მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო.
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს
ინფორმაციით, პროგრამით დადგენილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების
შემთხვევაში, კოოპერატივს 100 ტონა ყურძნის პირველადი
გადამუშავებისათვის საჭირო აღჭურვილობა გადაეცემა, ხოლო კოოპერატივმა
- საწარმოს შენობა-ნაგებობის მოწყობა უნდა უზრუნველყოს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობებით, სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის წევრთა რაოდენობა არანაკლებ 20 მეპაიეს უნდა შეადგენდეს,
სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივს ან/და მის მეპაიეებს საკუთრებაში უნდა
გააჩნდეთ არანაკლებ 20 ჰა. ფართობი ვენახი, სადაც გაშენებული იქნება
ვაზის შემდეგი ჯიშები: რქაწითელი, საფერავი, კახური მწვანე, ხიხვი,
ქისი, გორული მწვანე, ჩინური, ცოლიკაური, ციცქა, კრახუნა,
ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური, უსახელოური,
მუჯურეთული, წულუკიძის თეთრა (რაჭული).
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამა ტექნიკურ დახმარებასაც
მოიცავს, რომლის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს
ჩაუტარდებათ სწავლება როგორც ღვინის საწარმოს ფუნქციონირებასთან
დაკავშირებულ ტექნიკურ და მეთოდოლოგიურ საკითხებზე, ასევე საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სხვა სპეციფიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
კოოპერატივის წევრებს საშუალება ეძლევათ სარგებელი ყურძნის
რეალიზაციის გარდა, უკვე ღვინის რეალიზაციიდან მიიღონ.
მევენახეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის
სახელმწიფო პროგრამა საპილოტეა და მის ფარგლებში არანაკლებ 3 ერთეული
საწარმოსთვის საჭირო აღჭურვილობა გაიცემა. პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ
ლარს შეადგენს. რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში, სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ოფიციალურ
ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge 21 მარტამდე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები