სურსათის ეროვნული სააგენტო რეგიონებში პესტიციდების რეალიზაციის წესებს ამოწმებს
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კახეთში სარეალიზაციოდ
გამოტანილი პესტიციდების და აგროქიმიკატების რეალიზაციის ადგილები
მოინახულეს.
უფროსის მოადგილე ზურაბ ლიპარტია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, აგრარულ
ბაზარსა და მიმდებარე ტერიტორიაზე პრეპარატების შენახვისა და
რეალიზაციის წესებს გაეცნო.
„გახშირდა ფერმერების მხრიდან უკმაყოფილება მოხმარებული პესტიციდების
და აგროქიმიკატების ხარისხთან დაკავშირებით. სურსათის ეროვნული
სააგენტო აქტიურად ამოწმებს სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებული
სასოფლო- სამეურნეო პრეპარატების ხარისხს, ასევე, რეგისტრაციისა და
რეალიზაციის წესებს. უმნიშვნელოვანესია, თუ რამდენად სწორად ინახება
და იყიდება პრეპარატები. ჩვენ მოვუწოდებთ ფერმერებს, არ შეიძინონ
აგროქიმიკატები და პესტიციდები იქ, სადაც არ არის დაცული პრეპარატების
განთავსებისა და რეალიზაციის პირობები, რადგან არასწორად შენახვის
შემთხვევაში, პრეპარატების მოქმედება არაეფექტიანია. გამოყენებისას
კი, მომხმარებლებმა, სპეციალისტის კონსულტაციის გათვალისწინებით, უნდა
დაიცვან შესაბამისი ვადები და მოხმარების წესები “, - განაცხადა
მან.
უწყების ინფორმაციით, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შეძენა
რეკომენდებულია მხოლოდ სპეციალიზებულ მაღაზიებში. მომხმარებელი
დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ნამდვილად იმ პრეპარატს ყიდულობს,
რომელიც მცენარეთა დაცვის სპეციალისტმა ან აგრონომმა ურჩია.
მნიშვნელოვანია ტარის შემოწმება, რომელშიც მოთავსებულია პესტიციდი.
ჭურჭელი აუცილებლად ჰერმეტულად უნდა იყოს დახურული -სახურავს უნდა
ჰქონდეს ხელუხლებელი დამცავი რგოლი. პესტიციდის ტარაზე განთავსებული
უნდა იყოს ეტიკეტი ქართულ ენაზე, სადაც მითითებულია: პრეპარატის
დასახელება, მოქმედი ნივთიერება და კონცენტრაცია, უსაფრთხო
გამოყენების რეკომენდაციები, პრეპარატის შენახვის პირობები,
ვარგისიანობის განსაზღვრული ვადა, მწარმოებელი ქვეყანა, სახელმწიფო
რეგისტრაციის ნომერი. დაუშვებელია უეტიკეტო, საცობდაზიანებული, საეჭვო
ჭურჭელში მოთავსებული პესტიციდის შეძენა. სააგენტოს მიერ მომზადდა
საკანონმდებლო ცვლილებები, რაც პესტიციდების და აგროქიმიკატების
სარეალიზაციო ობიექტების აღიარებას და დარღვევებზე საჯარიმო
სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები