პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში
„GALICJAVITIS 2017“, ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანია
„მეღვინეობა შილდა“-ს ღვინოებმა - „ქისი 2015“ (თეთრი მშრალი) და
„მუკუზანი 2015“ (წითელი მშრალი) ოქროს მედლები დაიმსახურა.
აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV)
ეგიდით იმართება. საქართველო წელს პირველად იყო წარმოდგენილი
კონკურსის ჟიურიში, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა
ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მან აღნიშნა, კონკურსი „GALICJA VITIS“
პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად
ითვლება.
„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს
შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში.
მოპოვებული ოქროს მედლები ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის
ცნობადობის გაზრდისთვის პოლონეთში, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია
სტაბილურად დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების
ხუთეულში. აღსანიშნავია, რომ კონკურსს წელს პირველად დაემატა
კატეგორია: ქვევრის ღვინო, რაც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და შემდგომში ექსპორტის ზრდის კუთხით
პოლონეთში“ - განაცხადა თამთა ყველაიძემ.
კონკურსის ჟიურის შემადგენლობაში
წარმოდგენილი იყო 6 ქვეყნის 25 პროფესიონალი, რომლებმაც მსოფლიოს
სხვადასხვა ქვეყნის 434 ღვინო შეაფასეს.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის
განვითარების ფონდი GALICJA VITIS. 2016 წელს ღვინის ეროვნულ
სააგენტოსა Galicja Vitis-ს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი
გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას
პოლონეთის ქალაქ ღვინის აკადემიის სკოლაში შეისწავლიან.
მასალის გამოყენების პირობები