გურჯაანის გამგეობაში მევენახეობისა და მეფუტკრეობის კოოპერატივების
პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს
თავმჯდომარის გიორგი მიშელაძის თქმით, სახელმწიფო პროგრამით დადგენილი
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კოოპერატივს 100 ტონა
ყურძნის პირველადი გადამუშავებისთვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა,
მათ კი საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყონ.
„ჩვენ შევხვდით ადგილობრივ ფერმერებს და გავაცანით სახელმწიფო
პროგრამები. მასში ჩართულ კოოპერატივის წევრებს საშუალება მიეცემათ
ახლა უკვე არამხოლოდ ყურძნის, არამედ ღვინის რეალიზაციიდანაც მიიღონ
სარგებელი. მათ სახელმწიფო აძლევს ასი ტონა ყურძნის გადამამუშავებელ
აღჭურვილობას-გარდა ჩამოსასხმელი ხაზისა. ეს საპილოტე პროექტია და
ბიუჯეტი ერთი მილიონი ლარია.“-აღნიშნა მან.
გიორგი მიშელაძის განცხადებით, მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული
კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, კოოპერატივებს ღირებულების
30%-ად გადაეცემათ საკუთრებაში არსებული სკების იდენტური
რაოდენობა.
„რაც შეეხება მეფუტკრეებს მათ თანადაფინანსების პრინციპით შეუძლიათ
მიიღონ ხის სკები, ასევე 12-ჩარჩოიანი თაფლის საწური დანადგარები,
2200 კილო თაფლის შესანახი ავზები და ფიჭის ასათლელი დანები- თავისი
ავზით. იმისთვის, რომ კოოპერატივი პროგრამაში ჩაერთოს საჭიროა მინიმუმ
11 მეპაიე, რომელთაც 60 სკა ექნებათ. ამ შემთხვევაში მათ მხოლოდ
სკების პროგრამაში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. მაგრამ თუ ექნებათ
400 სკა, მაშინ შესაძლებლობა მიეცემათ მიიღონ ზემო აღნიშნული ყველა
აღჭურვილობა. “
გიორგი მიშელაძის განმარტებით, მეფუტკრეობის კოოპერატივების
მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 3 აპრილამდე, ხოლო
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 23 მარტამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები