზრებზე. საფრთხე იმის,
რომ ექსპორტს რამე პრობლემა შეექმნება, არ არსებობს ნამდვილად.
ფერმერებს მცდარი ინფორმაცია აქვთ. ატამი წინა წლებში ძირითადად დსთ-ს
ქვეყნებში გადიოდა. წელს რუსეთიდანაც ისევ არის მოთხოვნა,“-
განაცხადა მან.
ალექსანდრე თათრიშვილის თქმით, ატმის ფასს ბაზარი დაარეგულირებს.
-„ფასს არეგულირებს ბაზარი და მოთხოვნა - მიწოდების ბალანსი. რა
ეღირება, თუ არ დაიწყო უშუალოდ კრეფის პროცესი, თუ არ გამოჩნდა როგორი
იქნება მოთხოვნა, ამას ვერ გეტყვით. ვიცით ის, რომ კარგი მოთხოვნაა და
ამ მოთხოვნას დააკმაყოფილებენ ექსპორტიორები. ალბათ ფასიც
ფერმერებისთვის სასარგებლო იქნება. იმედი მაქვს, რომ გასული წლის ფასი
იქნება შენარჩუებული,“-.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში წელს სამაცივრე მეურნეობების რიცხვი 46-მდე
გაიზარდა. ისინი მზად არიან მიიღონ, გააციონ და ხილი ექსპორტზე
გაგზავნონ.
ცნობისთვის, გასულ წელს ვაშლატამას მაქიმალური ფასი 4 ლარი და 50
თეთრი იყო, ატმის - 2 ლარი და 50 თეთრი.
მასალის გამოყენების პირობები