იმ შემთხვევაში, თუ აგრარული ბაზრები გაითვალისწინებენ სურსათის
ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
შემუშავებულ რეკომენდაციებს, მაშინ ისინი ფუნქციონირებას შეძლებენ,
ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან
დავითაშვილმა განაცხადა.
„
სტანდარტით გათვალისწინებულია მთელი რიგი
მოთხოვნები, რომლებიც მკაცრად უნდა დაიცვან ბიზნესოპერატორებმა -
ბაზრების ადმინისტრაციამ და რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია
დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად. მოთხოვნები უკავშირდება
მოვაჭრე პერსონალის სპეციალური დამცავი საშუალებებით უზრუნველყოფას,
ჰიგიენური პირობების და სანიტარული პირობების მკაცრად დაცვას,
სადეზინფექციო სამუშაოების ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარებას. მოთხოვნები
ასევე უკავშირდება მიკვლევადობას - თითოეული მოვაჭრე პერსონალის
შესახებ ინფორმაციის არსებობას, მათ იდენტიფიკაციას და რეგისტრაციას
იმისთვის, რომ მიკვლევადი იყოს თითოეული მოვაჭრე პერსონალის
საქმიანობა, მათი კონტაქტები, მათ შორის, მნიშვნელოვანია, რომ
განისაზღვროს სად მოძრაობდნენ, როგორი იყო მათი მოგზაურობის
სტატისტიკა და ისტორია. ძალიან მნიშვნელოვანია, ვისთან იმყოფებოდნენ
კონტაქტში ბოლო 14 დღის განმავლობაში. მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული
დაავადების მქონე პერსონალი არ დაიშვება აგრარულ ბაზრებში. 70 წელს
გადაცილებული მოვაჭრეებისთვის ასევე არსებობს შეზღუდვები. ეს
ყველაფერი გამომდინარეობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკებიდან.
დღეს ქვეყანაში უმთავრესი ამოცანა მოსახლეობის ჯანმრთელობის
უზრუნველყოფაა.“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა
მისივე თქმით, თოთოეული აგრარული ბაზარი იმუშავებს მხოლოდ კონკრეტულ
მუნიციპალიტეტში არსებული შტაბების მიერ მიღებული გადაწყვეტილებით.
ასევე, აღსანიშნავია, რომ მოვაჭრე პერსონალის ვალდებულებებთან,
ჰიგიენასთან და სანიტარულ პირობებთან ერთად, დადგენილია მომხმარებლის
ვალდებულებებიც. მინისტრის განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის
შესახებ მთავრობის
181-ე დადგენილებით განსაზღვრული სანქციები
ვრცელდება ამ პირობების დარღვევის შემთხვევაშიც, თითოეულ დამრღვევ
სუბიექტზე, ეს იქნება ბიზნესოპერატორი, მოვაჭრე თუ მომხმარებელი.
შეგახსენებთ, რომ გურჯაანის
აგრარულმა ბაზარმა ვაჭრობა 6 აპრილიდან
შეაჩერა. როგორც კახეთის გუბერნატორმ განმარტა,
ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდინარე მიიღეს, რომ ეს
არის თავშეყრის ადგილი და
დაავადების გავრცელების მაღალ რისკს
წარმოადგენს.
მასალის გამოყენების პირობები