„სავარაუდოდ, რქაწითელი 70 თეთრი, ხოლო საფერავი ლარნახევარი ეღირება“ - ანდრო ასლანიშვილი
დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში რთველის საკოორდინაციო
შტაბისა და მერის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
როგორც ჩვენთან საუბარში შტაბის ხელმძღვანელმა ანდრო ასლანიშვილმა
განაცხადა, შეხვედრის მიზანი კოორდინაციის საკითხებზე მსჯელობა
იყო.
„20 აგვისტოდან შტაბმა დაიწყო მუდმივ რეჟიმში ფუნქციონირება. უნდა
აღინიშნოს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტში დაზიანებული ყურძენი
ოპერატიულად დაბინავდა. ჩვენ მიერ ხდება ადგილზე მონიტორინგი და
ჩაბარების პროცესში პრობლემები არ არსებობს. პარალელურად, რადგან უკვე
მოახლოვდა რთველი, უფრო მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად,
გადავწყვიტეთ, ინდივიდუალური შეხვედრები გავმართოთ თითოეულ
მუნიციპალიტეტთან. ჩვენი მიზანია, მოსამზადებელ პერიოდთან
დაკავშირებით გვქონდეს ინფორმაციის ურთიერთგაცვლა რა პრობლემები და
მოლოდინებია და რა კუთხით შეიძლება დავეხმაროთ ერთმანეთს.“
ანდრო ასლანიშვილის განმარტებით, მერის წარმომადგენლებთან
კომუნიკაციით ხდება სხვადასხვა ტექნიკური პარამეტრების მოძიება.
„ეს საჭიროა იმისთვის, რათა დავადგინოთ ყურძნის კონდიცია სხვადასხვა
მუნიციპალიტეტის მიხედვით. მოლოდინია ასეთი, რომ მომავალ კვირაში
დაიწყება რთველი დედოფლისწყაროს ორ სოფელში: ფიროსმანსა და
სამთაწყაროში. ვფიქრობ, გასული წლების მსგავსად, გურჯაანში პირველი
სექტემბრიდან უკვე იქნება პირველი მოსავალი. კახეთის მასშტაბით,
წინასწარი მონაცემებით, საუბარია დაახლოებით 220 ათას ტონა ყურძენზე.
ინდუსტრიულად აქედან ვფიქრობთ გადამუშავდება 150 ათასი ტონა. “
საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამჟამად უკვე
დარეგისტრირებულია 25 კომპანია და რთველის მოახლოებასთან დაკავშირებით
მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება.
„ყველა ის სუბიექტი, რომელსაც ყურძნის მიღება სურს, უნდა
დარეგისტრირდეს ღვინის ეროვნულ სააგენტოში. გასულ წელს დაახლოებით 200
კომპანია მონაწილეობდა და ვფიქრობთ, წელსაც იგივე რაოდენობასთან
გვექნება საქმე. ვვარაუდობთ, რომ რქაწითელი 70 თეთრი, ხოლო საფერავი
ლარნახევარი ეღირება. ეს არის ვარაუდი ამ ეტაპზე . ჩვენი სააგენტოს
კომპეტენცია მთავრდება იქ, სადაც ხვდებიან ერთმანეთს მყიდველი და
გამყიდველი. უშუალოდ მოლაპარაკების პროცესში ჩვენი ჩართულობა არც არის
მიზანშეწონილი. ეს მათი კერძო კომერციული ინტერესია.“
მისივე თქმით, ფასები შეიძლება კონკრეტულ შემთხვევებში ყურძნის
ხარისხიდან გამომდინარე დაფიქსირდეს მაღალი ან დაბალი.
მასალის გამოყენების პირობები