აქციის მონაწილეებმა და თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შეთანხმებას მიაღწიეს
კახეთის გუბერნატორი, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და ღვინის
ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი აქციის მონაწილეებს გურჯაანის
მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში შეხვდნენ.
მევენახეები ყურძნის ფასის გაზრდას და ქარხნების გახსნას ითხოვდნენ.
ერთ-ერთი მონაწილის ზაურ ოქრუაშვილის თქმით, ყურძნის მოყვანა ძვირი
ჯდება და დახარჯულ თანხას კი ვერ ინაზღაურებენ.
„ფასი ძალიან დაბალია. მუშა 25 ლარი რომ ღირდა ეხლა 35-ია, სხვაც
ბევრი ხარჯი გვაქვს და ამასაც კი ვერ ვიღებთ. ტყუილად ვწვალობთ, რომ
ვითვლი, არაფერი რჩება. ყველაფერი გაძვირდა, მხოლოდ ყურძენს არ
მოემატა ფასი. გვეუბნებიან მეღვინესთან მიდიო, ის არც კი გამოდის
გარეთ, რომ დაგველაპარაკოს. რაც იქნება იქნება, თავს ზევით ძალა არ
არის.“
სოლომონ პავლიაშვილის განმარტებით, სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს
იმისთვის, რომ ყურძენი ჩაუბარებელი არ დარჩეს.
„მიუხედავად იმისა, დაზიანებულია თუ არა ყურძენი, ყველაფერს
გავაკეთებთ, რომ მევენახეს ჩაბარება გაუადვილდეს. შტაბი მუშაობს 24
საათიან რეჟიმში და ჩაბარებაზე არ იქნება რიგები. რაც შეეხება ფასს,
უკვე გვქონდა შემთხვევეი, როდესაც რქაწითელი 85 თეთრად ჩაიბარეს.
ჩვენ დღეს შევთანხმდით იმაზე, რომ ყველანაირად ხელს შევუწყობთ
მევენახეებს, რათა არ ჰქონდეთ ჩაბარების პრობლემა და არ იყოს რიგები.
ეს იყო კონსტრუქციული შეხვედრა და მათ ყველაფერი დეტალურად გაიგეს .
“
ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ლევან მეხუზლას თქმით,
სახელმწიფო ფასის რეგულაციაში არ ერევა.
„გუშინ დედოფლისწყაროს და სიღნაღის ყურძენი საფერავი 1,65 ლარად
ჩაიბარეს, დღეს ბაკურციხეში 1,70 ლარა იკრიფება საფერავი. იმედია,
გლეხობა გაგებით მოეკიდება და მიიღებს იმ ფასებს, რაც ბაზარზე
ფიქსირდება.“
მისივე თქმით, ამჟამად 200-ზე მეტი კომაპანიაა დარეგისტრირებული.
დღეის მდგომარეობით, 20 ატას ტონაზე მეტი ყურძენია დაკრეფილი. აქედან:
9 ათასამდე რქაწითელი,10 ათასამდე საფერავი და დანარჩენი შერეული
ჯიშები.
მასალის გამოყენების პირობები