საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია ISF-ის წევრია
საქართველოს თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაცია
(GEOSSA) საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის (ISF) ახალი
წევრია. ასოციაცია დაარსდა ევროკავშირის და გაეროს სურსათისა და
სოფლის მეურნეობისა ორგანიზაციის (FAO) დახმარებით, პროექტის -
,,ევროკავშირის ინოვაციური პროექტი კერძო სექტორის
კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში’’ - ფარგლებში.
თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაციის მთავარი
მიზანია მაღალი ხარისხის თესლისა და სანერგე მასალის წარმოების გაზრდა
და ხარისხის შესაბამისობის უზრუნველყოფა საერთაშორისო
სტანდარტებთან.
FAO საქართველოს ინფორმაციით, GEOSSA-ს შესაძლებლობა ექნება, სამუშაო
ურთიერთობები დაამყაროს უცხოელ პარტნიორებთან, გაცვალოს მათთან ცოდნა
და გამოცდილება და დაუკავშირდეს პოტენციურ კლიენტებსა თუ
მომწოდებლებს.
,,საერთაშორისო თესლის მწარმოებელთა ფედერაციის წევრობით, GEOSSA-ს
წევრ თესლის მწარმოებლებსა და სანერგე მეურნეობებს შანსი მიეცემათ,
მიაღწიონ ახალ წარმატებებს თავიანთ სფეროში, ისწავლონ ამ დარგში
მოღვაწე საუკეთესო მწარმოებლებისაგან და გზა გაუხსნან საქართველოში
წარმოებული სათესლე მასალითა და ნერგებით ვაჭრობას საერთაშორისო
დონეზე’’, - განაცხადა ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ალექსანდრე
საკანდელიძემ.
როგორც FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა საქართველოში,
ხავიერ სანს ალვარესი ამბობს, თესლის მწარმოებელთა საერთაშორისო
ფედერაციის წევრობა ქართველ მწარმოებლებს ახალ შესაძლებლობებს
უხსნის.
„ეს არის გზა უკეთესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისაკენ
საქართველოში. ეს უზრუნველყოფს მომავალში ქართული პროდუქციის ექსპორტს
საერთაშორისო სტანდარტებით. FAO და ევროკავშირი კვლავაც განაგრძობენ
თესლის მწარმოებელთა და სანერგე მეურნეობების ასოციაციის და მთელი
სექტორის მხარდაჭერას, რათა მათი ძალისხმევა გაცილებით შედეგიანი და
ეფექტური იყოს.’’
მასალის გამოყენების პირობები