უცხოელებს, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო მიწას ფლობენ სანქციები დაეკისრებათ
აგრარულმა კომიტეტმა პარლამენტში სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების
შესახებ კანონპროექტის ინიცირება მოახდინა. ავტორი პარლამენტის წევრი
ოთარ დანელიაა.
კანონპროექტის მიხედვით, უცხოელებს მიწის დაუმუშავებლობის
შემთხვევაში, ჯერ ჯარიმის გადახდა, შემდეგ კი - მიწის გაყიდვა
მოუწევთ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა შეიძლება იყოს:
სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკის, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში;
საქართველოს მოქალაქის საკუთრებაში და ა.შ. კანონი ასევე ადგენს
შემთხვევებს, როდის შეიძლება მიწა იყოს უცხოელის საკუთრებაში, ასეთი
შემთხვევებია: თუ უცხოელმა მიწა მიიღო მემკვიდრეობით; თუ მიწა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით გადაეცა უცხოელს ან უცხოურ
საწარმოს, თუმცა, კონკრეტული საინვესტიციო გეგმის საფუძველზე.
უცხოელი ვალდებულია, სასოფლო-სამეურნეო მიწა დანიშნულებისამებრ
გამოიყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, 3 წლის ვადაში უნდა გაასხვისოს.
აღნიშნული ვალდებულება არ ვრცელდება საკარმიდამოს კატეგორიის სასოფლო
მიწებზე. თუ პირმა მიწის ნაკვეთი არ გაასხვისა, ნაკვეთი გადადის
სახელმწიფოს საკუთრებაში. ახალი ვალდებულებები ეხება კანონის
ამოქმედებისთვის უცხოელის ან უცხოური საწარმოს მფლობელობაში არსებულ
მიწებსაც.
ამ შემთხვევაშიც მიწის მფლობელები ვალდებულები არიან, დაამუშავონ მიწა
და თუ ამას 3 წლის განმავლობაში არ გააკეთებენ, დაჯარიმდებიან ან
უკიდურეს შემთხვევაში მიწის გასხვისება მოუწევთ. იურიდიული პირები კი,
რომლებიც კანონის ამოქმედების დროისთვის ფლობენ მიწებს, ვალდებულნი
არიან 2 წლის ვადაში წარადგინონ საინვესტიციო გეგმა და შეასრულონ
ის.
კანონი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობას უკრძალავს ფინანსურ
ინსტიტუტებსაც, რომელთა მფლობელები უცხოელები არიან. ისინი ვალდებულნი
არიან, 2 წლის ვადაში გაასხვისონ ასეთი მიწა, წინააღმდეგ შემთხვევაში,
80 ათას ლარამდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.
მასალის გამოყენების პირობები