ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის იანვარ-თებერვალში
საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა
ექსპორტირებული.
უწყების ინფორმაციით, მონაცემები 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13%-ით
აღემატება. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს
აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 21%-ით მეტია. ქართული
ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა
და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. აღსანიშნავია პოლონეთის ბაზარი,
რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე
გადაინაცვლა.
ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი -
42% (628022), ჩინეთი - 7% (600783), და აშშ - 1032% (128145); ასევე
ევროპის მიმართულებით: ლიტვა - 75% (104616), საფრანგეთი - 24%
(17406), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 6% (4500), ტრადიციულ
ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 17% (8688854), ბელარუსი -
1389% (80394), აზერბაიჯანი - 8% (8814), მონღოლეთი - 189% (66012) და
სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8688854), უკრაინა
(976482), პოლონეთი (628022), ჩინეთი (600783) და ყაზახეთი (346152).
წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა
კომპანიამ განახორციელა.
ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5
ლ) ბრენდი, რაც 89%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
მსოფლიოს 10 ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ)
ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188% შეადგინა. მთლიანობაში - ღვინის, ბრენდის,
ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად
მიღებული შემოსავლები 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის
იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ს აღწევს.
მასალის გამოყენების პირობები