მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება. მონაწილეობის უფლება იმ
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ, რომლებიც შესაბამის პირობებს
დააკმაყოფილებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობის სამინისტროს
საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის გიორგი
აბესაძის თქმით, შერჩეულ კოოპერატივებს გრანტის სახით 100 ტონა
ყურძნის გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა.
„კოოპერატივში უნდა იყოს მინიმუმ 20 წევრი. მათ არანაკლებ 20 ჰექტარი
მიწის ნაკვეთი უნდა ჰქონდეთ დარეგისტრირებული, სადაც გარდა ტექნიკური
და უწამლი ჯიშებისა, სხვა ყველა სახის ყურძენი შეიძლება იყოს
გაშენებული. ასევე, კოოპერატივს ანგარიშზე არ უნდა ჰქონდეს 50 ათას
ლარზე ნაკლები თანხა, რადგან აღჭურვილობის განსათავსებლად მათ
ნაგებობა თვითონ უნდა ააშენონ. შენობაში უნდა იყოს ყველა პირობა:
წყალი, კანალიზაცია და შესაბამისი სიმძლავრის ელექტროენერგია.
სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ცნობის შესაბამისად, უნდა
აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სურსათის
ჰიგიენის ზოგად წესს.“
გიორგი აბესაძის განმარტებით, განაცხადის შეტანა ყველა იმ
გაერთიანებას შეუძლია, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის
სტატუსი აქვს მინიჭებული.
„მათ არ უნდა ჰქონდეთ არანაირი საგადასახადო დავალიანება. საკუთრებაში
უნდა ჰქონდეთ ღვინის საწარმოსთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა ან
მიწის ნაკვეთი. რამდენიმე წლის შექმნილ კოოპერატივს უფრო მეტი
უპირატესობა ექნება. დარეგისტრირების მსურველები ჩვენთან მოდიან. მათ
ვაძლევთ რეკომენდაციას სად უნდა გააკეთონ განაცხადი. როდესაც
რეგისტრაციას გაივლიან, პროექტების მართვის სააგენტოდან ჩამოვა
კომისია და ადგილზე შეამოწმებენ, რა პოტენციალი აქვთ და აკმაყოფილებენ
თუ არა სტანდარტებს. შერჩევის შემთხვევაში კოოპერატივი ვალდებულია
ყოველწლიურად წარადგინოს დოკუმენტაცია ქარხანაში 100 ტონა ყურძნის
გადამუშავების შესახებ. “
მისივე თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში სულ 4 საწარმო შეირჩევა.
პროგრამა 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. თუ კოოპერატივი ამ ხნის
მანძილზე შეთანხმების პირობას დაარღვევს, რომელიმე წევრი გამოაკლდება,
ან საერთოდ გაუქმდება, მაშინ მათ ხელშეკრულება შეუჩერდება. დანადგარის
ღირებულების თანხას კი ბიუჯეტში შეიტანენ.
დაინტერესებულმა პირებმა რეგისტრაციის სააგენტოს უნდა წარუდგინოს
შემდეგი დოკუმენტაცია:
1. ხარვეზის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. წევრთა რეესტრის ასლი.
3. ამონაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივისა და მეპაიეების საკუთრებაში
არსებული მიწის ნაკვეთის თაობაზე.
4. ცნობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემოსავლების სამსახურის
ელექტრონული პორტალიდან დავალიანების არქონის თაობაზე.
5. ამონაწერი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საჯარო რეესტრის
ეროვნული სააგენტოდან კოოპერატივის საკუთრებაში არსებული ღვინის
საწარმოსათვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობის, ან მიწის ნაკვეთის
არსებობის თაობაზე.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოფლის მეურნეობის სამეცნიერო
კვლევითი ცენტრის მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივისა და მისი მეპაიეს
საკუთრებაში არსებულ ვენახებში ამ პროგრამით დადგენილ ფართობზე
გაშენებული ვენახის ჯიშის თაობაზე.
7. ნოტარიულად დამოწმებული საერთო კრების ოქმი, სოფლის მეურნეობის
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული ცნობა კოოპერატივის
ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.
8. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მიერ გაცემული
ცნობა კოოპერატივის და მისი მეპაიეების საკუთრებაში არსებულ ვენახებში
ვაზის ნარგაობის არსებობის თაობაზე.
პროგრამა 6 მარტს დაიწყო და 21 მარტს დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები