რძის ფხვნილის (აღდგენილი რძე) გამოყენებით ყველის წარმოებამ მასიური
ხასიათი მიიღო, რაც არაკონკურენტულ პირობებში აყენებს ამ სფეროში
დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს.
აღდგენილი რძისგან წარმოებული ყველი იყიდება როგორც სუპერმარკეტებში,
ასევე ბაზარში. მაღაზიებისგან განსხვავებით, ბაზარში ყველს ეტიკეტი არ
აქვს. შესაბამისად, მომხმარებელს მხოლოდ ფასის მიხედვით შეუძლია
გაარჩიოს ნატურალურ ყველს ყიდულობს, თუ ფხვნილისგან წარმოებულს.
მაია თელავის ბაზრის მიმდებარედ ყველს რამდენიმე წელია ყიდის. მასთან
ერთი შეხედვით ერთი და იგივე სახის ყველის ფასი ერთმანეთისგან
საგრძნობლად განსხვავდება. მაია ამბობს, რომ ერთი ნატურალური
რძისგანაა, მეორე კი „გაკეთებულია“ და ამიტომ იაფია,“-ამბობს ის.
(ყველით მოვაჭრეები „გაკეთებულს“ რძის ფხვნილისგან დამზადებულ ყველს
ეძახიან.)
-„ხალხს ფული არ აქვს, როცა მყიდველი მოდის დაბალ ფასიან ყველს
ყიდულობს და იმას არ აინტერესებს, ნამდვილი რძისაა თუ არა. ზოგს
ხაჭაპურისთვის უნდა და, აბა ყველში 20 ლარს რანაირად გადაიხდის?!,“ -
ამბობს მაია.
რძის ფხვნილზე დამზადებული ყველი სერიოზულ კონკურენციას უწევს
ნატურალურ ქართულ ყველს დაბალი ღირებულებით, თუმცა ხშირ შემთხვევაში
მან შეიძლება ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
„ყველის აღდგენის დროს იყენებენ ისეთ დანამატებს, როგორიცაა
მცენარეული ცხიმები, მათ შორის პალმის, რომელიც ძნელად შეიწოვება
ორგანიზმში და ჯანმრთელობისთვის საზიანოა“ - განმარტავს ფერმერ ქალთა
ასოციაციის თავმჯდომარე ირინა ფხოველიშვილი და დასძენს, „რძის
ფხვნილისგან დამზადებული ყველი ბაზარში „ქართული ყველის“ სახელით
იყიდება, რაც ასევე არ შეიძლება“.
რძის ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, სახელწოდება „ყველი“ შეიძლება
გამოყენებული იყოს მხოლოდ იმ ნაწარმზე, რომელიც მზადდება რძისგან.
შესაბამისად, დაუშვებელია რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის
ეტიკეტზე ტერმინი „ყველი-ს გამოყენება.
პრობლემაზე საუბრობს მეყველეთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე.
„ყველა პროდუქტს ყველს ვერ უწოდებ. არაერთი ყველისმაგვარი პროდუქტი
იყიდება, შეხედავ, თითქოს ყველია, მაგრამ არ არის ნატურალური რძით
დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ ფერიც და გემოც ყველის აქვს, ის
აღდგენილ რძეზეა დამზადებული. თუ მეყველე კეთილსინდისიერია, ნაღების
ცხიმს დაუმატებს, მაგრამ ხშირად უმატებენ ისეთ ცხიმებსაც, რომლებიც
რძესთან რეაქციაში შედის და ტრანსცხიმებად გარდაიქმნება, ეს კი მავნეა
ჯანმრთელობისთვის,“
ბაზარზე საკვები პროდუქტის ხარისხს სურსათის ეროვნული
სააგენტო სისტემატურად აკონტროლებს. სააგენტოში გვეუბნებიან, რომ
რძის ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, ბიზნესოპერატორებს ინტენსიურად
ამოწმებენ. „არაკეთილსინდისიერ“ მწარმოებლებს კი
აჯარიმებენ. ჯარიმა სხვადასხვა დარღვევისთვის, სხვადასხვაგვარია.
მასალის გამოყენების პირობები