საქართველოს ბრიტანელი ღვინის პროფესიონალების 11-კაციანი ჯგუფი
ეწვია, რომლის შემადგენლობაში სომელიეები, ღვინის იმპორტიორები და
მედიის წარმომადგენლები არიან.
ღვინის ექსპერტების ვიზიტი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი
კომპანიის Swirl Wine Group-ის ორგანიზებით განხორციელდა.
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად
და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად, ადგილობრივ ბაზარზე
სხვადასხვა მარკეტინგული კომპანია მოიძია, რომელთაგან ღვინის
მაგისტრის სარა ებოტის და ცნობილი ღვინის მწერლის, რობერტ ჯოზეფის
ერთობლივი კომპანია „Swirl Wine Group“ შეირჩა. კომპანია ხელს უწყობს
ქართული ღვინის ლოიალურობის ამაღლებას, პოპულარიზაციას და ქართული
ღვინის ექსპორტის ზრდას სხვადასხვა ღონისძიებების საფუძველზე.
რაც შეეხება ზემოთ აღნიშნულ ვიზიტს, ღვინის ტურის ფარგლებში სტუმრები
ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვივნენ და
ადგილზე დააგემოვნეს სხვადასხვა სტილის ქართული ღვინოები. ამასთან
ერთად, თბილისში ჩატარდა დეგუსტაცია, სადაც ღვინის მწარმოებელ 27
კომპანიას შესაძლებლობა მიეცა საკუთარი პროდუქცია ღვინის
პროფესიონალებისთვის წარედგინა.
ღვინის ეროვნული სააგეტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა ბრიტანელ
პროფესიონალებს კახეთში, ერთ-ერთ ღვინის კომპანიაში შეხვდა. მისი
თქმით, დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი სტრატეგიულ ბაზარს
წარმოადგენს და მსგავსი აქტივობები ქართული ღვინის ბაზრების
დივერსიფიკაციისკენაა მიმართული.
„დიდი ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და
ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. წელიწადის ამ საუკეთესო დროს, რთველის
პერიოდში, მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი ქართული ღვინის
პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა. ვიზიტის
ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ გაცნობოდნენ ქართული ღვინის
კულტურას და უნიკალურ ქართულ ღვინოებს, რომელზეც მოთხოვნა სხვა
საერთაშორისო ბაზრებთან ერთად, დიდ ბრიტანეთშიც მზარდია“ - აღნიშნა
ლევან მეხუზლამ.
ბრიტანელი პროფესიონალების შეფასებით, საქართველო გამოირჩევა ღვინის
კულტურის მდიდარი ისტორიით, ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით, ღვინის
დაყენების ტრადიციებითა და უნიკალური ღვინოებით.
„ორწელიწადნახევრის წინ ვიყავი საქართველოში და აღფრთოვანებული დავრჩი
არაჩვეულებრივი ჯიშების მრავალფეროვნებით, ამიტომ მინდოდა კიდევ უფრო
მეტი გამეგო ქართული ღვინის შესახებ. ჩემი აზრით, საქართველო ბევრად
უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე სხვა ქვეყნები, რაც ჩემთვის ყველაზე
მეტად აღმაფრთოვანებელია. შემონახული ისტორია და ტრადიციები, ქვევრის
დამზადების პროცესი, ეს ყველაფერი ჩემთვის წარმოუდგენლად საინტერესოა.
მომწონს ადამიანებთან შეხვედრა, ღვინისა და საკვების შეხამება, ჭაჭაზე
დადუღებული ღვინის ნაირსახეობა, რომელსაც არაჩვეულებრივი არომატები
აქვს. კახეთის რეგიონზე მეტის გაგების სურვილი მაქვს, კერძოდ კი,
მინდა გავეცნო ქარვისფერ ღვინოებს, ჭაჭაზე დადუღებულ ღვინოებს,
როგორებიცაა ქისი, ხიხვი, რადგან ბრიტანეთში ბევრჯერ გამისინჯავს
რქაწითელი, მაგრამ ადგილწარმოშობის სახეობები იშვიათად გვხვდება.
საინტერესო იყო იმ ადამიანების გაცნობაც, ვინც უშუალოდ ჩართულია ამ
ჯიშების მომზადების პროცესში” - აღნიშნა სომელიე ემილი ჰერმანმა
(Emily Harman).
ბრიტანელი სტუმრების ვიზიტი კახეთში რთველის მიმდინარეობას დაემთხვა.
რამდენიმე ღვინის საწარმოში მათ ყურძნის გადამუშავების პროცესის
გაცნობის შესაძლებლობაც მიეცათ. წელს კახეთში 200-250 ათას ტონამდე
ყურძნის მოსავალს ელოდებიან. რთველის პროცესი შეფერხებების გარეშე
მიდის. 27 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 165 ათასამდე ტინა
ყურძენია გადამუშავებული.
მასალის გამოყენების პირობები