აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის ზარალის ანაზღაურება დაიწყო
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ბენეფიციარებისთვის,
სეტყვის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურება დაიწყო.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების
საოპერაციო დეპარტამენტის ინფორმაციით, სადაზღვევო კომპანიები სტიქიის
შედეგად მიყენებული ზარალის დათვლას უმოკლეს ვადაში დაასრულებენ.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს პროექტების
საოპერაციო დეპარტამენტის უფროსი, ნატალია ხარატიშვილი, კახეთის
მხარის რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და სადაზღვევო კომპანიის
„ალდაგი“ წარმომადგენლებთან ერთად, კახეთის რეგიონში სეტყვის
შედეგად დაზარალებულ ფერმერებს შეხვდა და დაზიანებული სავარგულები
დაათვალიერა.
„სახელმწიფო აგროდაზღვევის პირობებს მუდმივად აუმჯობესებს, სოფლის
მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, აგროდაზღვევა
მრავალწლოვანი კულტურებისთვის სამწლიანი გახდა. სახელმწიფო, ყველა
კულტურაზე სადაზღვევო პოლისის 70%-ის, ხოლო ვაზზე - 50%-ის
დაფინანსებას ახდენს, მოვუწოდებთ ფერმერებს, დაიჭირონ თადარიგი და
დააზღვიონ საკუთარი მოსავალი“, - განაცხადა ნატალია ხარატიშვილმა.
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია მიიღოს
ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა, რომელსაც საკუთრებაში, სარგებლობაში
ან ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნია არაუმეტეს 5 ჰა (ხორბლის მოსავლის
დაზღვევის შემთხვევაში, არაუმეტეს, 30 ჰა) ფართობის ჩათვლით
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი.
2020 წლის ივლისის თვის მონაცემებით, სახელმწიფო აგროდაზღვევის
პროგრამის ფარგლებში გაცემული პოლისების რაოდენობა 15,422-ს შეადგენს,
დაზღვეულია 15,000 ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი, რაც, გასული წლის
ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 24%-ით მეტია. დაზღვეული მოსავლის
ღირებულება 140 მლნ ლარს აღემატება.
მასალის გამოყენების პირობები