ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური გახდა ნათესების მორწყვის
საკითხი. „სპექტრი“ დაინტერესდა რამდენად მომზადებული ხვდება კახეთის
სამელიორაციო სამსახური სეზონს და ექნებათ თუ არა ფერმერებს მუდმივი
წყალმომარაგება.
როგორც ჩვენთან საუბარში საქართველოს მელიორაციის კომპანიის აქტივების
მართვის დირექტორმა ვაჟა კირტავამ განაცხადა, კახეთის მასშტაბით
სარწყავი სისტემა პირველი მაისიდან ამოქმედდება და სექტემბრის ბოლომდე
მოსახლეობა სრული დატვირთვით მიიღებს წყალს. მისივე განმარტებით,
გარდა ტექნიკური შეფერხებისა, მომხმარებელს მათი მხრიდან არანაირი
პრობლემა არ ექნება.
„კახეთში ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემა მოწესრიგებულია და არანაირი
პრობლემა არ გვაქვს. პირველი მაისიდან წყალს გავუშვებთ და ფერმერებს
მთელი სეზონის განმავლობაში სრულად მოვამარაგებთ. მართალია,
მომსახურება ფასიანია, მაგრამ ეს გადასახადი ძალიან სიმბოლურია. ერთი
ჰექტარის მორწყვა განუსაზღვრელი რაოდენობით, სეზონის განმავლობაში 75
ლარი ღირს. მორწყვის რეალურ ღირებულებაზე რომ ვილაპარაკოთ, ალბათ
ჰექტარზე 250 ლარი მოუწევს. ამ შემთხვევაში, ეს სახელმწიფოს კეთილი
ნებაა და ფერმერებს პრაქტიკულად სუბსიდირებას უკეთებს. ვისაც ერთ
ჰექტარზე ნაკლები მიწის ნაკვეთი აქვს, ხდება გადაანგარიშება. ნახევარი
ჰექტარის შემთხვევაში, 75 ლარის ნახევარს იხდის, 25 მეასედის
შემთხვევაში, თანხის მეოთხედს და ა.შ. რაც შეეხება მიწოდებას, თუ რამე
ტექნიკური პრობლემა იქნება, მალევე აღმოიფხვრება.“
საქართველოს მელიორაციის კომპანიის აქტივების მართვის დირექტორის
თქმით, სეზონის დასაწყისში მომხმარებელმა კომპანიასთან ხელშკრულება
უნდა გააფორმოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათზე საჯარიმო სანქციები
განხორციელდება. მისივე განმარტებით, სხვა წლებთან შედარებით, გასულ
წელს კანონდარღვევის ნაკლები შემთხვევა დაფიქსირდა.
„ ჩვენი სამსახური ხელშეკრულებებს უფორმებს მომხმარებლებს. თუ
პიროვნება ამ პროცედურის გარეშე მორწყავს, ჯარიმა ჰექტარზე 250 ლარია.
“
როგორც ვაჟა კირტავა ამბობს, სამართალდამღვევს სპეციალური ჯგუფი
გამოავლენს, რომელიც მიწის ნაკვეთებში რეგულარულად ივლის.
მასალის გამოყენების პირობები