"მიწების გაყიდვა უსისხლო ანექსიაა“- ირინა ფხოველიშვილი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უცხოელებზე მიწის
გასხვისების მკვეთრად აკრძალვას არ ეთანხმება. აღნიშნულ საკითხზე მან
გუშინ ფერმერებთან შეხვედრისას ისაუბრა.
-„იყიდება საქართველო“- ამ პათეტიკით ჩაიწერა კონსტიტუციაში, რომ მიწა
არ უნდა გაიყიდოს. ამ უშინაარსო და პრანჭია ფრაზის ჩაწერით ჩვენ
სოფლის მეურნეობას სირთულე შევუქმენით. ახლა უნდა ვიფიქროთ ამ
მიღებული კონსტიტუციის პირობებში, რანაირად შევამციროთ ის ზიანი,
რომელიც ჩვენ მივაყენეთ ამა თუ იმ სექტორს. ხელოვნურად მიწის ფასი
დავაგდეთ, რადგან უცხოელებს ავუკრძალეთ მიწის ყიდვა. აი ეს უნდა იქნას
კომპენსირებული რაღაც ფორმით.“- აღნიშნა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის ამ განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ფერმერთა და
სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინა
ფოხველშვილი.
„მან ძალიან არადამაჯერებლად განაცხადა, რომ თუ არ გაიყიდება მიწები,
ეკონომიკა ჩამოიშლება. ეს არგუმენტი ჩემთვის მიუღებელია, რადგანაც
ვთვლი, რომ ქვეყნის ტერიტორიების გაყიდვა, არის უსისხლო ანექსია. თუ
ჩვენ ევროკავშირისკენ ვისწრაფვით, გადახედონ როგორ იცავენ ისინი
თავიანთ ტერიტორიებს და რამდენად ძლიერი შეზღუდვებია იქ.
გიორგი მარგველაშვილის ამ განცხადებით გაბრაზებულმა და გულნატკენმა
საკმაოდ მწარე სტატუსი სოციალურ ქსელშიც გამოვაქვეყნე. სწორედ
პრეზიდენტის ინტერესებში უნდა შედიოდეს ქვეყნის ტერიტორიების დაცვა.
ქვეყანას რომელსაც, დაუცველი საზღვარი აქვს, არ უნდა იყოს მომართული
მიწების გაყიდვაზე. ვერცერთმა სამინისტრომ ვერ წარმოადგინა ანგარიში,
თუ რამდენი ეკონომიკური სარგებელი მიიღო ქვეყანამ მიწების
გასხვისებით. ის ვინც „უსისხლო ანექსიას“ უწყობს ხელს, ჩემთვის
მიუღებელია, თუნდაც პრეზიდენტი.“- აღნიშნა მან
speqtri.ge-სთან.
ირინა ფხოველიშვილის თქმითვე, ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომლის
მიხედვითაც, მიწაზე საკუთრების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეს
აქვს, მნიშვნელოვნად მაინც არაფერს ცვლის.
„წნორში და ვაქირში, რამდენიმე გლეხი ხნავდა მიწას. იცოდნენ, რომ ეს
ადგილი იჯარით მათ სარგებლობაში იყო, მაგრამ დღეს, როდესაც მივიდნენ,
იქ უკვე დახვდათ წარწერა, რომ მიწა ვიღაც უცხოურ კომპანიას ეკუთვნის.
ოფიციალურად არ არსებობს ინფორმაცია, რამდენი ჰექტარია გასხვისებული.
რამდენჯერმე მივმართეთ პრეზიდენტს, შევხვედრილიყავით და გვესაუბრა ამ
საკითხებზე.
გუშინ მხოლოდ ფერმერთა ასოციციაციის მიერ შერჩეულ ადამიანებს შეხვდა.
სამწუხაროდ, მან ჩვენთვის ვერ მოიცალა. როგორც ვხედავთ, კონსტიტუციაში
ჩანაწერი არ ნიშნავს საქმის დამთავრებას. მთავრობაში არიან
ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ცდილობენ, რომ ქართული მიწები
გაიყიდოს. ჩვენ ვიბრძლებთ იმისთვის, რომ ასე არ მოხდეს. თუ საჭირო
გახდება, დავიწყებთ იმ ადამიანების მხილებას, ვინც ადგილობრივი
მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების გაუმჯობესების ნაცვლად ხელს უწყობს
მიწების გასხვისებას.
უნდა გაძლიერდეს სოფელი, მიხედონ გადამამუშავებელ საწარმოებს,
მრეწველობას, გლეხს არ უნდა ჰქონდეს იმაზე ფიქრის დრო, სად მოახდინოს
პროდუქტის რეალიზაცია. ამ პრობლემის მოგვარებაზე უნდა იმუშაოს მთელმა
სამთავრობო გუნდმა და არა იმაზე, რა ცვლილება შეიტანონ ორგანულ
კანონში ისეთი, რომ მიწა ვიღაცას მიჰყიდონ“- ამბობს ირინა
ფხოველიშვილი.
უნდა გასხვისდეს თუ არა ქართული მიწა უცხოელებზე- speqtri.ge-მ ამ
კითხვით გურჯაანში მოქალაქეები შემთხვევითი შეჩევის პრინციპით
გამოკითხა. იხილეთ გამოკითხვის შედეგები:
ხათუნა ბაბუხაძე- ვფიქრობ, არ უნდა გასხვისდეს.
უმჯობესი იქნება ქართველის მფლობელობაში იყოს. მაგრამ, ბევრი იმიტომ
ჰყიდის მიწას, თვითონ არ შეუძლია დამუშავება.
ელისო დოლენჯაშვილი- ჩემი აზრით არ უნდა
გასხვისდეს.
ელგუჯა პიტიურიშვილი- არ უნდა გაიყიდოს, ჯერ ისედაც
რა ტერიტორია გვაქვს და ახლა ეგეც გავყიდოთ?!
ნანა ზირაქაშვილი- ამას კითხვა უნდა? არ უნდა
გასხვისდეს.
მარიამ ხანდამაშვილი- ჩვენი ქვეყნის მიწები სხვის
ხელში არ უნდა ჩავარდეს. ვეწინააღმდეგები უცხოელებზე გაყიდვას.
ლერი მანიჟაშვილი- არ უნდა გასხვისდეს, ყველაფერს თუ
გავყიდით ჩვენს მომავალ თაობას რაღა დარჩება?! მაგრამ ზოგს ისე
უჭირს,ამას ყურადღებას აღარ აქცევს და ჰყიდის.
მასალის გამოყენების პირობები